FORBES-ის მთავარი რედაქტორის სვეტი, რომელსაც ყოველთვე ახალ გამოცემასთან ერთად დაელოდებით, ასეთი არ იქნება. ვერც იმით დავიკვეხნი, რომ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის სტანდარტი მსოფლიო მნიშვნელობის გამოცემაში, რომელიც რედაქტორმა თავის სვეტში უნდა დაიცვას. ალბათ არც არსებობს. ეს არ მსმენია არც ერთ ეტაპზე გამოცემის სათავო ოფისთან თუ ადგილობრივ გუნდთან არცთუ ხანმოკლე საქმიანი ურთიერთობისას. ვაკვირდებოდი ყოველთვე, ვთანამშრომლობდი და ყოველთვის ვხედავდი საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ დამოუკიდებელ ავტორთა და შემოქმედთა გუნდს. ყველამ იცოდა მთავარი – რამდენად მნიშვნელოვანია, შრომობდე საზოგადოებისთვის და მას უზიარებდე აზრებს ქვეყნის, მისი ეკონომიკური გარემოს უკეთესი მომავალის შესახებ. Forbes-ი საქართველოში შედგა. და ეს ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ამ სამი კვირის წინ რედაქციაში დამხვდნენ, მათ შორის მათიც, რომლებიც ამ გუნდის წევრები იყვნენ და საქართველოში Forbes-ის პოპულარიზაციისთვის შრომა, ენერგია და დრო არ დაიშურეს. მადლობა ყველას, ვინც აქამდე მოიყვანა Forbes-ი, დაუმკვიდრა მას ადგილი საზოგადოებაში.
დღეს არ ვაპირებ ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე ან შესაძლო ფინანსურ თუ სავალუტო მოლოდინებზე საუბარს. ვისაუბრებ იმაზე, თუ რას უნდა ელოდეთ Forbes-ისგან უახლოეს მომავალში. ეს უნდა იცოდნენ მისმა ერთგულმა და დაინტერესებულმა მკითხველებმა.
გამოცემა ყოველთვიურ რეჟიმში გააგრძელებს როგორც წარმატებული მეწარმეების, ისე სტარტაპების წარმოჩენას და დამოუკიდებელი კრიტიკული აზრის ტირაჟირებას. ვეცდებით, გაგიზიაროთ ჩვენი აზრები დამოუკიდებელი ანტრეპრენიორებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ვისაუბრებთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც არ ვსვამთ სწორ კითხვებს და ვკამათობთ, საქართველო რეიტინგებში რომელ ადგილას არის წარმოდგენილი, მაშინ როცა ჩვენი მთავარი საზრუნავი ის უნდა იყოს, თუ რატომ ვერ ახერხებს მცირე ტერიტორიისა და ლიმიტირებული სასარგებლო ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა მუდმივად შეინარჩუნოს მიღწეული ადგილი ნებისმიერი ტიპის მსოფლიო რეიტინგში თუ სოციოლოგიაში, რაც მის ცნობადობასა და მიმზიდველობას ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდიდა. დროა, დავსვათ სწორი კითხვები.
დროა, კითხვებზე პასუხები მივიღოთ მსჯელობის, საქმიანი კამათის და არა ფანტასმაგორიული დემაგოგიის რეჟიმში ან სულაც იგნორის პირობებში. დროა, სწორი ექსპერტული შეფასება მივცეთ ყველაფერს, ოღონდ მანამდე საჭიროა, გავარჩიოთ ექსპერტი და “საყველაფროს მცოდნე” რესპონდენტი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში ზარმაცი ჟურნალისტიკის პროდუქტია. ზარმაცების ადგილი არსად არ უნდა იყოს. მით უმეტეს – მედიაში, სადაც ხარისხზე სულ მეტად იზრდება მოთხოვნა.
Forbes-ი წლის ბოლომდე და 2016-ში გეგმავს მკვეთრად გააფართოოს “დაფარვის ველი”. ქართული Forbes-ი არ იქნება 100 გვერდზე ნაკლები, ჟურნალში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქართულ კონტენტს საიმისოდ, რომ შევძლოთ მეტი მსჯელობა ჩვენს უკეთეს მომავალზე სხვადასხვა წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან სტატიას შემოგთავაზებთ ჩვენი სათავო ოფისის რესურსებიდან. Forbes Women-ი ასევე დიდ ყურადღებას მიაქცევს ქალბატონების მოტივირებას მათი ბიზნესწარმატებების უკეთ წარმოჩენის გზით. რამდენიმე თვის წინ დაფუძნებული Forbes-ის ქალთა კლუბს კი, იმედი მაქვს, გაისად მამაკაცთა კლუბიც შეუერთდება. Forbes Women-ი ამ ეტაპზე ჩვეული რეჟიმით და მოცულობით გააგრძელებს გამოსვლას (ორ თვეში ერთხელ). 2016 წლისთვის Forbes-ი გაააქტიურებს თავის სატელევიზიო (Forbes TV) მიმართულებას და სხვადასხვა პარტნიორთან ერთად თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ თავისი მოსაზრებების ტელევერსიებს, წარმოდგენილს სატელევიზიო სიუჟეტების თუ ინტერვიუების სახით, რომელთა დისტრიბუციას ჩვენი ვებგვერდითა და პარტნიორი ტელეკომპანიების დახმარებით მოვახდენთ. წლის ბოლომდე გააქტიურდება Forbes-ის უმთავრესი მიმართულებაც – ვეცდებით, ყველა ნომერში სხვადასხვა ტიპის რეიტინგები შემოგთავაზოთ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არსებულ მოთამაშეებსა და მეწარმეებზე, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებზე იქნება დაფუძნებული. ბუნებრივია, ეს მოხდება სრული გამჭვირვალობითა და Forbes-ის სტანდარტების დაცვით, რომელიც ყველა ამ ტიპის რეიტინგს თან ახლავს როგორც განუყოფელი ინსტრუქცია და გზამკვლევი.
და ეს ყველაფერი არ არის! Forbes-ის გუნდი საახალწლოდ სრულად გააცნობს ერთგულ მკითხველებსა და პარტნიორებს თავის ამბიციურ გადაწყვეტილებებს, დღის წესრიგს 2016 წლისთვის.
ამ გამოცემის მომზადებას შედარებით გვიან შემოვუერთდი, შესაბამისად, განსხვავებით მომავალი ჩემი ჩანაწერებისგან, სადაც დეტალურად მიმოვიხილავ ჟურნალის მიმდინარე ტენდენციებს, დღეს მხოლოდ ჩვენს მთავარ პერსონაჟზე ანუ ყდის გმირზე ვისაუბრებ. რატომ Myvideo.ge ანუ მამუკა მონავარდისაშვილი? ღია მსჯელობისას რედაქციაში რამდენიმე ვარიანტის განხილვისას ამ კომპანიაზე სხვადასხვა უპირატესობის გამო შევჩერდით – ეს გახლავთ სრულიად ახალი მოდელი და ტექნოლოგიები, საზოგადოების უმრავლესობისთვის ნაცნობი და ყველაზე პოპულარული ვებპლატფორმა, თუმცა სრულიად უცნობი მისი ავტორები და გუნდი; Myvideo-ს რეიტინგები, რომლებიც საქართველოში ყველა რეკორდს ხსნის და მისი არნახული პოპულარობა ქართველ ემიგრანტებში. კიდევ გნებავთ არგუმენტები, რატომ Myvideo ყველასთვის სანატრელ Forbes-ის ყდაზე? უამრავი გვაქვს. წაიკითხეთ ჩვენი რედაქციის მთავარი თემა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქართულ კომპანიაზე, რომელიც გასცდა რეგიონალურ მასშტაბებს და მალე ევროპაში ცდის ბედს. ვინძლო, მსგავსად აზერბაიჯანისა, სადაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ, ევროპაც კი გააოცონ ქართული სამეწარმეო თვისებებითა და ტექნოლოგიური სიახლეებით. ჩვენი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მათ ეს ნამდვილად გამოუვათ.
ახლა, ჩვენ გარდა, თქვენც გეცოდინებათ.
ეს არის ჩვენი ნოემბრის გამოცემის “იყო და არა იყო რაც …”
P.S.
Forbes-ის ნოემბრის ნომერი უკვე სტამბაში იყო, როცა ეროვნული ბანკის მიერ განახლებული ქართული ლარის ახალი ბანკნოტების გამოსვლა დაანონსდა.
ასე რომ, 2016 წელს განახლებულ ქართულ ლართან და ქართულ Forbes-თან ერთად შევხვდებით! წარმატება ორთავეს სჭირდება!
დატოვე კომენტარი