ექსპორტსა და იმპორტში საქართველოს ტოპ-10 პარტნიორი ქვეყანა

ექსპორტსა და იმპორტში საქართველოს ტოპ-10 პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა და $14 მილიარდს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $4.08 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $9.93 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ – 14.4%, ხოლო იმპორტის ზრდამ 17.8% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $5.8 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.

საქართველოში როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის უმსხვილესი წილი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში – 64.3%, ხოლო იმპორტში 22.7% უკავია. ევროკავშირის ქვეყნების წილი კი ექსპორტში 12.4%-ს, ხოლო იმპორტში – 24.1%-ს შეადგენს.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.944 მლრდ), რუსეთი ($1.686 მლრდ) და აშშ ($1.240 მლრდ).

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები მეზობელი სახელმწიფოები არიან: აზერბაიჯანი 13.9%-ით, სომხეთი – 13.5%-ით და რუსეთი – 11.3%-ით.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კი ასევე მეზობელი სახელმწიფოა – თურქეთი, რომელიც მთლიან იმპორტში $1.644 მილიარდით, 16.6%-იან წილს იკავებს. შემდეგ მოდის რუსეთი – $1.225 მილიარდით და, შესაბამისად, 12.3%-ით და მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები – 12% ($1.190 მლრდ).

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა:

  1. აზერბაიჯანი – $567 მლნ – 13.9%
  2. სომხეთი – $552 მლნ – 13.5%
  3. რუსეთი – $461 მლნ – 11.3%
  4. ყაზახეთი – $428 მლნ – 10.5%
  5. ყირგიზეთი – $413 მლნ – 10.1%
  6. თურქეთი – $299 მლნ – 7.3%
  7. ჩინეთი – $253 მლნ – 6.2%
  8. ბულგარეთი – $186 მლნ – 4.6%
  9. ესპანეთი – $72 მლნ – 1.8%
  10. უზბეკეთი – $69 მლნ – 1.7%

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა:

  1. თურქეთი – $1.644 მლრდ – 16.6%
  2. რუსეთი – $1.225 მლრდ – 12.3%
  3. აშშ – $1.190 მლრდ – 12%
  4. ჩინეთი – $842 მლნ – 8.%
  5. გერმანია – $607 მლნ – 6.1%
  6. აზერბაიჯანი – $411 მლნ – 4.1%
  7. იაპონია – $349 მლნ – 3.5%
  8. სომხეთი – $258 მლნ – 2.6%
  9. იტალია – $249 მლნ – 2.5%
  10. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $244 მლნ – 2.5%