PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 5.1%-ით შემცირდა. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა თბილისში სასტუმროების ფასების მნიშვნელოვანმა შემცირებამ იქონია. საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში სასტუმროები 12.6%-ით გაიაფდა.
რაც შეეხება განსხვავებას წინა თვესთან მიმართებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით ფასების 1.3%-ით ზრდა დაფიქსირდა. მნიშვნელოვანი, 5.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა საოჯახო ტიპის სასტუმროების შემთხვევაში.
PMC კვლევითი ცენტრის განცხადებით, ფასების შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ზაფხულის თვეებში აღინიშნა.
„2023 წლის ზაფხულის თვეებში აჭარაში წლიური სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი) 16%-ს აღწევდა ივნისში, რასაც მოჰყვა კლება
ივლისსა (-2.8%) და აგვისტოში (-0.2%). ეს ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ზღვის პირას მდებარე სასტუმროებზე შედარებით დაბალი მოთხოვნით.
ამავდროულად, თბილისში კლების ტენდენცია უფრო მეტადაა გამოხატული, რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოში სფი-ს საერთო სტატისტიკაზე. 2023 წლის ზაფხულის თვეებში წლიური ინდექსი თბილისში უარყოფითია (საშუალოდ -11%). ეს შეიძლება განპირობებული იყოს 2019 წელთან შედარებით განთავსების საშუალებების გაზრდილი რაოდენობით, მაშინ, როცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი პანდემიამდელ მაჩვენებლამდე“, – ნათქვამია PMC-ის კვლევაში.
ცნობისთვის, 2023 წლის აგვისტოში, საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 542 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 278 ლარი იყო, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების – 181 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების კი – 130 ლარი.