აგათა კრისტისა და ართურ კონან დოილის წიგნებმა, რომლებიც ერთ დროს ინგლისელ მუსიკოსს, ჩარლი უოტსს ეკუთვნოდა, ლონდონის Christie’s-ის აუქციონზე ინდივიდუალური რეკორდები მოხსნა. სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ბიბლიის 800 წლის წინანდელმა ეგზემპლარმა ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული წიგნის სტატუსი მოიპოვა.
აგათა კრისტის „ცამეტი პრობლემა“ Christie’s-ზე $63,968-ად გაიყიდა და მწერლის პერსონალური რეკორდი მოხსნა, რომელიც ორი წლის წინ, $50,641-ად გაყიდულმა „მკვლელობები ანბანის მიხედვით“ ეგზემპლარმა დაამყარა. ართურ კონან დოილის „ბასკერვილების ძაღლი“ კი ლონდონის აუქციონზე $226,555-ად გაიყიდა, რაც ცნობილი „შერლოკ ჰოლმსის“ შემქმნელის ნაბეჭდი წიგნისთვის ახალი მსოფლიო რეკორდია. 2022 წელს, კონან დოილის „ოთხთა ნიშნის“ ეგზემპლარი $201,600-ად გაიყიდა.
ორივე მათგანი Rolling Stones-ის ორი წლის წინ გარდაცვლილ დრამერს, ჩარლი უოტსს ეკუთვნოდა. ხუთშაბათს მუსიკოსის წიგნებისა და ჯაზის სამახსოვრო ნივთების ორნაწილიანი აუქციონის პირველი დღე გაიმართა.
Rare Book Hub-ის დამფუძნებლის, ბრიუს მაქკინლის განცხადებით, იშვიათ წიგნებზე მოთხოვნა, ბაზარზე ახალი თაობის წიგნის მოყვარულების შემოსვლასთან ერთად, გაიზარდა. მისივე შეფასებით, აუქციონზე წიგნების ბაზარი 2021 წელს $1.15 მილიარდად შეფასდა, იშვიათი წიგნებით დაინტერესება კი იმაზე მეტადაა გაზრდილი, ვიდრე ოდესმე. სპეციალისტ გრეტჰენ ჰაუზის განცხადებით, 2017 წელს ჩიკაგოს Hindman Auctions-ზე წიგნის გაყიდვები საშუალოდ $750,000-ს შეადგენდა, ხოლო წელს $5 მილიონამდეა გაზრდილი.
ყველაზე ძვირად გაყიდული წიგნები:
და ვინჩის Codex Leicester-ის ხელნაწერი – 1994 წელს,ლეონარდო და ვინჩის ლესტერის კოდექსის სახელით ცნობილი მანუსკრიპტი Microsoft-ის მილიარდერმა დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა $30.8 მილიონად შეიძინა (დღეს $64.68 მილიონის ეკვივალენტი). მე-16 საუკუნით დათარიღებული ნამუშევარი და ვინჩის ჩანახატებს, დიაგრამებსა და მის ადრეულ თეორიებს აერთიანებს.
მსოფლიოს უძველესი ბიბლია – თითქმის სრულად ებრაული ბიბლია, რომელიც სავარაუდოდ მე-9 საუკუნით თარიღდება და „Codex Sassoon“-ის სახელითაა ცნობილი, მაისში აუქციონზე $38.1 მილიონად გაიყიდა. Sotheby’s-მა მას ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი უწოდა, ინფლაციის გაუთვალისწინებლად. გაყიდვის შემდეგ, წიგნი თელ-ავივის ებრაელი ხალხის ANU მუზეუმს გადაეცა საჩუქრად.
მორმონის წიგნი – „იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესიამ“ მორმონის წიგნის ხელნაწერი ასლისთვის 2017 წელს $35 მილიონი გადაიხადა. ეკლესიამ, სრულად შემოწირულებების საშუალებით, რელიგიური ტექსტის სტამბის ხელნაწერი შეიძინა, რომელიც, სავარაუდოდ, თავდაპირველი სახით, ოქროს ფირფიტებზე იყო ამოტვიფრული.
ჰაინრიხ ლომის სახარება – რომანული მოხატული ხელნაწერების ერთ-ერთ უდიდეს ნიმუშად განიხილება. სახარებები მე-12 საუკუნეში, საქსონიის გერმანელი ჰერცოგის დაკვეთით შეიქმნა. რომანული მოხატულობები ხელნაწერებს მდიდრულ დეკორაციებსა და ილუსტრაციებს სძენდა, ეს პრაქტიკა კი განსაკუთრებით პოპულარული გერმანიაში ახ.წ. 1000-1100-წლებში გახდა. „ჰაინრიხ ლომის სახარება“ 1983 წელს $20.7 მილიონად გაიყიდა.
მაგნა კარტა – დღეს უკვე 725 წლით დათარიღებული „მაგნა კარტა“, ანუ თავისუფლების დიდი ქარტია, Sotheby’s-ზე 2007 წელს $21.3 მილიონად გაიყიდა. როგორც გაყიდვის დროს Reuters-ი იტყობინებოდა, აღნიშნული ნიმუში ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული უკანასკნელი შემორჩენილი ასლი იყო. ეგზემპლარი, 1988 წლიდან მოყოლებული, არქივებისა და ჩანაწერების ეროვნულ ადმინისტრაციაში იყო გამოფენილი. დღეისთვის „მაგნა კარტას“ მხოლოდ 17 ეგზემპლარია ცნობილი.
წმინდა იოანეს სახარება – ევროპისთვის უძველესი ხელუხლებელი წიგნი, ცნობილი როგორც „წმინდაკატბერტის სახარება“, 2012 წელს, ლონდონის ბრიტანულმა ბიბლიოთეკამ $14 მილიონად შეიძინა. NPR-ის ცნობით, „წმინდა იოანეს სახარების“ წითელ ტყავში შეკრული ასლი მე-7 საუკუნით თარიღდება.
ბეის ფსალმუნის წიგნი – 2013 წელს $14.2 მილიონად გაყიდული ფსალმუნების წიგნი, მიიჩნევა პირველ წიგნად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა. „ბეის ფსალმუნის წიგნი“ 1640 წელს „მასაჩუსეტსის ყურის კოლონიის“ პურიტანი ლიდერების მიერ გამოიცა.
როტშილდის ლოცვების წიგნი – ავსტრალიელმა ბიზნესმენმა, ხუთშაბათის მდგომარეობით მსოფლიოს 570-ე უმდიდრესმა ადამიანმა კერი სტოკსმა, 2014 წელს „როტშილდის ლოცვების წიგნი“ $13.6 მილიონად შეიძინა. მე-16 საუკუნით დათარიღებული ფლამანდიური ხელნაწერი ნაცისტების ხელში აღმოჩნდა, თუმცა შემდგომ გერმანიის მთავრობას დაუბრუნდა.
ამერიკის ჩიტები – ყველაზე ძვირად ღირებული არარელიგიური ტექსტი, რომელიც ოდესმე გაყიდულა, ჯონ ჯეიმს ოდუბონის ჩიტებზე დაკვირვებისა და ილუსტრაციების კოლექციაა. „ამერიკის ჩიტები“, რომელიც ჩიტების რეალური ზომის 400-ზე მეტ ჩანახატს აერთიანებს, 2010 წელს, Christie’s-ის აუქციონზე ანონიმურმა მყიდველმა $9.6 მილიონად შეიძინა.