ფერმერი დიდი ქალაქიდან

ფერმერი დიდი ქალაქიდან

გული მწყდება, რომ ბანალურად უნდა შევხვდეთ. ანუ თბილისში, ვერაზე, ოფისში, საღამოს, მაგიდის გარშემო. ამიტომ მგონია, რომ წერილი ისეთი არ გამოვა, როგორიც მინდა, რომ იყოს და ვდარდობ. სხვისი არ ვიცი და ადამიანის პორტრეტის აღსაწერად ჰაერივით მჭირდება ხოლმე იმ გარემოს დათვალიერება ან, უფრო ზუსტად, დაზვერვა, რა გარემოშიც ეს ადამიანი მუშაობს, დროის დიდ ნაწილს ატარებს. ოფისი კი ოფისია რა. კომპიუტერებით, პრინტერებით, ბლოკნოტებით, საფანქრეებით, ტელეფონებით, ანუ, რაც უნდა მაგარი იყოს – მაინც მოსაწყენი. ხის მაღალ კიბეებს მივუყვებით. ოფისის სხვენისკენ. შავი პალტო და წითელი კაბა აცვია. ნოუტბუკს მაგიდაზე დებს, მაგიდასთან ვსხდებით და გრძელი ინტერვიუსთვის ვემზადებით. ყავას მთავაზობს. რატომღაც უარს ვეუბნები. ის მპასუხობს: “შეიძლება დღეს უკვე რამდენიმე ჭიქა ყავა დალიე, მაგრამ ასეთ გემრიელს ვერ დალევდი”. ეს ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმ საღამოს კიდევ ერთი ჭიქა ყავა დამელია. უნდა დავეთანხმო, გამორჩეულად გემრიელი იყო. ოთახში ხის კარადა დგას. შუშებიანი. მინიატურული, სავარაუდოდ, ფაიფურის ფერად-ფერადი ძროხები აწყვია კარადაში. ძალიან არა, “ძაან” სასაცილოები არიან.

ნინო ზამბახიძე 37 წლისაა და ფერმერია. გულწრფელი აღფრთოვანებით მეუბნება, რომ Forbes Woman-ის ყდაზე მოხვედრა თან უხარია და თან უკვირს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ გასაკვირი სწორედაც რომ არაფერია. ნინოსნაირი წარმატებული ფერმერი არც ისე ბევრია. ანუ რას ვგულისხმობ:

ნინომ ბიზნესპარტნიორთან ერთად 2008 წელს ააშენა ყველის საწარმო; 2009 წელს – კომბინირებული საკვების საწარმო ძროხებისთვის; 2012 წელს გააშენა ვაშლის ბაღი; 2013 -ში – ხელოვნური ტბა, თევზსარეწი; 2014 – წელს ძროხების ფერმა; წელს კი ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობა. ანუ, ახლა მე ყველაფერი უკუღმა დავიწყე, რადგან ცხადია, ნამდვილ ფერმერობამდე ნინომ ძალიან გრძელი და, მე ვიტყოდი, ურთულესი გზა გაიარა. ნინოს, რომელსაც დღეს უკვე არაერთი ჯილდო

აქვს მიღებული როგორც წარმატებულ ფერმერს, 90-იანი წლების მიწურულს, პირდაპირი მნიშვნელობით, პურის ფულიც კი არ ჰქონდა.

ამერიკული ჯინსების კრახი

ნინო ჰყვება ამბავს იმისას, თუ როგორ შეუგროვეს მშობლებმა ამერიკაში სასწავლებლად წასასვლელი ფული და როგორი კრახით დასრულდა ბიზნესის წამოწყების მისი პირველი მცდელობა.

ნინომ თბილისში ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი. მამამ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო და დედამ, ინგლისურის სპეციალისტმა, რომლებსაც თვიდან თვემდე ხელფასით გაჰქონდათ თავი, გადაწყვიტეს, ფული შეეგროვებინათ და 1995 წელს ნინო ამერიკაში, ნიუ-იორკში გაეშვათ სასწავლებლად. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში უნივერსიტეტში სწავლა მისთვის წარმოუდგენლად დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მან მარკეტინგის კურსებზე ჩააბარა. ნინოს დღემდე ახსოვს პროფესორის სიტყვები, რომელმაც ძალიან მოკლედ აუხსნა მარკეტინგის არსი. მარკეტინგის, რომელიც ქართულ რეალობაში მაშინ ახალი ხილი იყო: “ასე მითხრა: “მარკეტინგი არის ის, რასაც შენ ყიდი და ჩათვალე, რომ შენ შენს თავსაც ყიდი, როდესაც მოდიხარ და შენზე და შენს ქვეყანაზე მიყვებიო”.

ნინომ ამერიკაში წელიწადზე მეტი გაატარა. სწორედ იქ გადაწყვიტა ბიზნესის დაწყება. ამ საქმეში კი მას ის ოჯახი დაეხმარა, ვისთანაც ნინო ცხოვრობდა. ამერიკელი ოჯახის თავდებით აღებული კრედიტით, ნინო ამერიკაში GAP-ის ფირმის ჯინსებს ყიდულობდა, საქართველოში გზავნიდა, აქ კი მამამისის მეგობარი მაღაზიაში ყიდდა. საქმე თითქოს კარგად აეწყო. სანამ ერთ დღესაც, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებულ ნინოს მამის მეგობარი “გამქრალი” დახვდა: “პატარა მაღაზია გვქონდა, ვერაზე, ჩაის სახლის პირდაპირ. მეგონა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესი ავაწყვე. იმ პერიოდში მშობლებს ძალიან უჭირდათ და ვფიქრობდი, რომ ჩემი ბიზნესი კარგი საშუალება იქნებოდა თავის სარჩენად. არადა, ყველაფერი ცუდად დამთავრდა. რომ დავბრუნდი, აღარც მაღაზია დამხვდა და აღარც მამაჩემის მეგობარი. დღემდე არ ვიცი მისი ადგილსამყოფელი, არ ვიცი, ალბათ ძალიან გაუჭირდა და ერთ-ერთ გამოსავლად ეს გზა არჩია. სულ მინდა, გამართლება მოვუძებნო. ეს იყო ჩემი პირველი ტკივილი და მაშინ გადავწყვიტე, რომ საკუთარ ბიზნესს აღარასდროს მოვკიდებდი ხელს”, – იხსენებს ნინო მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. იხსენებს კიდევ ერთ ემოციას: “თბილისში რომ დავბრუნდი, ჩემს ქვეყანაზე გავბრაზდი. თენდებოდა თუ ღამდებოდა, ყველაფერი ერთ ფერში იყო, მაშინ როცა რამდენიმე საათის საფრენზე სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა შესაძლებლობები არსებობდა. ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი მოტივატორი იმისა, რომ მე დღეს მეწარმე ვარ”, – მეუბნება ნინო.

თუმცა, მოდი, ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს. საქართველოში დაბრუნებულ ნინოს ამერიკაში აღებული კრედიტი ჩამოჰყვა – 20 ათასი დოლარი. მაშინ ეს ძალიან დიდი ფული იყო, ისეთი დიდი ფული, ჩვენს ოჯახს ვერც დაესიზმრებოდაო, მეუბნება ის. დღემდე მადლიერია ნინო იმ ოჯახისა, ვისთან ერთადაც ერთი წელი იცხოვრა ამერიკაში და ვისი პარტნიორობითაც ბიზნესი დაიწყო. “ვალი შუაზე გავიყავით. მაშინ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი გაყიდა ამ ვალის დასაფარად. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყველაფერი, რაც კი გვებადა, გავყიდეთ. დედაჩემის ოქროულობა, მანქანა, ნივთები. და აღმოვჩნდით უმძიმეს მდგომარეობაში. ისეთ მდგომარეობაში, რომ იყო დღეები, სახლში საჭმელიც კი არ გვქონდა. მამას მეგობრები გვეხმარებოდნენ ხოლმე. მოდიოდნენ, ხან საჭმელი მოჰქონდათ, ხან ცოტა ფული”…

მეორე შანსი – TAKE AWAY

ეს მძიმე პერიოდი თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. 1998 წელს ნინომ საქართველოში ჩამოსულ ბერძენ ბიზნესმენთან თარჯიმნად დაიწყო მუშაობა. ხელფასი 300 დოლარით განესაზღვრა და ოჯახმაც ცოტა ამოისუნთქა. ნინო ჰყვება, რომ ბევრი რამ ისწავლა მისგან – ადამიანებთან ურთიერთობა, ნებისყოფის გამომუშავება. თუმცა პრობლემებმა არც ამ შემთხვევაში დაახანა. ბიზნესმენი იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, ნინოს კი ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია.

ამჯერად ნინომ მუშაობა ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიაში განაგრძო, სწორედ იქ გაიცნო ბესო ბაბუნაშვილი – ბიზნესპარტნიორი, რომელთან ერთადაც დღესაც აგრძელებს საქმეს: “ამ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილების უფროსი ვიყავი. მაგრამ თავს ბოლომდე კარგად ვერ ვგრძნობდი. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც შეიძლება მაგიდასთან დასვა და ოფისში ამუშაო. ნელ-ნელა გამიჩნდა სურვილი, საკუთარი ბიზნესი დამეწყო. ბევრი ფიქრის შემდეგ ბესოს ვუთხარი, რომ მინდოდა გამეკეთებინა რაღაც სხვა, ახალი და ჩემი. ასე დავიწყეთ 2003 წელს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად ფერადი ლითონის ექსპორტი. მოგვიანებით კი ყავის სახლი გავხსენით”, – მიყვება ნინო, რომელიც ე.წ. Take away-ყავის კონცეფციამ ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნისას მოხიბლა. პირველად რომ იკითხა, რატომ მიარბენინებთ ყავას და გზადაგზა რატომ სვამთო, ასე უპასუხეს, დროს ვუფრთხილდებითო. საქართველოდან ჩასული ნინოსთვის ეს პასუხი ცოტა უცნაურად ჟღერდა, თუმცა, წლების შემდეგ, ნინომ თბილისში პირველი Take away-ყავის სამი ჯიხური გახსნა სახელწოდებით “ახალი ყავის ფერი”. “2005 წელს Take away-ს ბიზნესი, მართალია რთულად, მაგრამ მაინც ავაწყვეთ”, – იხსენებს ნინო. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ნინომ უცხოელ პარტნიორთან ერთად საქართველოში იტალიური ყავისა და ჩაი “ვერნიანოს” შემოტანა, რომლის დისტრიბუციაც დღემდე წარმატებით გრძელდება.

ორი ძროხა

ასე, ყავის სურნელთან ერთად დადგა 2007 წელი, სანამ ერთ დღესაც ნინოს პარტნიორი ბესო ბაბუნაშვილი ახალციხეში არ აღმოჩნდა და სრულიად სპონტანურად ორი ძროხა არ იყიდა. ეს ამბავი კი ნინოს ტელეფონით შეატყობინა: “ხშირად დაუსვამთ კითხვა, შენ რა იფიქრე, ეს ამბავი რომ გითხრაო. ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ ძალიან შეგნებულად ავუბი ბესოს მხარი. შეგნებულად, იმიტომ რომ კარგად მახსოვდა ის პერიოდი, როდესაც ჩემს ოჯახს საჭმლის ფული არ ჰქონდა. ეს ალბათ იყო ზუსტად ის, როდესაც ქვეცნობიერად გეშინია და არასდროს იცი, რა გელის. ეს ძროხები კი მინიმუმ იმის გარანტია იყო, რომ თუკი გაგიჭირდება, შვილები გამოკვებო. ალბათ ექსკლუზიურად გამომდის, რასაც ახლა ვამბობ, სხვა დროს ამაზე არ დავფიქრებულვარ, მაგრამ ახლა უცებ მივხვდი, რატომ ავუბი ბესოს მხარი. ხშირად მახსენდება, ბებიაჩემი არასდროს ყრიდა პურს. მორჩენილ პურს ყოველთვის ხუხავდა. რომ ვეკითხებოდი, რად გინდა ამდენი გახუხული პური-მეთქი, მეუბნებოდა, ომი მაქვს, შვილო, გამოვლილიო. ალბათ მეც ეს დამემართა. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც მარტო პურსა და პომიდორზე ვიყავით. ოქროყანაში ვწყვეტდით პომიდორს და იმას ვჭამდით”…

მოკლედ, იყიდა ბესომ ორი ძროხა და ეს ორი ძროხა დატოვა ახალციხეში. სოფელ წნისში. და რა აკავშირებდა ნინოს სოფელთან 2007 წლამდე? არაფერი. იმიტომ რომ, როგორც ის მეუბნება, ზაფხულობითაც კი არასდროს დაუსვენია სოფელში. არადა, ძროხებს პატრონი სჭირდებოდა. ნინომ ჩაიცვა ბოტები და ბესოსთან ერთად ახალციხეში წავიდა. ახალციხიდან მობრუნებულებმა კი გზაშივე გადაწყვიტეს, რომ ამ ძროხების დახმარებით ახალი ბიზნესი, ყველის წარმოება დაეწყოთ.

იმას კი კარგად ხვდებოდა, რომ ამ ბიზნესის დაწყება ადვილი ვერ იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული იყო და საქმესაც შეუდგა. პირველი, რაც მოახერხა, მაშინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს, პეტრე ცისკარიშვილს შეხვდა: “დღესაც მახსოვს მისი გაოცებული სახე, როცა ვუთხარი, მაღალპროდუქტიული ძროხების შეძენა და ყველის წარმოების დაწყება მინდა-მეთქი. ძველი ნაცნობობა გვაკავშირებდა და ვერაფრით წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა წავსულიყავი სოფელში და ფერმერი გავმხდარიყავი”.

ნინო ვერც იმან შეაფერხა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაბმას შესაძლოა მისი სოფლად გადაბარგება მოჰყოლოდა. ათასწლეულის გამოწვევის პროექტში საგრანტო წინადადება შეიტანა, რამაც პარტნიორებს 125 000 დოლარი მოუტანა. ამ ფულით კი ნინომ და ბესომ რძის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენეს: “ხშირად ამბობენ ხოლმე და მწყინს, პატრონი რომ არ ჰყოლოდა, ვერაფერს იზამდაო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ “პატრონი” არ მყოლია: დავწერე პროექტი, შევიტანე საკონკურსო განაცხადი, გაგვიმართლა და მოვიგეთ. როდესაც რაღაც გულით გინდა და საქმეს ბოლომდე მიჰყვები, მერწმუნეთ, შესაძლებელია, რომ გრანტი უპატრონოდანაც მოიპოვო. რეგიონში თუ რომელიმე დონორი ორგანიზაცია მუშაობდა, ყველასთან ერთად განმიხორციელებია პროექტი. ამ ფულით საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმო ავაშენეთ და 350 ადგილობრივი მოსახლისგან რძის შეძენა დავიწყეთ”.

თუმცა საწარმოს მშენებლობის პარალელურად, ნინო ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მან ვერსად მოიძია ტექნოლოგი, რომელსაც თანამედროვე ცოდნა ექნებოდა რძის გადამუშავებასა და ყველის წარმოებაში. სწორედ ამიტომ, ნინო თურქეთში წავიდა სასწავლებლად და ტექნოლოგის პროფესიასაც დაეუფლა. ნინო სურსათის უვნებლობის მენეჯერიც გახდა.

ასე “მოიჭრა ნინომ უკან დასაბრუნებელი გზა” და თბილისიდან ახალციხეში გადაბარგდა. ორი შვილი თბილისში, დედას და ძიძას დაუტოვა. ქმარი კი მის ახალციხეში გადასვლას დაშორებით შეხვდა:

“ჩემს მეუღლეს არ აინტერესებდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. პარალელურად კი ახალციხეში სულ სხვა პრობლემები დავინახე, რამაც ჩემი ყოველდღიური პრობლემები დამავიწყა. მე თვითონაც ვერ გავაცნობიერე, ისე ჩავერთე მათ ცხოვრებაში. მთელი ყურადღება მათზე გადავიტანე, სხვანაირად გადავაფასე რაღაცები. ერთი მხრივ, ეს ჩემი პირადი ცხოვრებისთვის ალბათ არ იყო კარგი, მაგრამ მეორე მხრივ, ალბათ ასე იყო საჭირო. კარგია, როცა ოჯახიც და ბიზნესიც ჰარმონიაში გყავს მოყვანილი, მაგრამ მე ასე არ გამომივიდა. თუმცა დღეს ამას არ ვნანობ და უკან რომ დამაბრუნო, იმისათვის, რომ ქმარი შევინარჩუნო, ისევ ამ გზას ავირჩევ”, – მეუბნება ნინო, რომლის გულწრფელობაშიც ეჭვი არ მეპარება, რადგან ისეთი გატაცებით აგრძელებს საუბარს წარმოებისა თუ ძროხების თაობაზე, რომ ეს საქმე მართლა რომ არ უყვარდეს და მართლა რომ არ იყოს თავდადებული, აქამდე მრავალჯერ ექნებოდა მიტოვებული ბიზნესი, რომელიც არა მხოლოდ გონებრივ, არამედ ფიზიკურ შრომასაც მოითხოვს. ამას კი შვილებისგან შორს ყოფნაც ემატება.

და დაიწყო ნინომ ცხოვრება სოფელში. და დაიწყო ყველის წარმოებაც. თუმცა დადგა სექტემბერი და ძროხებს რძე გაუშრათ. პირუტყვს საკვები სჭირდებოდა. ნინომ და ბესომ კიდევ ერთი სესხი აიღეს. ამჯერად პირუტყვის საკვების მწარმოებელი ქარხნისთვის, რათა მოსახლეობას ძროხებისთვის საკვები მიეწოდებინა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ეს იყო არა მხოლოდ საკვების პრობლემა, არამედ ძროხების ცუდი გენეტიკაც: “როგორ შეიძლება, ასე ბრმად აკეთო საქმე? არ შეიძლება. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა გამოიკვლიო, ბაზარი შეისწავლო. ამიტომ ძალიან ძვირი დამიჯდა ჩემი უმეცრება. საბოლოოდ, 2014 წელს იაფი სესხის ფარგლებში გავაკეთეთ ჩვენი ფერმა, სადაც 100 სული ძროხა გვყავს, რომლებიც სომხეთში შევიძინეთ”.

დღეს ნინო და მისი პარტნიორი ახალციხეში 70 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას და 300 ჰექტარ საძოვარს ფლობენ. 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი აქვთ გაშენებული. იქვე გააკეთეს ხელოვნური ტბა, თევზსარეწიც.

დღეში 400 კგ. ყველს აწარმოებენ. ძირითადად იმერული ტიპის ყველს. თუმცა უახლოეს მომავალში შებოლილი სულუგუნის წარმოებასაც აპირებენ.ყველი, რომელსაც “ახალციხური” ჰქვია, სხვადასხვა სუპერმარკეტში იყიდება და, როგორც ნინო ამბობს, მათ დღეს რეალიზაციის პრობლემა არა აქვთ.

ყველა ახალ საქმეს ნინო თავის პარტნიორ ბესო ბაბუნაშვილთან ერთად იწყებს და აგრძელებს. ნინო ამბობს, რომ სწორედ ბესოს დიდი დამსახურებაა ის, რომ დღეს ნინო წარმატებული ფერმერია: “ის ჩემი დიდი მოტივატორია. მთავარია, ერთხელ

ვთქვა, ამის და ამის გაკეთება მინდა-მეთქი, მაშინვე გვერდში მიდგება”, – ამბობს ნინო.

ნინო ფერმერების გვერდით მას შემდეგ, რაც ნინო სოფლის მეურნეობის საკითხებს გაეცნო, კარგად შეიგრძნო ფერმერთა მძიმე შრომა და სირთულეები, გადაწყვიტა, ფერმერთა ასოციაცია შეექმნა. ნინოს ასეთი კრედო აქვს: ის არასდროს ზრუნავს მხოლოდ საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე. მისთვის პრიორიტეტულია სხვებზე ზრუნვა. სწორედ ეს კრედო დაედო საფუძვლად ფერმერთა ასოციაციის შექმნასაც. ნინო მიხვდა, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ფერმერებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა. როგორც ნინო იხსენებს, იმ პერიოდში სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისათვის ჯერ კიდევ არ იყო პრიორიტეტული, ფერმერებს უამრავი მოუგვარებელი პრობლემა ჰქონდათ. ასე იქცა 2012 წელს დაარსებული ფერმერთა ასოციაცია ხელისუფლებასა და ფერმერებს შორის შუამავლად. დღეს ეს ასოციაცია 1300 ფერმერს აერთიანებს.

ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც დღეს ფერმერების წინაშე დგას, ნინოს აზრით, ეს ინფორმაციისა და განათლების სიმწირეა. “დღეს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელი არ მიუწვდებათ, არა აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება სხვა ქვეყნებში. ანალოგიურ პრობლემას გადავაწყდი მეც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გრენობლის ეკონომიკის სკოლაში ჩაბარება. დღესდღეობით გლობალური მართვის მაგისტრის ხარისხის კანდიდატი ვარ. ახლა ვმუშაობ ნაშრომზე სახელწოდებით “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გავლენა წვრილ ფერმერებზე. შესაძლებელია თუ არა, რომ სოციალური მედია იყოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა”.

მართალია, სოფლის მეურნეობის განვითარებისა თუ ფერმერთა მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთ-ერთ მთავარ გზად ნინო ზამბახიძეს განათლება მიაჩნია, თუმცა იმასაც თვლის, რომ ამ დარგის წინ წაწევისთვის სახელმწიფოს ჩართულობა და სხვადასხვა პროგრამის ამოქმედებაა აუცილებელი. ამ მხრივ, ნინოს თქმით, დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში არაერთი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებულად კი გამოყოფს პროგრამას “დანერგე მომავალი”. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ფერმერის თქმით, პრობლემა კვლავაც ბევრია: “ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, რადგან როცა, მაგალითად, კახეთი დაისეტყვება, დასეტყვილის აღსადგენად კი არ უნდა გადაიხადოს მთავრობამ ფული, არამედ ამის პრევენციაზე თავიდანვე უნდა ზრუნავდეს. ვიცით, რომ არ ხდება გვალვის დაზღვევა, ამიტომ აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სარწყავი სისტემები. უნდა ჩაიდოს მნიშვნელოვანი თანხა ფერმერთა განათლებაში, ტრენინგებში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, გნებავთ, პროფესიული განათლების ცენტრებში, გნებავთ, ადგილობრივ უნივერსიტეტებში და ა.შ. ისედაც რთული მდგომარეობაა მიგრაციის თვალსაზრისით და თუ გვინდა, რომ სოფლები მთლიანად არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მათ განათლებასა და სოფლებში ისეთი პირობების შექმნაზე, მშობლიურ კუთხეში დარჩენა და მასზე ზრუნვა რომ მოუნდეთ. აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს იაფი სესხის პრეცედენტი და დამწყები ფერმერებისთვისაც იყოს ფინანსები ხელმისაწვდომი, უნდა გვქონდეს აგრობანკი… აი, ამას თუ უზრუნველყოფს სახელმწიფო, ფერმერი შემდეგ უკვე თავად გადაწყვეტს, რა გააკეთოს და როგორ”, – ასეთია ნინო ზამბახიძის ზოგადი ხედვა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

სტერეოტიპი, რომელიც ნინომ დაარღვია

ნინო ზამბახიძე სწორედ მაშინ ჩაება სოფლის მეურნეობაში, როცა ეს დარგი, საერთოდ ფერმერობა, არც ისე პოპულარულ საქმიანობად იყო მიჩნეული. განსაკუთრებით კი დედაქალაქში. მეტიც, მის შესახებ საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი ჰქონდათ. ნინო სოფლის მეურნეობაში მის პირველ ნაბიჯებსა და იმ ხალხის რეაქციებს იხსენებს, ვინც მისი საქმიანობის შესახებ იგებდა. დასაცინი თემაც კი იყოო, მეუბნება ნინო. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც არ წარმოედგინა, როგორ შეიძლებოდა ქალაქის ცენტრში გაზრდილი ქალი ერთ მშვენიერ დღეს ფერმერად გადაქცეულიყო და ისეთ საკითხებში გარკვეულიყო, როგორიცაა საქონლის გენეტიკა თუ ყველის ამოყვანა. “დღეს სოფლის მეურნეობა ძალიან “გაპონტებულია” და მიმაჩნია, რომ ამაში მცირე წვლილი მეც მიმიძღვის. საინფორმაციო კამპანიებმა, ხელისუფლების აქტიურობამ ხელი შეუწყო ამ დარგის პოპულარიზაციას და თითქმის ვერ შეხვდები სუფრას, ერთი ადამიანი მაინც რომ არ ჰყვებოდეს, ვენახი როგორ ჩაყარა ან სათბური გააკეთა”, – დასძენს ნინო.

ნინო ზამბახიძე საუკეთესო მეწარმე ქალის ჯილდოს მფლობელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნინოს ფერმერობა ხშირად დღესაც გაკვირვების საგნად რჩება. ეს ალბათ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების ბრალიაო, მეუბნება ის: “რატომ არ შეიძლება, რომ ფერმერი იყოს ქალი და რაც მთავარია, ქალი, რომელსაც ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია? – მეკითხება ნინო და თავადვე მცემს პასუხს: “რა თქმა უნდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ფერმაში არ დავდივარ, მაგრამ არც საქმიან შეხვედრებზე დავდივარ ბოტებით. 2009 წელს ამერიკის ხაზინის ხელმძღვანელს შევხვდი, მასაც კი გაუკვირდა, როდესაც შეიტყო, რომ ფერმერი ვიყავი, თუმცა მოგვიანებით მან დაწერა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იხარჯებოდეს ამერიკის მთავრობის ფული და მის ანგარიშში მეც მოვხვდი, როგორც პატარა გოგო, რომელიც ფერმერი გახდა”, – მიყვება ნინო.

2013 წელს კი ნინო საერთაშორისო ორგანიზაციის “მოახდინე ინვესტირება მომავალში” საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კოორდინატორი გახდა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ლიდერი ქალების გაძლიერებას რეგიონებში. ნინო ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, რადგან ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალები ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, ისინი სათანადოდ არ არიან წარმოჩენილნი: “ხშირად ვხვდები ქალებს რეგიონებში. პირველი, რასაც ვეუბნები ხოლმე ისაა, რომ არასდროს მოვიდნენ შეხვედრაზე მოუწესრიგებლები. თუ გინდა, რომ საქმე კარგად გამოვიდეს, ეს შენს შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. სულაც არ მიყვარს ქუსლებზე სიარული, ვერ ვიტან, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს, ვდგავარ ქუსლებზე. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გვიწევს ბრძოლა იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ქალების სიძლიერე, გამჭრიახობა, ბიზნესის მართვის ნიჭი. ხშირად ეს ნიჭი მიძინებულია და ამ ნიჭს აღმოჩენა უნდა. ამიტომ პირველი, რაც ფერმერთა ასოციაციაში გავაკეთე და რითაც ვამაყობ, ისაა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ წარმოვაჩინო ჩვენი ლიდერი ფერმერი ქალები. ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა მედიასაშუალებასთან და მათ შესახებ ხშირად წერენ ჟურნალებში, ინტერნეტსივრცეში და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ პროექტს “ფერმერი პატრიოტია”. ჩვენ ვცდილობთ ავამაღლოთ ჩვენი ფერმერების ცნობადობა. გვაქვს ძალიან აქტიური ფეისბუკგვერდი, სადაც თითოეული სიახლის შესახებ ვწერთ. ამ ადამიანებს წარმოჩენა სჭირდებათ. ცნობადობის გაზრდა პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდასაც გამოიწვევს, ეს პირდაპირ აისახება მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ხარისხზე, რასაც წარმატებაც მოჰყვება”, – წარმატებამდე მისასვლელი ასეთი გზა დახატა ნინომ, რომელიც წარმატებას სხვადასხვანაირად აფასებს.

მაგალითად, თუკი წარმატებას ფულში დავითვლით, მაშინ ნინო ამბობს, რომ ის წარმატებული არ არის, რადგან მისი ბიზნესი მოგების მოტანას მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ დაიწყებს. ასეთია მისი გათვლა. ამ ეტაპზე ნინო და მისი პარტნიორი გამომუშავებული თანხის სრულ რეინვესტირებას ახდენენ: “თუმცა, თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ წარმატებას, მაშინ წარმატებული ვარ, რადგან შევძელი ის, რაც ვერასდროს წარმომედგინა და გავაკეთე ისეთი რამ, რაც დღემდე მიკვირს, როგორ შევძელი. იცი, რძე ცხოვრებაში არ გამისინჯავს და ყველი არ მიყვარს. ისეთი რაღაცები ვაკეთე, რაც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. დღეს მიმაჩნია, რომ რეალიზებული და წარმატებული ადამიანი ვარ, იმიტომ რომ დიდი სიძნელეები გამოვიარე და ყოველ ჯერზე ფეხზე დადგომა შევძელი. სერიოზული პრობლემები შეგვექმნა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მაინც არ დავეცი. დღეს, ამ გადასახედიდან, მიმაჩნია, რომ წარმატებული ვარ. რამდენიმე პრინციპი მაქვს ცხოვრებაში: პირველი: რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს. მეორე: სანამ ადამიანი ცოცხალია, არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელთაც მუშაობა ეთაკილებათ “…

ნინოც დიდი ენთუზიაზმით იწყებს ამბის მოყოლას, თუ როგორ მუშაობს ხოლმე სხვა, რიგით თანამშრომლებთან ერთად, ხშირად ისეც ყოფილა, სტუმრებს გვერდით ჩაუვლიათ, რადგან ჩვეულებრივი თანამშრომელივით, თავწაკრული ვიდექი და საწარმოში ვმუშაობდიო, მეუბნება ის: “მე არ მეთაკილება არანაირი საქმე. ყველაფერს ძალიან კრიტიკულად ვუყურებ და შეიძლება არ მომეწონოს, მაგალითად, როგორ არის გარეცხილი ჭურჭელი და ხელახლა გავრეცხო. ან არ მომეწონოს, როგორ გამოიყურება ესა თუ ის მილი და მისი ხეხვა დავიწყო. ხელმძღვანელი საუკეთესო მაგალითია თანამშრომლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი თანამშრომლის მიმართ ძალიან მაღალი ნდობით ვარ განწყობილი, მაინც კრიტიკული ვარ. ეს შეიძლება ხმამაღლა არ ვთქვა, მაგრამ ყოველთვის ამახსოვრდებათ ის, რასაც ვაკეთებ. არსებობს ასეთი გამოთქმა: რასაც მეუბნები, ის მავიწყდება, რასაც ვხედავ, ის მამახსოვრდება და რასაც ვაკეთებ, იმას ვსწავლობ. მე ამ პრინციპით ვუდგები საქმეს. მინდა, რომ ადამიანები განვითარდნენ არა ჩემი მითითებით, არამედ თვითონ მივიდნენ წარმატებამდე. მე ეს საკუთარ ტყავზე გამოვცადე, რძე ამჭრია, ყველი ვერ ამომიყვანია, მიტირია, ჩემს კისერზე გადაიარა ბევრმა ქარიშხალმა და დღეს არანაირი ბარიერი აღარ მაშინებს”, – მეუბნება ნინო.

საქმე, რომელიც თავდადებას მოითხოვს

საქმე, რომელსაც ნინომ თავი მიუძღვნა, მისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. ხშირად იხსენებს მისი 12 წლის შვილის სიტყვებს: შენ რომ წარმატებული ხარ, ეს ჩვენი დამსახურებაა, რადგან არასდროს გსაყვედურობთ, რატომ არ ხარ ჩვენთანო. ნინოს 12 და 9 წლის შვილები თბილისში ცხოვრობენ, მათ ბებია და ძიძა ზრდიან. ნინო ამაზე დარდობს:

“იმედს ვიტოვებ, რომ იმას მაინც გავუკეთებ, რომ ჩემით იამაყონ. უფროს ბიჭს თვითონ აქვს მოთხოვნა, რომ ფერმერი გახდეს. უმცროსი კი ამბობს, რომ ბანკირი უნდა იყოს. ისინი უჩემოდ იზრდებიან, მაგრამ ის აზრი მამხნევებს, რომ მომავლის საქმეს ვაკეთებ, რომელიც, იმედი მაქვს, წინ დახვდებათ და შეძლებენ, ჩემით იამაყონ”.

ზევით ნინომ ახსენა, ჩემი ბიზნესი მოგებას შვიდი წლის შემდეგ მოიტანსო. დღეს ახალციხეში მისი ბიზნესის აქტივი დაახლოებით 2,4 მილიონ ლარს შეადგენს. ზოგადად ფულთან ნინოს ფილოსოფიური დამოკიდებულება აქვს: “რადგან მიმაჩნია, რომ ფულის ქონა-არქონა არ არის გადამწყვეტი. კი, რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ყველაფრის საშუალება გაქვს, თუმცა კი ბევრი ფულის გარეშეც შეგიძლია, ბევრი კარგი რამ გააკეთო. დღეს ჩემთვის ფული მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შვილების განათლების უზრუნველყოფა შევძლო და პირველადი მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო”, – მეუბნება ნინო.

როგორც აღმოჩნდა, ბევრს ჰგონია, რომ ნინო ზამბახიძე ძალიან შეძლებული ადამიანია. არადა, როგორც ის მეუბნება, ხანდახან არის პერიოდი, როდესაც ფული საერთოდ არა აქვს: “შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს რეალობისთვის ერთ-ერთი მსხვილი დივერსიფიცირებული აგრობიზნესი მაქვს. მაგრამ მე დღეს არ ვარ შეძლებული. დიახ, არის პერიოდი, როცა ფული არ მაქვს. იმიტომ, რომ ფულის ძირითად ნაწილს კვლავაც ბიზნესში ვაბრუნებ და გარდა ამისა, ხშირად ფულს იმ ადამიანებს ვაძლევ, ვისაც ჩემზე მეტად სჭირდება. და ეს ადამიანები ხშირად ჩემთვის აბსოლუტურად უცნობებიარიან. ჩემთვის ქველმოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ხშირად მწერენ, რომ ხან ავადმყოფი შვილის სამკურნალოდ სჭირდებათ ფული, ხან სწავლის საფასურის გადასახდელად და მე არც კი მომდის თავში აზრად, ეს ინფორმაცია გადავამოწმო, ისე რიცხავს ჩემი პირადი ბანკირი მათ ანგარიშზე საჭირო თანხას. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ამგვარი საქციელის შემდეგ მე საკუთარი შვილის სწავლის საფასურის გადასახდელი ფული აღარ დამრჩენია. თუმცა, იმდენად კარგად ვგრძნობ თავს, როდესაც სხვას ვეხმარები, რომ ამ შეგრძნების გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

ერთხელ რომ ცხოვრობ ადამიანი, ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი წასვლის შემდეგ რაღაც დატოვო”, – ასე ფიქრობს ნინო, რომელიც, გარდა იმისა, რომ ქველმოქმედება სიამოვნებას ანიჭეს, რისკიანიცაა. ამბობს, რომ არასდროს გაუცრუებია იმედები მის ინტუიციას. კიდევ ერთი თვისება, რომელიც ნინოს ახასიათებს, ეს თვითკრიტიკულობაა. ის არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით და საკუთარ თავს უფრო და უფრო მეტს სთხოვს.

ნინოს სოფელი

რაკი ინტერვიუ თბილისში, ოფისის კედლებშია ჩაწერილი, ნინოს ვთხოვ აღმიწეროს ის, თუ როგორ ცხოვრობს ახალციხეში, როგორია მისი სამუშაო დღე, საღამო… ნინო იწყებს მოყოლას და თითქოს ერთბაშად იცვლება.

სოფელ წნისში დილა ადრე იწყება, რადგან ნინოს მამალი ყველა მამალზე ადრე ყივის. მალე ორსართულიან სახლში ყავის სურნელი დატრიალდება. ის, რასაც ვერ შეველიე, დილაობით ყავის დალევააო, მეუბნება. საუზმის შემდეგ საწარმოების შემოვლას იწყებს. დიდ დროს უთმობს თანამშრომლებთან ურთიერთობას. აუცილებლად უნდა მოინახულოს ძროხები და ხბოები. და თუ გაუმართლა და რომელიმე ძროხა ხბოს იგებს, სწორედ ნინო იღებს მშობიარობას. სახელებსაც თვითონ არქმევს ხბოებს. შემდეგ კი ოფისში გადაინაცვლებს, სადაც ყოველდღიურად ბევრი საქმე თუ დოკუმენტი აქვს მოსაწესრიგებელი. საღამოობით კი…

“შებინდებისას მეგობრებთან მივდივარ ხოლმე. ან ისინი მოდიან ჩემთან. წნისში უამრავი მეგობარი გავიჩინე. ვსვამთ ყავას, ვლაპარაკობთ ათას სისულელეზე. მერე კიდევ შემოგვემატება ვინმე და გეტყვის, აბა, ჭიქა გადმოატრიალეთ, გითხრათ, რა ბედს ეწევითო. ვიღაც კარტს შლის. ვიღაცას შოკოლადი მოაქვს… და გადის საღამოები”…

საღამოს კი ისევ დილა მოსდევს. ხან ქუსლებზე შედგება ნინო, ხან ბოტებს ამოიცვამს. გააჩნია, რას უმზადებს მომდევნო დღე. დღეები კი გრძელია თბილისიდან ახალციხეში, ახალციხიდან თბილისში…

და ჰო, ნინო, რომელსაც სძულდა ყველი, ყველის ჭამას მიეჩვია.

სტატია ინგლისურ ენაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *