კალიფორნიის შტატმა მსოფლიოს ხუთ წამყვან ნავთობკომპანიას – Exxon Mobil-ს, Shell-ს, Chevron-ს, ConocoPhillips-სა და BP-ის უჩივლა. აშშ-ის შტატი ნავთობგიგანტებს, წლების განმავლობაში, მათი ბიზნესსაქმიანობის კლიმატური გავლენის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება, რაც მისთვის მასიურ ფინანსურ ზარალშიც გამოიხატა.
კალიფორნიის შტატის მტკიცებით, კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალი, რომელიც უნდა ანაზღაურდეს, ათობით მილიარდ დოლარს უტოლდება. მილიარდობით ტონას აღწევს ნავთობკომპანიების მიერ კალიფორნიის მასშტაბით გამოშვებული სათბური აირების ემისიების რაოდენობაც. შტატის განცხადებით, კომპანიებმა მათი წიაღისეული საწვავის პროდუქტების ეკომეგობრულობის შესახებ დეზინფორმაციულ კამპანიებში მონაწილეობა 1970 წლიდან დაიწყეს. მათ შორის იყო Exxon-ი, რომელმაც 1978 წელს, გლობალური დათბობის პროგნოზებზე, „აღსანიშნავად ზუსტი“ შიდა მემორანდუმი გამოაქვეყნა.
გარდა ამისა, კალიფორნიის მიერ წარდგენილი სარჩელის თანახმად, ბრიტანული Shell-ის 2023 წლის პირველი ნახევრის $11.6-მილიარდიანი ხარჯიდან, განახლებად და „ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებზე“ $1 მილიარდზე ნაკლები გამოიყო. უკანასკნელ სამ წელში კი თავად შტატმა, წყლის ინფრასტრუქტურის განახლებასა და 2040 წლისთვის, წყლის მარაგის 10%-იანი პოტენციური დანაკარგისთვის მოსამზადებლად, $8 მილიარდზე მეტი გამოყო. კალიფორნიის მტკიცებით, კრიზისის გამწვავებას ხელი სწორედ ნავთობკომპანიებმა შეუწყვეს.
Shell-ში არ მიაჩნიათ, რომ სასამართლო დარბაზი სწორი ადგილია კლიმატური ცვლილებების განსახილველად. თუმცა მთავრობის გონივრული პოლიტიკა და თითოეული სექტორის ქმედება გადაწყვეტილებამდე მისასვლელად და პროგრესის მისაღებად შესაბამისი გზაა. Shell-ის განცხადება გაიმეორა Chevron-ის სპიკერმაც და დასძინა, რომ კლიმატური პოლიტიკა „კოორდინირებულ საერთაშორისო პოლიტიკას“ მოითხოვს და კალიფორნიის „ადგილობრივ სასამართლოებს არა აქვთ კონსტრუქციული ან კონსტიტუციურად დასაშვები როლი გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაში”.
სარჩელი, რომელიც ნავთობკომპანიებსა და მათ ასოციაციას, „ამერიკის ნავთობის ინსტიტუტს“ მიემართება, რამდენიმე ძირითად ბრალდებას მოიცავს, ესენია: ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნა, ბუნებრივი რესურსების დაზიანება, ცრუ რეკლამირება, შეცდომაში შემყვანი გარემოსდაცვითი მარკეტინგი, უკანონო ბიზნესპრაქტიკა და პროდუქტის ხარისხი. კალიფორნია ზარალის შემსუბუქების ფონდის შექმნასაც ითხოვს, რომელსაც შტატი სამომავლოდ, კლიმატურ კატასტროფებთან გასამკლავებლად გამოიყენებს.