ინდოეთში McDonald's-ის შემდეგ პომიდორი მენიუდან Burger King-მაც ამოიღო

ინდოეთში McDonald's-ის შემდეგ პომიდორი მენიუდან Burger King-მაც ამოიღო

ინდოეთში, პომიდორზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, Burger King-მა მენიუდან პომიდორი ამოიღო. სწრაფი კვების ქსელის განცხადებით, კომპანიამ გადაწყვეტილება “პომიდვრის კულტურების დაბალი ხარისხიდან და მიწოდების არაპროგნოზირებადი პირობებიდან” გამომდინარე მიიღო.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ინდოეთში სურსათის ინფლაციამ 2020 წლის იანვრის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია, მენიუდან საკვები პროდუქტი აშშ-ის სენდვიჩების ქსელმა Subway-მაც ამოიღო. გარდა ამისა, კომპანიამ წლების განმავლობაში, მომხმარებლისთვის სენდვიჩებთან ერთად ყველის უფასო ნაჭრების შეთავაზების პრაქტიკაც გააუქმა.

Burger King-ისა და Subway-ის გარდა, პომიდვრის ფასის ხუთჯერ გაზრდის მიზეზით, გასულ თვეში, ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში საკვებიდან პროდუქტი სრულად ამოიღო McDonald’s-მაც. აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების გიგანტები გადაწყვეტილებას არა პომიდორზე ფასების ზრდას, არამედ მის დაბალ ხარისხს მიაწერენ.

ექსპერტთა განცხადებით, უამინდობის შედეგად, ინდოეთში მოსავალი განადგურდა, რამაც ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ამავდროულად, ბოლო თვეებში ინდოეთში პირველადი საჭიროების საქონელზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. მაგალითად, ივლისში, ერთი კილო პომიდვრის ფასმა 250 რუპიას ($3) მიაღწია.

ქვეყანაში პომიდვრის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც ინდოეთმა, მიმდინარე თვის დასაწყისში, მიწოდების კრიზისის სამართავად, მეზობელი ნეპალიდან საკვები პროდუქტის იმპორტი დაიწყო.