Nissan: ყველა ახალი ევროპული მოდელი სრულად ელექტრო იქნება

Nissan: ყველა ახალი ევროპული მოდელი სრულად ელექტრო იქნება

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor-მა ელექტრომობილებზე გადასვლისთვის განახლებული გეგმა წარადგინა. კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით, მის მიერ წარმოებული ყველა ახალი ევროპული მოდელი სრულად ელექტრო იქნება, 2030 წლისთვის კი ევროპის კონტინენტზე მხოლოდ EV-ები გაიყიდება.

გადაწყვეტილებით, Nissan-ი იმ ავტომწარმოებელთა დიდ ნაწილს შეუერთდება, რომლებიც ათწლეულის ბოლომდე სრულად ელექტრომობილებზე გეგმავენ გადასვლას. იაპონური ავტომწარმოებლის ინფორმაციით, ორი ახალი EV-მოდელიდან ერთ-ერთი ევროპისთვის უკვე დამტკიცდა და მისი წარმოება სანდერლენდის ქარხანაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში დაიწყება.

ავტომწარმოებლები შიშობენ, რომ ბრექსიტის ფარგლებში შეთანხმებული „წარმომავლობის შესახებ კანონის“ შეუსრულებლობამ შესაძლოა იანვრიდან ბლოკსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის EV-ებით ვაჭრობისას ტარიფი 10%-მდე გაზარდოს. თუმცა, Nissan-ის განცხადებით, სანდერლენში წარმოებული ავტომობილები აღნიშნულ წესებთან შესაბამისობაში იქნებიან.

მიმდინარე წლის დასაწყისში Nissan-მა 2030 წლისთვის, 19 ახალი ელექტრომობილის გამოშვება დააანონსა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლონდონში ახალი ელექტრომობილების კონცეფციაც წარადგინა, თუმცა EV-ების საწყისი პარტიის გამოშვების კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. კიდევ ერთი გეგმით, 2027 წლის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლისთვის, Nissan-ის მიერ ევროპაში გაყიდული ავტომობილების 98% ელექტრიფიცირებული იქნება.

ცნობისთვის, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, სრულად ელექტრომობილებზე გადასვლას გეგმავს Renault-ც. გარდა ამისა, 2030 წლისთვის ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებით ივაჭრებს Ford-ი და Stellantis-ი, გლობალური მასშტაბით კი იგივე მიზანი აქვს Volvo-ს.