საბაზრო ეკონომიკის მქონე განვითარებულ ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არიან ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე, ბევრი საერთო აქვთ, მაგრამ ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კარგად დაცული საკუთრების უფლება და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მაღალი დონე. საქართველოში ორივე მიმართულებით პრობლემები გვაქვს. ამჯერად ვისაუბრებთ მხოლოდ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების დღევანდელ დონეზე, პრობლემებსა და შესაძლებლობებზე. თუმცა, საკუთრების უკეთ დაცვა მნიშვნელოვნად განაპირობებს საფონდო ბირჟის განვითარებას.
განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგის მომტანია. ერთი მხრივ, კომპანიებისთვის აფართოებს კაპიტალის ბაზარს, ისინი არ არიან დამოკიდებული მხოლოდ საბანკო კრედიტზე ან პირდაპირ ინვესტიციებზე, შეუძლიათ კომპანიის მცირედი წილის აქციებად გაყიდვით მოიზიდონ დამატებითი კაპიტალი. მეორე მხრივ, მოსახლეობას სტიმული უჩნდება, თანხა დაზოგოს და აქციები შეიძინოს. ფასიანი ქაღალდების ბაზარი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთი ლარის მფლობელიც კი ინვესტორი გახდეს. რაც მეტია ერში დაზოგვისადმი მიდრეკილება, მით მეტი ინვესტიცია ხორციელდება და ეკონომიკის ზრდის ტემპი მაღლდება. ბირჟა აიოლებს უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც პორტფელური ინვესტიციების სახით. გარდა ამისა, საფონდო ბირჟაზე მიმდინარე მოვლენები, რაც საფონდო ბირჟის ინდექსში აისახება, ქვეყნის ეკონომიკის ტენდენციებს ასახავს – როგორც ბუმს, ასევე კრიზისს. ვალუტის კურსთან ერთად საფონდო ბირჟის ინდექსები პირველი სიგნალის მომცემია ეკონომიკაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ. აქედან გამომდინარეობს ის პანიკა, რომელიც იწყება ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბირჟის ინდექსები სწრაფად იწყებს დაცემას. საფონდო ბირჟის ინდექსი გამოსახავს ბევრი კომპანიის სააქციო კაპიტალის საერთო ღირებულების დონეს. შესაბამისად, ინდექსის შემცირება კომპანიების კაპიტალის შემცირებას ნიშნავს.
საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) 1999 წლიდან ფუნქციონირებს, მაგრამ 16 წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ განვითარებული, მაღალი ბრუნვის მქონე ბირჟა მიგვეღო. 2015 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საფონდო ბირჟის სისტემაში 128 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრული საბაზრო კაპიტალიზაცია 658 მილიონი დოლარია, 2014 წლის ბოლოს 717 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2014 წლის ბოლოს – 699 მილიონი დოლარი. წლიური გარიგებები კი 2013 წელს 10 მილიონ ლარამდე იყო. ეს საკმაოდ მცირე მოცულობაა. შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს, გარიგება საერთოდ არ განხორციელდეს. სსბ-ზე წარმოდგენილი არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: “საქართველოს ბანკი”, “ლიბერთი ბანკი”, “ევექსი”, “თელასი”, “თელიანი ველი”, “სარაჯიშვილი”, “ყაზბეგი” და სხვა.
საქართველოში საფონდო ბირჟაზე დაშვებული კომპანიების კაპიტალიზაცია დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3%-მდეა, როცა ჰონკონგში მშპ-ის 420%-ია, შვეიცარიაში – 160%, სინგაპურში – 143%, აშშ-ში – 115%, შვედეთში – 103%, ჩინეთში – 44%, რუსეთში – 43%, პოლონეთში – 36%, ესტონეთში – 10% და ა.შ.
საქართველოს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა ზრდის ტემპს 2008 წლამდე ინარჩუნებდა, 2008 წლიდან კი შემცირება დაიწყო, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისითა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შეცვლით. კერძოდ, დაშვებულ იქნა ბირჟის გარეთ ვაჭრობა, რის შედეგადაც გარიგებების უმრავლესობა ბირჟიდან გავიდა. ბირჟიდან გასვლის მთავარი მიზეზი ნაკლები ტრანზაქციული ხარჯებია.
სსბ ყოველდღიურად აქვეყნებს საქართველოს საფონდო ბირჟის ინდექსს, რომელიც გარკვეულწილად გამოხატავს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებს. ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკის ბუმის პერიოდში 2007 წლის დასაწყისიდან 2008 წლის აგვისტომდე ინდექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შემდეგ კი სწრაფად შემცირდა. თუმცა, 2009 წელთან შედარებით, 2015 წელს თითქმის ორჯერ მეტია.
საინტერესოა, რა აფერხებს საქართველოში ფინანსური ქაღალდების ბაზრის განვითარებას, როდესაც პრეტენზია გვაქვს, რომ დასავლური სტილის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანას ვაშენებთ. პირველ რიგში, საფონდო ბაზრის განუვითარებლობა კომპანიათა აქციებისა და კორპორაციული ობლიგაციების სიმცირითაა განპირობებული. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზებია როგორც ემიტენტების (სააქციო საზოგადოებების) სიმცირე, ისე დანაზოგების მფლობელთა მხრიდან აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების არამიმზიდველობა. დანაზოგის მფლობელს ურჩევნია, ფული ბანკში შეინახოს დეპოზიტის სახით, ან სხვა აქტივში ჩადოს, მაგალითად – უძრავ ქონებაში.
კომპანიებს აქციების გაყიდვით ფინანსების მოზიდვას ურჩევნიათ ბანკიდან აიღონ სესხი. ამის მიზეზი შემდეგი გარემოებებია: 1. საფონდო ბაზარზე შესვლა მოითხოვს გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებთან მისადაგებას, რაც, ხშირ შემთხვევაში, კომპანიების მხრიდან როგორც ფინანსურ, ისე დროის დანახარჯებს უკავშირდება. ასევე საჭიროა, ანგარიშები საფონდო ბირჟის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოდგენილი; 2. ხშირად გარიგების ღირებულება საფონდო ბაზარზე მაღალია, რაც მას საბანკო კრედიტთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველს ხდის; 3. კომპანიების არასაკმარისი გათვითცნობიერება საფონდო ბირჟის საქმიანობის მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს მოსახლეობას აქციების შეძენის კულტურა არ გააჩნია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს: 1. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა – უნდობლობა კერძო სექტორის მიმართ და გაუთვითცნობიერებულობა კორპორაციულ ფინანსებში; 2. ცუდი ისტორიული გამოცდილება კომერციული სექტორის ფასიანი ქაღალდების მიმართ (90-იანი წლების გამოცდილება, როდესაც ბევრი საწარმო გაკოტრდა); 3. კერძო სექტორის გამჭვირვალობის დაბალი დონე ხელს უშლით კერძო სექტორში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში; 4. უმნიშვნელო წილის მფლობელი აქციონერების უფლებების დასაცავად არასათანადო ინსტიტუციური ბაზა, რომლის გაუმჯობესების აუცილებლობა ბიზნესის კეთების ინდექსის ბოლო ანგარიშშიც (Doing Business 2016) არის აღნიშნული. 5. არ არსებობს კომპანიების სტაბილურად განვითარების მოლოდინი, რადგან სათანადოდ არ არის დაცული საკუთრების უფლებები და მაღალია პოლიტიკურ ძალთა ბალანსის ცვლილებების გავლენა ბიზნესზე.
მსოფლიო ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართული ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად დაფინანსებისადმი შიდა სააქციო ბაზრის სიმცირე სახელდება. აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ 140 ქვეყანას შორის 133-ე ადგილი დაიკავა.
შიდა დაფინანსების მცირე მოცულობით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ სამმა მსხვილმა ქართულმა კომპანიამ – “საქართველოს რკინიგზამ”, “საქართველოს ბანკმა” და “თიბისი ბანკმა” – თავიანთი აქციების მნიშვნელოვანი მოცულობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა.
საქართველოში ფასიანი ქაღალდების განვითარების შემაფერხებლად მიჩნეულია ამ მიმართულებით არსებული დღევანდელი კანონმდებლობაც. ამას ადასტურებს ევროკავშირის მოთხოვნებიც. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, მაქსიმუმ 7 წლის ვადაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებს მიუსადაგოს. დირექტივების ძირითადი მოთხოვნები გარიგებებისა და ფასის გამჭვირვალობის ზრდას, ემიტენტების ფინანსურ ანგარიშგებასა და ინფორმაციის ღიაობას, ინვესტორთა თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს.
ბუნებრივია, საფონდო ბირჟის ერთ-ორ წელიწადში მნიშვნელოვნად ზრდა შეუძლებელია, მაგრამ საქართველოს აქვს პოტენციალი, თანდათანობით შესამჩნევად განავითაროს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ერთი მოცემულობაა ის, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დავაღწიეთ თავი ბიზნესის “საბჭოთაკავშირისეულ” გაგებას და დრო დასჭირდება როგორც კომპანიების, ისე პოტენციური აქციონერების დამოკიდებულების შეცვლას ფასიანი ქაღალდების მიმართ. მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის სიდიდე და განვითარების დონეც, თუმცა საქართველოზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც აქვს სააქციო ბაზრის კაპიტალიზაციის უკეთესი მაჩვენებლები (მაგალითად, მონღოლეთს, ნიგერიას, კენიას, უგანდას).
სახელმწიფოს შეუძლია, დადებითი როლი ითამაშოს აღნიშნულ პროცესში როგორც კანონმდებლობის დახვეწით, ასევე ფინანსური განათლების გაუმჯობესებით (აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა საფონდო ბაზრის შესახებ), გამჭვირვალობის ხელშეწყობითა და საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებით.
კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისთვის მთავრობას შეუძლია ხელი შეუწყოს თვითრეგულირებადი, პირდაპირ ვაჭრობაზე დამყარებული სავაჭრო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია ემიტენტების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, გარიგებათა ხარჯებისა და ანგარიშსწორებათა რისკების მინიმიზაცია, სპეკულაციური გარიგებების აღმოფხვრა და ბაზრებზე შეთანხმებული თამაშის წესების დაცვა.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის საჭიროა გამჭვირვალობის მაღალი მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება კომპანიებისათვის არ იყოს დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ მხრივ, საჭიროა სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი აუდიტორული და სარეიტინგო კომპანიების განვითარების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რეგიონი არ გამოირჩევა მაღალგანვითარებული საფონდო ბირჟებით, რაც დამატებით შანსს უჩენს საქართველოს, წარმატების შემთხვევაში, ადგილობრივი ბირჟა რეგიონულ დონეზე გაფართოვდეს და საქართველო ერთგვარ რეგიონულ ფინანსურ ცენტრად იქცეს.
დატოვე კომენტარი