ExxonMobil-ი Pioneer-ის $60-მილიარდად შესყიდვას განიხილავს

ExxonMobil-ი Pioneer-ის $60-მილიარდად შესყიდვას განიხილავს

ნავთობისა და ბუნებრივი აირის ამერიკული კორპორაცია ExxonMobil-ი Pioneer Natural Resources-სთან შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. საკითხის შესახებ ინფორმაციის მქონე პირების განცხადებით, ExxonMobil-ი მზადაა, კომპანიის შესაძენად $60 მილიარდი გადაიხადოს.

ეს Exxon-ისათვის, 1998 წელს $81 მილიარდად Mobil-ის შესყიდვის შემდეგ, ყველაზე მსხვილი გარიგება იქნება. ამით კი კომპანია აშშ-ის ნავთობინდუსტრიაში საკუთარ ოპერაციებსა და გავლენებს კიდევ უფრო გაზრდის.

საკუთრივ Pioneer-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით $50 მილიარდს შეადგენს. კომპანია აშშ-ში, პერმის აუზში Chevron Group-ისა და ConocoPhillips-ის შემდეგ, მესამე ყველაზე მსხვილი ნავთობმომპოვებელია. პერმის აუზი ტეხასისა და ნიუ-მექსიკოს შტატების ტერიტორიებზე მდებარეობს და ის აშშ-ის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისათვის შედარებით დაბალდანახარჯიანობის გამო ყველაზე სასურველი არეალია.

პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, ExxonMobil-ი და Pioneer Natural Resources-ი გარიგებას რამდენიმე დღეში ოფიციალურად გააფორმებენ. შეთანხმების შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით ორივე მხარე თავს იკავებს.

ExxonMobil-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციის ღირებულებაც $436 მილიარდს უტოლდება, აშშ-ის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელია. კომპანია დღეში საშუალოდ 3.8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. გასული წელი ExxonMobil-მა $29.6-მილიარდიანი მოგებით დაასრულა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდია ალბათობა, ამ გარიგებამ პოლიტიკოსებისა და მარეგულირებლების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახუროს. თეთრმა სახლმა თებერვალში Exxon-ი მომხმარებელთა ხარჯზე მოგების მიღებაში ერთხელ უკვე დაადანაშაულა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გარიგებას სიღრმისეულად შეისწავლიან.