"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 25-ე ადგილზეა

ბესო-02 (6)

ფრეიზერის ინსტიტუტის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 25-ე ადგილზეა 165 ქვეყანას შორის.

მეთოდოლოგია

ეკონომიკურ თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად ერევა მთავრობა ბიზნესის საქმიანობაში, ქვეყნის ეკონომიკის რა წილი მოდის სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებაზე და რამდენად კარგი სამართლებრივი გარემოა საკუთრების დაცვისთვის. ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას ორი ავტორიტეტული ორგანიზაცია იკვლევს, ესენია: ფრეიზერის ინსტიტუტი და ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი.

19 სექტემბერს ფრეიზერის ინსტიტუტმა ახალი, 2023 წლის, კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების 2021 წლის მდგომარეობას ეყრდნობა. კვლევა 165 ქვეყანას მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ ფრეიზერის ინსტიტუტმა 2023 წლიდან ინდექსის შედგენის მეთოდოლოგია შეცვალა.

ფრეიზერი ეკონომიკური თავისუფლების დონეს 5 ჯგუფად განაწილებულ 25 კრიტერიუმზე დაკვირვებით განსაზღვრავს, ესენია: 1. მთავრობის ზომა (საგადასახადო განაკვეთები, მთავრობის ხარჯები, სუბსიდიები, სახელმწიფო ქონება), 2. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფციის დონე, კონტრაქტების შესრულება, კრიმინალი და უსაფრთხოება), 3. მონეტარული სტაბილურობა (ფულის მასის ზრდა, ინფლაცია, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლება), 4. თავისუფალი ვაჭრობა (ტარიფები, სავაჭრო ბარიერები, შავი ბაზარი, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლი), 5. რეგულაციები (საკრედიტო ბაზრის რეგულირება, შრომის ბაზრის რეგულირება, ბიზნესრეგულაციები, საბაზრო კონკურენცია).

ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ცალკეული კრიტერიუმი მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება და ქვეყნის საბოლოო ქულა 0-დან 10-მდე მერყეობს. საქართველოდან ფრეიზერის პარტნიორი ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკური სკოლაა“.

საქართველო ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

19 სექტემბერს გამოქვეყნებული ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 25-ე ადგილზეა 7.71 ქულით. ბოლო წელს საქართველოს ქულა 0.05 პუნქტით გაუმჯობესდა. ახალი მეთოდოლოგიით, 2022 წელს საქართველო 27-ე ადგილზე იყო, ძველი მეთოდოლოგიით კი მე-15 ადგილზე.

ახალ რეიტინგში საქართველოს ორი საფეხურით ზემოთ ასვლა ჯამური ქულის 0.05 პუნქტით ზრდამ განაპირობა.

საქართველოს ჯამური ქულის 0.08-ით გაუმჯობესება მთავრობის ზომის (7.4 ქულა 10-დან) და თავისუფალი ვაჭრობის (8.7 ქულა) კრიტერიუმების ქულების ზრდამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად, მთავრობის ზომიდან გაუმჯობესდა სამთავრობო მოხმარების და სამთავრობო სუბსიდიებისა და ტრანსფერების ქულები. თავისუფალ ვაჭრობაში კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილების კონტროლის კრიტერიუმის ქულა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კანონის უზენაესობის ქულა (6.33) და რეგულაციების ქულა (7.40) იგივე დარჩა. მონეტარული სტაბილურობის ქულა 9.1-დან 8.7-მდე შემცირდა, რაც მაღალმა ინფლაციამ განაპირობა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა კანონის უზენაესობაში აქვს, ხოლო ყველაზე მაღალი – მონეტარულ სტაბილურობაში.

10-დან 10 ქულა საქართველოს საგადასახადო განაკვეთებში, უცხოურ ვალუტაში საბანკო ტრანზაქციების თავისუფლებასა და ფინანსურ ღიაობაში აქვს.

საქართველოს პოზიცია ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (ახალი მეთოდოლოგიით)

წყარო: Fraser Institute

ქვეყნები, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ყველაზე მაღალია

ფრეიზერის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში პირველ ადგილზე სინგაპურია 8.56 ქულით. მეორეზე ჰონგ-კონგია 8.55 ქულით.

გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ: სომხეთი 33-ე ადგილი, თურქეთი 101-ე ადგილი, რუსეთი 104-ე ადგილი და აზერბაიჯანი 122-ე ადგილი.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ვენესუელაა 3.01 ქულით. ბოლოდან მეორეზე ზიმბაბვეა 3.81 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე – სირია 3.90 ქულით. კვლევა არ მოიცავს კომუნისტურ ქვეყნებს: ჩრდილოეთ კორეას და კუბას, რომლებიც, სავარაუდოდ, რეიტინგის ბოლო ადგილებს დაიკავებდნენ.

ტოპ 10 ქვეყანა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით

 ქვეყანაქულა
1სინგაპური8.56
2ჰონგ-კონგი8.55
3შვეიცარია8.47
4ახალი ზელანდია8.43
5აშშ8.14
6ირლანდია8.11
7დანია8.10
8ავსტრალია8.05
9გაერთიანებული სამეფო8.01
10კანადა7.98

წყარო: Fraser Institute

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა