მოგების გადასახადის გაუქმება გადაიდო. მისი ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. გადასახადის გაუქმება გადაიდო თუ მისი გაუქმების განხილვა – ამ თემას საარჩევნო წლის ბოლომდე ალბათ კიდევ ბევრჯერ დავუბრუნდებით.
მოგების გადასახადის გაუქმების გადადების ინიციატორები სხვადასხვა ბიზნესი და მათი გაერთიანებები გახლდნენ. არგუმენტად კომპანიების მოუმზადებლობა დაასახელეს და მეტი დრო ითხოვეს, რათა უფრო გამართულად შეხვდნენ ხელისუფლების ამ შემოთავაზებას. ქართული ბიზნესი მუდმივად “მოუმზადებელი” და გაუცხოებულია თამამი, ნოვატორული გადაწყვეტილებებისადმი და ამ თხოვნის მიღმა, ხელისუფლების პოზიციებთან სრული თანხვდენა იკითხება.
პოლიფონიური თანხვდენის ახსნა ციფრებშია, რომლებიც ბევრს არ უყვარს. არადა, მოტივებს ხშირად სწორედ ციფრები ცხადყოფს საუკეთესოდ. მინდა, ერთად დავთვალოთ, რამდენი წააგეს გადასახადის გადამხდელებმა ხელისუფლების ცალკეული გადაწყვეტილებით. ერთად დავთვალოთ ქართული ბიზნესის წაგების გადასახადის საფასური.
რა არის მოგების გადასახადის გადადება-გადავადების საფასური? ეს დაახლოებით 400 მილიონი ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა დაზოგა, ხოლო წლიურად დააკლდებოდა პირდაპირი შემოსავლების სახით იმ შემთხვევაში, თუ რეფორმა წელსვე ამოქმედდებოდა. თუმცა, ეს რიცხვიც არ არის საბოლოო: საფინანსო სექტორისთვის (ბანკები, მიკროსაფინანსოები, სადაზღვევო სექტორი) აღნიშნული რეფორმა ამოქმედდება 2 წლის თავზე ანუ 2019 წლიდან. უხეში გათვლებით, ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტმა დაახლოებით 750-900 მლნ ლარამდე შემოსავლები დაზოგა. ეს კი ნიშნავს, რომ ზუსტად ამ თანხებზე და შემოსავლებზე, რეინვესტირებისთვის გამოთავისუფლებულ კაპიტალზე, ბიზნესმა უარი განაცხადა. ანუ “სთხოვა” ხელისუფლებას, უკეთ მომზადებულიყო მოგების გადასახადის შემდგომი უკეთ გადანაწილებისთვის. დიახ, ქართულმა (საქართველოში მოქმედმა) ბიზნესმა ზუსტად ეს რიცხვი, ანუ 400 მილიონი ლარი წააგო წელს, ხოლო წაგების საფასური მინიმუმ ორმაგდება, თუკი საფინანსო სექტორსაც მივათვლით.
არაერთ ბიზნესმენთან მქონდა საუბარი კვირიკაშვილის რეფორმებზე და განსაკუთრებით მოგების გადასახადის თემაზე. თითქმის ყველა ხბოს აღტაცებით, თუმცა მაინც სკეპტიკურად უყურებდა მოგების გადასახადის მიმდინარე წელს შემოღების პერსპექტივას. მიზეზი მარტივია: საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის, რომლებიც რეალურ ამინდს და ქვეყნის მშპ-ს ქმნიან (ჯამში სულ 100-120 კომპანიაზე ვსაუბრობთ) 2016 წელს რიგით მე-5 თუ მე-6 საპარლამენტო არჩევნებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პერიოდი, როცა ნებისმიერი ხელისუფალი არაფერს იშურებს მოქმედი ფორმაციის შესანარჩუნებლად. ამას კი სჭირდება ფული. დიდი თანხები. ამიტომაც, რთულია, პოლიტიკურად კარგად “ნაწრთობი” ქართველი ბიზნესმენები დაადანაშაულო უმიზეზო სკეპტიციზმში ან პოლიტიკურ ახლომხედველობაში.
მოგების გადასახადის გადავადების ერთ-ერთმა “ახსნამ” არ დააყოვნა და საარჩევნო წლის ბოლომდე ხელისუფლებამ მასწავლებლებისთვის ხელფასების მატების, სხვადასხვა პროგრამის განხორციელების პარალელურად, მოსახლეობისთვის განკუთვნილ სანახაობაზეც იზრუნა: 29 მილიონი ლარის ღირებულების კულტურული პროგრამა, რომელიც ლამის საარჩევნო წლის ბოლომდეა გაწერილი. მთავრობის მიერ ტრადიციულად არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ (ხელისუფლებას ამაში ბადალი არ ჰყავს) ეს თანხა მხოლოდ უცხოელ მომღერლებზე გადაანაწილა.
და მაინც, რა შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ 29 მლნ ლარად? ესეც დავთვალეთ და ინებეთ:
– 2-ჯერ გაეზარდა მოსამართლეთა ხელფასები;
– 10%-ით გაზრდილიყო მასწავლებელთა ანაზღაურება;
– 2-ჯერ გაზრდილიყო პროფესიული განათლების დაფინანსება;
– 30%-ით გაზრდილიყო უმაღლესი განათლების გრანტები;
– 40%-ით გაზრდილიყო დევნილთა დახმარება;
– 6-ჯერ გაზრდილიყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დაფინანსება;
– 6-ჯერ გაზრდილიყო ინფექციური დაავადების მართვის ცენტრის ბიუჯეტი;
– 3-ჯერ გაზრდილიყო ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსება;
– 2-ჯერ გაზრდილიყო თირკმლის ტრანსპლანტაციისა და დიალიზის პროგრამები;
– 2-ჯერ გაზრდილიყო სოფლის ექიმის დაფინანსება;
– 2-ჯერ გაზრდილიყო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის დაფინანსება;
– 70%-ით გაზრდილიყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ბიუჯეტი.
FORBES-ის რედაქტორებისა და ავტორების მიერ მომზადებული სტატისტიკა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიზიარებთ ან მხარს დავუჭერდით მთავრობის მორიგ მემარცხენე გადაწყვეტილებებს და სუბსიდიებს. გიდასტურებთ, რომ პირადადაც არ მივეკუთვნები მემარცხენეების რიგებს. მეტსაც გეტყვით, მკვეთრად გამოკვეთილი მემარჯვენე ორიენტაციის გამოცემის მთავარი რედაქტორი და პარტნიორი ვარ, რომელიც აფასებს ხელისუფლების ზრუნვას ხარისხიან “პურზეც და სანახაობაზეც”. თუმცა გადასახადის გადამხდელთა საკმაოდ მოცულობითი თანხების გამოყოფა, უამრავი თანმდევი კითხვითა და სუსტი არგუმენტაციით დაბრუნებული პასუხების ფონზე, აჩენს დამატებით მოსაზრებებს, ხელისუფლების სხვა ღონისძიებებზე დასწრება არ დაემსგავსოს ეროს რამაზოტის კონცერტისას შეთხელებულ სპორტის სასახლის დარბაზს.
თითქმის ორჯერ მეტი, ანუ 59 მლნ ლარი ვერ მიიღო წელს საქართველოს ბიუჯეტმა საგარეო კრედიტებისა და გრანტების სახით, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ორგზის გაუფორმებელი მემორანდუმის გამო ხდება. თავის მხრივ, სსფ-სთან პროგრამის აღდგენა, სხვა მიზეზების გარდა, ვერ მოხერხდა საბანკო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გამო. ამ შემოქმედებასაც კონკრეტული ავტორები ჰყავს, თუმცა პასუხი არც მათთვის მოუთხოვია ვინმეს.
ამავე სიმშვიდით აგრძელებენ საქმიანობას ჩინოვნიკები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებებით შეაფერხეს ტურისტებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობა, აამოქმედეს უამრავი ახალი რეგულაცია, რითაც სერიოზულად აზარალეს ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი გასულ წლებში. ზოგიერთი ამას DCFTA-ის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებით ხსნის. არადა, ხელისუფლების ზოგიერთ უყელსახვევო პიონერს ავიწყდება, რომ ცალკეული რეგულაციების ამოქმედება შესაძლებელია დინჯი თანმიმდევრულობით. ამისთვის მთელი 5 წელიწადია გაწერილი ხელშეკრულებით, რაც ეკონომიკის ცალკეულ სექტორებთან და მის მოთამაშეებთან კოორდინაციაში, პრაქტიკულად გამორიცხავდა ნებისმიერ შოკს და მის თანმდევ ფატალურ შედეგებს. ამის ნათელი მაგალითია საქართველოს სარეკლამო ბაზარი 2015 წელს, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა.
ლარმა კი გამყარება დაიწყო. 7%-ით გამყარებული ეროვნული ვალუტის “საფასურის გამოთვლა” და მიზეზების დადგენაც მარტივია: სამეზობლოში შედარებით დასტაბილურებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, ამ ეტაპზე, სრულად მოხსნილია დაძაბულობა ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. მნიშვნელოვანია კვირიკაშვილის კაბინეტის აშკარა პრობიზნესური განწყობები და გადაწყვეტილებები (თუ არ ჩავთვლით რეფორმების გეგმის “მარგალიტის” ამოქმედების შესაძლო გადატანას 2017 წლისთვის). განწყობების შედეგიც აშკარაა: საერთაშორისო ორგანიზიციებიდან ეროვნულ ბანკში გადმობარგებული კობა გვენეტაძე იწყებს ზომიერად და სწორად დახარჯული სავალუტო რეზერვების შევსებას, განაკვეთების შემცირებას და სსფ-ის ერთ- ერთი რეკომენდაციაც მოჰყავს ძალაში, რაც გაუძვირებს ბანკებს დოლარში სესხის გაცემის განაკვეთს და შეუმცირებს ეროვნულ ვალუტაში. ეს გარკვეული ზეწოლაა დოლარიზაციის მოჭარბებულ მაჩვენებელზე, რომელიც ხელისუფლებას სამართლიანად მიაჩნია ჩვენი ეკონომიკის ერთ- ერთ ყველაზე სუსტ წერტილად.
სებ-ის მისია და მოქმედებები კეთილშობილურია, თუმცა უამრავი გვერდითი და თანმდევი ხარვეზი იკითხება. მარტივად რომ ვთქვათ და არ ავრიოთ რედაქტორის ისედაც ემოციური სვეტი, ამგვარი ქმედებები სრულად ამართლებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – როცა ქვეყნის ეკონომიკაც ადეკვატურად სწრაფად იზრდება. წლის I კვარტალის მონაცემებით კი ეკონომიკა სულ 2.3%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნებოდა, რომ არა მარტის თვეში ეკონომიკის 3.4%- იანი ზრდა.
ეკონომიკური ზრდა არის უმთავრესი, რასაც ყველამ უნდა მივხედოთ. საჯარო თუ კერძო სექტორებმა, რომლებიც საარჩევნო წლისა და მოსალოდნელი პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე აშკარად უფრთხიან თამამ, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
წაგების გადასახადი და მისი საფასურის გადახდა ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ანუ – ჩვენ. გადასახადის გადამხდელებად კი იმისთვის არ ჩამოვყალიბებულვართ, რომ მუდმივად წაგების გადასახადი ვიხადოთ.
დატოვე კომენტარი