ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ შეტაკებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ შეტაკებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

გუშინ, ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, შეტაკებებს ამ დრომდე 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანული იერიშის შედეგად დაჭრილთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა „ანტი-ტერორისტული ოპერაციის“ დაწყების საბაბად დანაღმულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პოლიციის მანქანის აფეთქება დაასახელა, რასაც, მხარის ინფორმაციით, 6 აზერბაიჯანელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანული არტილერიასა და უპილოტო საფრენ აპარატებს სომხურ პოზიციებზე შეტევები მიჰქონდა. აზერბაიჯანის გაცხადებული მიზანი სომხური თავდაცვითი ზღუდეების, რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და ზოგადად სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება გახლდათ.

მოვლენების პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყარაბაღში მიმდინარე საომარ ვითარებაში არ ჩაერევა, რასაც საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. მთელი ღამის განმავლობაში, ერევანში, ფაშინიანის გადაყენების მოთხოვნით დემონსტრაცია მიმდინარეობდა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს რამდენიმე ათეული მოქალაქე და პოლიციელი დაშავდა.

ილჰამ ალიევი ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებულ არაღიარებულ მთავრობასა და სამხედრო შენაერთებს დანებებისა და იარაღის ჩაბარებისაკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანულ და სომხურ პრესაში ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ყარაბაღში არსებული არაღიარებული სომხური „ხელისუფლება“ ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანასა და ჩაბარებას დათანხმდა. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის მთავრობა კონფლიქტში ჩარევას არ აპირებს, ეს შესაძლოა 31-წლიანი კონფლიქტის დასასრულის საწინდარი გახდეს.