“საქართველოს ბანკის” შვილობილი საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძე ბავშვობაში ნაგვის მანქანის მძღოლობაზე ოცნებობდა, რადგან ეს მანქანა ყველა სხვა მანქანაზე დიდი ეგონა. ყველაზე დიდი მანქანის მძღოლი ვერ გახდა, თუმცა დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის საჭესთანაა.
კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული MBA ხარისხით და “იმ ცნობილ” Lehman Brothers-ში მუშაობის გამოცდილებით, საქართველოში კერძო საინვესტიციო ფონდის შექმნის მიზნით დაბრუნებული არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს “შემთხვევით აღმოჩნდა ბანკირი”, როცა “საქართველოს ბანკის” მენეჯმენტს შეუერთდა როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული ბანკინგის მიმართულებით. კერძო საინვესტიციო ფონდის გეგმის განხორციელებას ხელი ვითარებამ შეუშალა, რადგან “უბრალოდ ცუდი დრო დაემთხვა” – 2008 წელი.
კერძო ინვესტიციები დღეს Galt & Taggart-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, თუმცა – არაერთადერთი. ყოფილი “ბი ჯი კაპიტალი”, რომელმაც ახალი სიცოცხლე 2012 წლიდან შეიძინა, 2000 წლიდან არსებობს და კლიენტებს საინვესტიციო მომსახურებების სრულ სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: აქციებსა და ობლიგაციებთან დაკავშირებულ საბროკერო მომსახურებას, საინვესტიციო საბანკო და აქტივების მართვის მომსახურებებს, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სექტორულ კვლევებს.
Galt & Taggart-ის ახალი სიცოცხლე სწორედ კვლევების მიმართულების გაფართოებით დაიწყო – მას შემდეგ, რაც არჩილ გაჩეჩილაძემ “საქართველოს ბანკის” კორპორაციული მიმართულებიდან აქტივების მართვაში გადაინაცვლა.
“ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენმა ბიზნესპარტნიორებმა და კლიენტებმა კარგად გაიგონ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო: ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. თუკი რომელიმე სფერო საინვესტიციოდ მიმზიდველია, გვინდა, ეს ჩვენს პარტნიორებს ციფრებში ვუთარგმნოთ და ძირითადი რისკებიც ავუხსნათ”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
2012 წლიდან დღემდე Galt & Taggart-მა უზრუნველყო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) 75 მილიონი ლარის, “საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის” (IFC) 30 მილიონი ლარის, “m2 უძრავი ქონების” 35 მილიონი დოლარის, საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მილიონი დოლარის, “სამედიცინო კორპორაცია ევექსის” 15 მილიონი დოლარისა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) 6 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების კერძო განთავსება ან საჯარო შეთავაზება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ასევე წარმატებით განახორციელა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” (GHG) აქციების 29%-ის პირველადი საჯარო შეთავაზება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რის შედეგადაც კომპანიამ 100 მილიონი დოლარი მოიზიდა.
2014 წლის ბოლოს Galt & Taggart-ის მენეჯმენტის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა, რაც მოიცავს Wealth Management (WM) კლიენტების დეპოზიტებს, WM კლიენტების “საქართველოს ბანკში” განთავსებულ აქტივებს, საბროკერო მომსახურების კლიენტების აქტივებსა და “ალდაგის” საპენსიო სქემის აქტივებს, 21.4%-იანი წლიური ზრდით 1 მილიარდ ლარს აჭარბებდა. აქედან 805 მილიონ ლარზე მეტი WM კლიენტების დეპოზიტებია, რომელთა მოცულობა 2013 წელთან შედარებით გასულ წელს 18.5%-ით გაიზარდა.
“ფაქტობრივად, ნულიდან, ძალიან დაბალი ბაზიდან დავიწყეთ. მართალია, პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ძალიან დიდი და საინტერესო გზა გვაქვს წინ”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
დიდი და საინტერესო გზის დასაწყისში მიღწევები უკვე არის. ნოემბერში Galt & Taggart-ი დანიური Saxo Bank-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში და საზოგადოებას ონლაინტრეიდინგის პლატფორმა G&T Trader-ი შესთავაზა, რომელიც კომპანიის კლიენტებს, და არა მარტო მათ, შესაძლებლობას აძლევს, ონლაინრეჟიმში განახორციელონ ინვესტიციები გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში (აქციები, ობლიგაციები, FOREX, CFD, ფიუჩერსები, ოფციონები) და ივაჭრონ წამყვანი კორპორაციების ფასიანი ქაღალდებით.
ახალმა პროდუქტმა, რომელიც საშუალო და მაღალ ფენაზეა გათვლილი, საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. თავისი არსებობის პირველივე დღეებიდან G&T Trader-ი 150 ზე მეტ მომხმარებელს ითვლის, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია იმ ფონზე, როცა Galt & Taggart-ის Wealth Management დეპარტამენტი სულ 1400 კლიენტს ემსახურება. “ჩვენ გვაქვს შეხება ძალიან ბევრ შეძლებულ ადამიანთან, რომლებიც საკუთარ აქტივებს ინახავენ. ეს არის რეალურად პირველი თაობა, რომელმაც გარკვეული კაპიტალი დააგროვა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში და თუკი აქამდე მხოლოდ კაპიტალის დეპოზიტებში განთავსებაზე ზრუნავდა, ახლა უკვე მეტი მოთხოვნები აქვს. არიან ისეთები, ვინც უცხოეთში გახსნა საბანკო ანგარიში სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების განსახორციელებლად, მაგრამ მაინც, კომფორტი ასეთი ხალხისთვის ადგილობრივი მომსახურებაა, და ჩვენი გააქტიურება, თუნდაც Saxo-სთან თანამშრომლობის სახით, სწორედ ამით არის განპირობებული. G&T Trader-ი არის ფანჯარა დანარჩენი მსოფლიოს ფინანსურ სამყაროსთან”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე. Saxo-სთან მოლაპარაკებებზე დაყრდნობით, ის ამბობს, რომ G&T Trader-ი პირველი ნაბიჯია, ხოლო მეორე ნაბიჯი იქნება დანიური ბანკის სისტემითვე ქართული აქტივების ყიდვის შესაძლებლობის გაჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ Saxo-ს კლიენტურა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან შეძლებს ქართულ სახაზინო ან კერძო კომპანიების ობლიგაციებში ფულის დაბანდებას. მართლაც, როგორც ჩანს, Saxo Bank-ს სჯერა ქართული ბაზრის და G&T Trader-ი მისთვისაც ფანჯარაა, ოღონდ ამჯერად გასასვლელით რეგიონზე. ამაზე მეტყველებს დანიური საინვესტიციო ბანკის დამფუძნებლის და ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორის, ლარს სეიერ კრისტენსენის, მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს იმისთვის, რომ რეგიონში სანდო და მდგრადი ჰაბის ფუნქცია შეასრულოს ფინანსური სერვისებისათვის.
“ჩვენ საქართველოს ვუყურებთ როგორც ფანჯარას მთელ რეგიონზე. ეს ქვეყანა ერთგვარი უსაფრთხო ნავსაყუდელია ფინანსური სექტორისთვის, რაზეც ბევრი მიმართულების დაშენება შეიძლება. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არ არის და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად Galt & Taggart-თან იხსნება ფანჯარა ინვესტიციებისთვის არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად საქართველოს პოტენციალიც უფრო თვალსაჩინო გახდება უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ, დროთა განმავლობაში, კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად, უცხოელი ინვესტორები საკუთარ ინვესტიციებს ქართულ ობლიგაციებსა და აქციებში მიმართავენ”, – განაცხადა ლარს სეიერ კრისტენსენმა.
არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი ნელა, მაგრამ საინტერესოდ ვითარდება და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ბაზარი უფრო გააქტიურდება.
“კომპანიები მზად არიან, რომ არა უბრალოდ ბანკში ჰქონდეთ სესხი, არამედ იმავე ბანკებმა გააკეთონ სექიურითიზაცია და ობლიგაციების ფორმა მისცენ ამ სესხებს, შეიყვანონ სხვა მხარეებიც ამა თუ იმ სინდიკატში, რაც დაფინანსების წყაროს გააფართოებს. ამისთვის საჭიროა, რომ კომპანიებს ჰქონდეთ გარკვეული ისტორია, იყვნენ აუდირებული და ასეთი კომპანიები უკვე გაჩნდა. ათი წლის წინ რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ ძალიან ცოტაა ასეთი კომპანიები. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ 25-30 ასეთი კომპანია არის. მათ გარკვეული ხელშეწყობა სჭირდებათ და ჩვენი ფუნქციაც სწორედ ეს არის, რომ მხარში ამოვუდგეთ მათ და ერთად გავიაროთ გზა, რომელიც საჯარო შეთავაზებამდე მიგვიყვანს”, – ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
სანამ 30-მდე ქართული კომპანიის ობლიგაციები თუ აქციები ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდება, G&T Trader-ი აქტივების დივერსიფიკაციის მსურველებს იმ უცხოურ და ქართულ კომპანიებში ინვესტირების საშუალებას აძლევს, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებზე არიან წარმოდგენილნი.
არჩილ გაჩეჩილაძე G&T Trader-ის შექმნამდე თავადაც Saxo Bank-ის პლატფორმის მომხმარებელი იყო და როგორც დიდი გამოცდილების მქონე ტრეიდერი დამწყებ ტრეიდერებს ურჩევს, ამ პროცესს შეხედონ, როგორც საკუთარი ფინანსური აქტივების დივერსიფიკაციის საშუალებას და არა აზარტულ თამაშს. თავად ძირითადად აქციებით ვაჭრობს და ვალუტა არ იზიდავს. აქციებით ვაჭრობისასაც უპირატესობას ისეთ კომპანიებს ანიჭებს, რომლებიც მუდმივად სიახლეებს ნერგავენ.
“მაგალითად, Google-ის აქციები ჩემთვის საინტერესოა. მუდმივად მაკვირვებს სიახლეებით. ძალიან ბევრმა არც კი იცის, იმდენი სიახლე ვითარდება Google-ის ქოლგის ქვეშ”, – ამბობს გაჩეჩილაძე.
Galt & Taggart-ის თანამშრომელი პროფესიონალი ტრეიდერები G&T Trader-ის დამწყებ მომხმარებლებს კონსულტაციას უწევენ, მაგალითად, რთული ოფციონების სტრატეგიის გატარებისას, თუმცა მათ მოვალეობაში არ შედის კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიის აქციებში ჯობს ინვესტიციის განხორციელება. ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა მომხმარებელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
“თუმცა, თუ ჩვენს კლიენტს უნდა, რომ გარკვეული კაპიტალი დააბანდოს უცხოეთში, ვურჩევთ იყიდოს, ვთქვათ, ამერიკის საფონდო ბირჟის ფინანსური ინდექსი. შედეგად ეს ადამიანი საკუთარი ქონების გარკვეული ნაწილის პროპორციულ ალოკაციას აკეთებს მთელ ამერიკულ საფონდო ბაზარზე გრძელვადიანი პერსპექტივით”, – განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.
G&T Trader-ზე ფასიანი მხოლოდ გარიგებებია, რაც, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, 10-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ნებისმიერი საბროკერო კომპანიის მომსახურება.
“ჩემი რჩევა იქნება, დაიწყონ მცირე თანხით, რათა ნახონ, როგორ მუშაობს პლატფორმა და რის საშუალებას იძლევა, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი გათვლების გაკეთება შეძლონ”, – ასეთია საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელისა და გამოცდილი ტრეიდერის რჩევა დამწყებებისადმი იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ტრეიდინგი განვითარების საწყის ეტაპზეა.
რამდენად მოსალოდნელია, რომ მომსახურება, რომელიც ამჟამად მხოლოდ საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, უფრო საყოველთაო გახდეს და ყველა სეგმენტი მოიცვას? არჩილ გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ იქამდე დიდი გზაა გასავლელი და ასეთი ვითარება შესაძლოა ნაწილობრივ სასურველი ან არც ისე სასურველი იყოს.
“ერთი დადებითი, რაც ამას მოჰყვება, ნამდვილად არის ის, რომ ხალხი მეტ ყურადღებას დაუთმობს ეკონომიკას და, შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება აღქმული იქნება ეკონომიკურ ჭრილში – უჭერს თუ არა ის მხარს ბიზნესს და არის თუ არა კარგი ბიზნესისთვის. როდესაც ქვეყანა იწყებს ფიქრს ეკონომიკასა და ბიზნესზე, იმაზე, თუ რა არის ბიზნესისთვის კარგი, ის ბევრად სწრაფად ვითარდება”, – მიაჩნია არჩილ გაჩეჩილაძეს.
მისი აზრით, სწორედ ეს არის დადებითი თანამდევი ეფექტი, რაც შესაძლოა, საფონდო ბირჟისა და ტრეიდინგის ფართოდ განვითარებას მოჰყვეს.
თუმცა შესაძლოა, დადებითი ეფექტები მხოლოდ ამით სულაც არ შემოიფარგლოს. მაგალითად, მომავალმა საინვესტიციო ბანკირებმა ბავშვობაში არა ყველაზე დიდი მანქანის მძღოლობაზე, არამედ ისეთი წარმატებული კორპორაციების შექმნაზე იოცნებონ, რომელთა აქციები ყველა ტრეიდერისთვის სასურველი იქნება.
დატოვე კომენტარი