გასულ წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობა 22.8%-ით გაიზარდა

გასულ წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობა 22.8%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 259.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 22.8%-ით აჭარბებს.

წყარო: საქსტატი

არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვაში ყველაზე დიდი, 36.7%-იანი წილით განათლების მიმართულება გამოირჩევა. მეორე ადგილზე ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობებია, 24.2%-იანი წილით; შემდეგ კი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები, რომელთა წილი მთლიან ბრუნვაში 19.6%-ს შეადგენს. ცნობისთვის, ინფორმაცია და კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზაციებზე მთლიანი ბრუნვის 3.6%, ხოლო მშენებლობის დარგის ორგანიზაციებზე – 3.2% მოდის.

გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ბრუნვის მოცულობის კუთხით შესამჩნევი, 85.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში, ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების მიმართულებით (78.8%). გარდა ამისა, ტრანსპორტისა და დასაწყობების დარგში 62.5%-იანი, მშენებლობის დარგში კი 60%-იანი ზრდა აღინიშნა.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობა წინა წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, 1.1%-ით გაიზარდა და 55.2 ათას ადამიანს გაუტოლდა. აქედან 52.9% ქალია, დარჩენილი 47.1% კი – კაცი.

ცნობისთვის, საქსტატის განმარტებით, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. თუმცა არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.