EU ჩინეთის მიერ ავტომწარმოებლებისათვის დაწესებული სუბსიდიების მოკვლევას იწყებს

EU ჩინეთის მიერ ავტომწარმოებლებისათვის დაწესებული სუბსიდიების მოკვლევას იწყებს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ჩინეთის მიერ ადგილობრივი ავტომწარმობლებისათვის დაწესებული სუბსიდიების საკითხის მოკვლევას იწყებს. ევროპული პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი პირების განმარტებით, აღნიშნული სუბსიდიები ევროპულ კომპანიებს აზარალებს.

„გლობალურ ბაზრებზე დაბალი ღირებულების მქონე ჩინური ავტომობილების დომინირების ტენდენცია შეიმჩნევა. მათი ფასები კი სახელმწიფო სუბსიდიების გამო ხელოვნურად დაბალია. ეს ჩვენს ბაზრებს საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში ევროპელი კანონმდებლებისათვის სიტყვით მიმართვისას.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ბაზრის ჩავარდნის პრევენციისათვის, ევროკომისია ჩინეთიდან შემოსულ ელექტრომობილებზე ანტისუბსიდიურ გამოძიებას იწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობა ადგილობრივი წარმოებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ელექტრომობილების ადგილობრივ მწარმოებლებს მილიარდობით დოლარის მოცულობის სუბსიდიებს აძლევს. ეს კი ჩინურ მწარმოებლებს ფასების შემცირებაში ეხმარება. შედეგად, ჩინური ელექტრომობილები მსოფლიოს ბაზრებზე დომინირებას იწყებენ, რაც პოტენციურად სხვა მწარმოებლებს აზარალებს.

„ევროკავშირი კონკურენციისთვის ყოველთვის ღიაა, თუმცა ჩვენ უნდა დავიცვათ თავი უსამართლო პრაქტიკისაგან“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გამოძიების მიერ კონკურენციის პირობების დარღვევის დადგენის შემთხვევაში, ევროკავშირი, დიდი ალბათობით, ჩინურ ელექტრომობილებზე საიმპორტო ტარიფის დაწესების შესაძლებლობებს განიხილავს. ამის მიზანი კი ხელოვნურად გაიაფებული ჩინური ელექტრომობილების ხელოვნურადვე გაძვირება იქნება.