ჩინეთში მთავრობის წევრებს iPhone-ების სამსახურებრივი მიზნით გამოყენება აეკრძალათ - WSJ

ჩინეთში მთავრობის წევრებს iPhone-ების სამსახურებრივი მიზნით  გამოყენება აეკრძალათ - WSJ

Wall Street Journal-ის მიერ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთმა ცენტრალური სამთავრობო სააგენტოების ოფიციალურ პირებს სამსახურებრივი მიზნებით Apple-ის iPhone-ებისა და სხვა უცხოური წარმოების სმარტფონების არათუ გამოყენება, სამსახურში მიტანაც კი აუკრძალა.

WSJ-ის ინფორმაციით, აღნიშნულ აკრძალვასთან დაკავშირებით თანამშრომლებმა მითითებები ზემდგომებისგან მიიღეს, თუმცა რამდენად მასშტაბურად გავრცელდა ეს აკრძალვა, ჯერჯერობით უცნობია. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია ჩინეთის სტრატეგიისა, რომელიც დასავლურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩინეთის მთავრობა უკვე თითქმის ათწლეულია, ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს ადგილობრივი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისა თუ ნახევარგამტარების გამოყენებისაკენ მოუწოდებს. ეს კი აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის შედეგია.

შინაარსით მსგავსი გადაწყვეტილება ჩინური კომპანიებისა და სმარტფონების ჩინური მწარმოებლის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ აშშ-მაც მიიღო, როდესაც საკუთარი მთვარობის წევრებსა და ოფიციალურ პირებს Huawei-ს სმარტფონების გამოყენება, სამთავრობო მოწყობილობებზე კი TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა.

გასულ კვირას ჩინეთში ვიზიტისას, აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა გააჟღერა ამერიკული კომპანიების „საჩივარი“, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა არაინვესტირებადი სახელმწიფო ხდება.