ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიას წელს 18 ადამიანი შეემატა | Forbes 400-ის ახალწვეულები

ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიას წელს 18 ადამიანი შეემატა | Forbes 400-ის ახალწვეულები

Forbes-მა 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის ტრადიციული სია გამოაქვეყნა. 2023 წლის Forbes 400-ში მოსახვედრად წელს მინიმალური ქონება $2.9 მილიარდით განისაზღვრა. მიუხედავად საკმაოდ მაღალი მინიმალური ზღვრისა, წელს ყველაზე მდიდარი ამერიკელების სიას 18 ადამიანი შეემატა. სტატიაში სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით.

სიაში ყველაზე ცნობილი ახალწვეული ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი გახლავთ, რომელიც აღნიშნულ სიაში მოხვედრილი ისტორიაში პირველი პროფესიონალი ათლეტია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა კარიერის განმავლობაში მხოლოდ $90 მილიონი გამოიმუშავა, მისი ქონება კარიერის დასრულების შემდეგ გაიზარდა. მაიკლ ჯორდანი Nike-ის მიერ ჯორდანის ბრენდირებით გაყიდული ყოველი პროდუქტიდან წილს იღებს. მხოლოდ ამ წილით ჯორდანმა შარშან $260 მილიონის შემოსავალი მიიღო. აგვისტოში კი კალათბურთის ლეგენდამ NBA-ის გუნდ Charlotte Hornets-ში საკუთარი წილი დაახლოებით $3 მილიარდად გაყიდა, რაც 17-ჯერ აღემატება 2010 წელს მის მიერ გუნდის წილის შესაძენად გადახდილ ღირებულებას. 60 წლის NBA-ის ვარსკვლავის ქონება ამჟამად $3 მილიარდს შეადგენს.

Forbes 400-ის სიაში ყველაზე მდიდარი ახალწვეული ელისაბეთ დელუკა გახლავთ. ცნობილი სწრაფი კვების ობიექტის, Subway-ს დამფუძნებლის, ფრედ დელუკას ქვრივის ქონება $8.2 მილიარდს შეადგენს. აგვისტოში კერძო საინვესტიციო ფირმა Roark Capital-მა სენდვიჩების გიგანტი $9 მილიარდად შეიძინა. ამ გარიგების თანახმად კი ელისაბეთ დელუკას გადასახადების შემდეგ დაახლოებით $3.4 მილიარდი უნდა მიეღო. 2015 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბეთ დელუკამ კომპანიის 50%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო.

ყველაზე ახალგაზრდა ახალწვეული 38 წლის ჯოშ კუშნერი გახლავთ, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერის, ჩარლზ კუშნერის შვილი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი მრჩევლის, ჯარედ კუშნერის ძმაა. ოჯახიდან Forbes 400-ის სიაში პირველი სწორედ ის მოხვდა, რაც 2010 წელს მის მიერ დაარსებული ვენჩურული კაპიტალის ფირმის Thrive Capital-ის დამსახურებაა. კომპანია ამჟამად $5.3 მილიარდადაა შეფასებული.

ჯოშ კუშნერის მსგავსად Forbes 400-ის სიას ყველაზე მეტი მილიარდერი ფინანსებისა და ინვესტიციების სფეროდან შეუერთდა. სეთ ბორო, სკოტ კრაბილი და ჰოლდენ შპატი Thoma Bravo-ს პარტნიორები არიან, რომელთა ქონებებიც $3.3 მილიარდად შეფასდა. სიაში აღმოჩნდა კერძო ინვესტორი რაჯივ ჯაინიც ($3.1 მილიარდი). რაც შეეხება სხვა ახალწვეულებს, მათ შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

ანეტ ლერნერი

ქონება: $6.5 მილიარდი | ასაკი: 93 | სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება

უილიამ გოლდრინგი

ქონება: $6 მილიარდი | ასაკი: 80 | სიმდიდრის წყარო: ალკოჰოლის ბიზნესი

სანჯიტ ბისვასი

ქონება: $3.6 მილიარდი | ასაკი: 41 | სიმდიდრის წყარო: სენსორული სისტემები

ჯონ ბიკეტი

ქონება: $3.5 მილიარდი | ასაკი: 43 | სიმდიდრის წყარო: სენსორული სისტემები

ერენ ოზმენი

ქონება: $3.4 მილიარდი | ასაკი: 65 | სიმდიდრის წყარო: საჰაერო კოსმოსური ინდუსტრია

ფათიჰ ოზმენი

ქონება: $3.3 მილიარდი | ასაკი: 65 | სიმდიდრის წყარო: საჰაერო კოსმოსური ინდუსტრია

ჯოფრი პალმერი

ქონება: $3.1 მილიარდი | ასაკი: 73 | სიმდიდრის წყარო: უძრავი ქონება

ჯეიმს დაფი

ქონება: $3 მილიარდი | ასაკი: 62 | სიმდიდრის წყარო: საბურავების ბიზნესი

თომას დაფი

ქონება: $3 მილიარდი | ასაკი: 66 | სიმდიდრის წყარო: საბურავების ბიზნესი

სტიუარტ ჰორეჯსი

ქონება: $3 მილიარდი | ასაკი: 86 | სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway

ჯეი ჰაიათ ბრაუნი

ქონება: $2.9 მილიარდი | ასაკი: 86 | სიმდიდრის წყარო: სადაზღვევო ბიზნესი