დინოზავრის ჩონჩხი, ცნობილი როგორც „ბარი“, პარიზში აუქციონზე გაიყიდება

დინოზავრის ჩონჩხი, ცნობილი როგორც „ბარი“, პარიზში აუქციონზე გაიყიდება

იურული პერიოდით დათარიღებული, 150 მილიონი წლის დინოზავრის ჩონჩხი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია შენახული, მომდევნო თვეს პარიზის აუქციონზე გაიყიდება. კამპტოზავრი, სახელად „ბარი“ 1990-იან წლებში აშშ-ის შტატ ვაიომინგში აღმოაჩინეს და 2000 წელს პალეონტოლოგმა ბარი ჯეიმსმა აღადგინა. დინოზავრის ჩონჩხს სახელიც სწორედ პალეონტოლოგის პატივსაცემად დაარქვეს.

კამპტოზავრის ჩონჩხი შარშან იტალიურმა ლაბორატორია Zoic-მა შეისყიდა და მას დამატებითი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარა. ჩონჩხის სიმაღლე – 2.1 მეტრი, ხოლო სიგრძე  5 მეტრია.

პარიზის სააუქციონო სახლის, Hotel Drouot-ის წარმომადგენლის, ალექსანდრ გიკუელოს განმარტებით, დინოზავრის ჩონჩხი კარგ მდგომარეობაშია, რაც იშვიათია. მაგალითად, დინოზავრის თავის ქალა 90%-ითაა შემონახული, მთლიანობაში კი ჩონჩხის 80% პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული.

სააუქციონო სახლის განმარტებით, ზოგადად სახელოვნებო ბაზარზე დინოზავრის ნიმუშები იშვიათია და წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი იყიდება.

საკითხთან დაახლოებული პირების პროგნოზით, დინოზავრის ჩონჩხის ღირებულებამ აუქციონზე შესაძლოა $1.28 მილიონს მიაღწიოს.