ახლახან, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ, Apple-მა კალიფორნიის შტატის ქალაქ კუპერტინოში მისთვის წლის მთავარ ღონისძიებაზე iPhone-ის ახალი თაობის მოდელები: iPhone 15, iPhone 15 Plus-ი, iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max-ი წარადგინა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ iPhone 15 სერიის მოდელები (ისევე როგორც iPhone-ის მომდევნო მოდელები) USB-C-ტიპის პორტით არის აღჭურვილი. კომპანიამ სმარტფონებში ამ ცვლილების შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეს მოთხოვნა ევროკავშირმა რეგულაციის სახით წაუყენა. შეგახსენებთ, აქამდე Apple-ი iPhone-ებში Lightning-პორტს იყენებდა.
iPhone 15-ს 6.1-დუიმიანი OLED Super Retina დისპლეი აქვს, iPhone 15 Plus-ს კი 6.7-დუიმიანი ეკრანი. ორივე მათგანი გაუმჯობესებული, 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერითა და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, აღნიშნულ მოდელებს Dynamic Island-ის დინამიკები აქვს. iPhone 15 და iPhone 15 Plus-ი Apple-ის მიერ წარმოებული ბიონიკური ჩიპით, A16-ითაა აღჭურვილი.
iPhone 15-ის ფასი, რომლის შიდა მეხსიერება 128GB-ია, $799-ს შეადგენს, ხოლო 128GB-იანი შიდა მეხსიერების მქონე iPhone 15 Plus-ის ფასი $899-ია.
რაც შეეხება Pro-ვერსიებს, ახალი თაობის მოდელები ტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას გამძლეობას მატებს და სიმსუბუქეს ანიჭებს. iPhone 15 Pro-ს 6.1-დუიმიანი Super Retina XDR ეკრანი აქვს, iPhone 15 Pro Max-ს კი 6.7-დუიმიანი Super Retina XDR დისპლეი. ზემოხსენებული მოდელების მსგავსად, ორივეს შემთხვევაში Dynamic Island-ის დინამიკებს ვხვდებით და 48-მეგაპიქსელიან მთავარ კამერას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ სმარტფონებში Apple-მა პირველად გამოიყენა თავისი ახალი მძლავრი ბიონიკური ჩიპი, A17 Pro.
128GB-იანი iPhone 15 Pro-ს ფასი $999-ია, 256GB-იანი iPhone 15 Pro Max-ი კი $1,119 ღირს. მოდელების გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება.