ქვეყნების რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით - Fraser Institute

ქვეყნების რეიტინგი ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით - Fraser Institute

კანადური კვლევითი ცენტრის, Fraser Institute-ის მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგმა 53 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის სტატუსი დაკარგა. სახელმწიფო, რომელმაც ჰონგ-კონგის ჩანაცვლება მოახერხა, სინგაპურია.

შედეგად, 1970 წელს „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ გამოქვეყნების დაწყების შემდეგ ჰონგ-კონგმა მეორე პოზიციაზე პირველად გადაინაცვლა. კვლევითი ცენტრის ანგარიშით კი, ქვეყანა ქულების დაკარგვას კვლავ გააგრძელებს. „ჰონგ-კონგის შედეგები არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებასთან“, – განაცხადა Fraser Institute-ის უფროსმა მკვლევარმა მეთიუ მიტჩელმა პრესრელიზში. მოხსენებაში ჰონგ-კონგის მიერ პირველობის დაკარგვის მიზეზთა შორის ბაზარზე შესვლის რეგულაციები, წარმოების მზარდი ხარჯი და უცხოელი მოქალაქეების დასაქმებაზე დაწესებული შეზღუდვები სახელდება.

იმ ინდიკატორთა შორის, რომლებიც სახელმწიფოს ეკონომიკური თავისუფლების შესაფასებლად გამოიყენება, შედის საერთაშორისო ვაჭრობის სიმარტივე, ბაზარზე შესვლისა და კონკურენციის თავისუფლება, ასევე ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული რეგულაციები და ა.შ. 2023 წლის ანგარიშში მოცემული შედეგები 2021 წლის მონაცემებს ეფუძნება – უახლოეს წელს 165 იურისდიქციაში შესადარებლად არსებული ხელმისაწვდომი სტატისტიკებისთვის.

Fraser Institute-ის მოხსენებით, ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით კი სახელმწიფოთა ხუთეული შემდეგნაირად გადანაწილდა: სინგაპური, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, ახალი ზელანდია და ამერიკის შეერთებული შტატები.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო უახლესი მონაცემებით მე-9 ადგილზე მოხვდა, ხოლო იაპონიამ და გერმანიამ მეოცე და ოცდამესამე პოზიციები გაინაწილეს. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა ჩინეთი, რომელმაც 2020 წელს ეროვნული უსაფრთხოების კანონი დააწესა, რეიტინგში 111-ე ადგილზეა. ცნობისთვის, ახალი კანონმდებლობით, ქვეყანაში ამბოხების წახალისება უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 2020 წელთან შედარებით ორი პოზიციით დაწინაურდა და 7.71 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგში საქართველოს ჯამური ქულა 0.5 ქულით გაიზარდა. აქედან, ქვეყნის მონაცემები გაუმჯობესდა მთავრობის ზომისა (7.29-დან 7.40-მდე) და თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის (8.19-დან 8.67-მდე) კრიტერიუმებში, კანონის უზენაესობისა და საკუთრების უფლებების (6.33) შემთხვევაში უცვლელი დარჩა, ხოლო შემცირდა მონეტარულ სტაბილურობასა (9.08-დან 8.74-მდე) და რეგულაციებში (7.41-დან 7.40-მდე).

ამ მონაცემით, საქართველო ლიდერია მეზობელ სახელმწიფოებს შორის. აღსანიშნავია, რომ მათგან რეიტინგში დაწინაურება მხოლოდ აზერბაიჯანმა მოახერხა და 5.99 ქულით, 128-დან 122-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. შვიდი პოზიცია დაკარგა რუსეთმა, რომელიც 6.28 ქულით ამჟამად 104-ე ადგილზეა. თურქეთი 94-დან 101 ადგილზე ჩამოქვეითდა და 6.32 ქულა დააგროვა, ხოლო სომხეთი, 29-ის მაგივრად, ახლა უკვე 33-ე ადგილზეა, 7.58 ქულით.

ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, სახელმწიფოთა ათეული:

  1. სინგაპური – 8.56
  2. ჰონგ-კონგი 8.55
  3. შვეიცარია – 8.47
  4. ახალი ზელანდია – 8.43
  5. ამერიკის შეერთებული შტატები – 8.14
  6. ირლანდია – 8.11
  7. დანია – 8.10
  8. ავსტრალია – 8.05
  9. გაერთიანებული სამეფო – 8.01
  10. კანადა – 7.98