რამდენს შეადგენს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი?

რამდენს შეადგენს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. ცნობისთვის, მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 24.2 მლრდ აშშ დოლარი (63.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 85.9%-ია. მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 260.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა 10.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (28.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 38.4%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.3 მილიარდი აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 882.9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 431.8 მილიონი აშშ დოლარი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარია.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მილიარდი აშშ დოლარი და კომპანიათაშორის ვალმა – 3.4 მილიარდი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი საგარეო ვალის 88.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13 მილიარდი აშშ დოლარი (34 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 46.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.9 მილიარდი აშშ დოლარია (15.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 21%-ია.