ევროპას ენერგეტიკული თვითკმარობის მისაღწევად $2 ტრილიონი სჭირდება - კვლევა

ევროპას ენერგეტიკული თვითკმარობის მისაღწევად $2 ტრილიონი სჭირდება - კვლევა

ევროპას წიაღისეული საწვავისგან განთავისუფლებისა და თვითკმარი, მდგრადი ენერგეტიკული სექტორის შესაქმნელად, 2040 წლისთვის, მზის, ქარისა და სხვა რეგენერაციული რესურსების განვითარებისთვის დაახლოებით $2.1 ტრილიონის გამოყოფა დასჭირდება. ახალი კვლევა პოტსდამის კლიმატზე ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტმა წარადგინა.

პოტსდამის ინსტიტუტის ანგარიშით, 2030 წლისთვის, წლიური ინვესტიცია $140 მილიარდით უნდა განისაზღვროს, შემდგომ ათწლეულში კი რეგენერაციულ რესურსებისთვის წლიურად $100 მილიარდი უნდა გამოიყოს. კვლევის თანახმად, მართალია, დაფინანსების უდიდესი ნაწილი ხმელეთზე ქარის ენერგიის წარმოების ზრდაზე დაიხარჯება, მზის, წყალბადისა და გეოთერმული რესურსები სტრატეგიის დამატებითი საყრდენი იქნება, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, ათწლეულის ბოლომდე ელექტროენერგიის მოთხოვნა ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის წყაროებიდან დაიკმაყოფილოს.

პოტსდამის ინსტიტუტის ანგარიშით, ენერგეტიკული სისტემის, მათ შორის ნავთობსა და გაზზე მომუშავე გათბობის სისტემების სრულად ტრანსფორმაციას დამატებით ერთი ათწლეული დასჭირდება. კვლევა ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ მხოლოდ გასულ წელს, უკრაინის ომის გამო წარმოქმნილი ენერგეტიკული კრიზისისგან მომხმარებელთა დაცვისთვის, ევროპის ქვეყნებმა სტატუს-კვოს სისტემაზე დამატებით 792 მილიარდი ევრო დახარჯეს.

გასულ თვეში ევროპელმა კანონმდებლებმა მიმდინარე ათწლეულში განახლებადი ენერგიის განვითარების დაჩქარების გეგმას საბოლოო თანხმობა გამოუცხადეს. განახლებული ენერგეტიკული მიზნებით, 2030 წლისთვის, ევროკავშირის მოხმარებული ენერგიის 42.5% განახლებადი წყაროებიდან უნდა იყოს მიღებული.