2025 წლიდან, სტოკჰოლმი, ქალაქის ცენტრის ძირითად ნაწილებში, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილებას აკრძალავს. სატრანსპორტო საკითხებში შვედეთის დედაქალაქის ვიცე-მერის განცხადებით, მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სატრანსპორტო ხმაურის შემცირებაა.
ახალი გეგმით, სტოკჰოლმის თითქმის ოც ბლოკში, გარემოსდაცვითი ზონები შეიქმნება, რომლებიც მოიცავს ქვეყნის ყველაზე დატვირთულ სავაჭრო ქუჩებსა და ძვირად ღირებულ საოფისე უძრავ ქონებას. სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოს მმართველ კოალიციაში მყოფი “მწვანე პარტია” იმედოვნებს, რომ ქალაქის ცენტრში დიზელსა და ბენზინზე მომუშავე მანქანების აკრძალვა შიდაწვის ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესსაც დააჩქარებს.
ეგრეთ წოდებული მესამე კლასის გარემოსდაცვითი ზონა, პირველ რიგში, მხოლოდ სრულად ელექტრონულ მანქანებს აძლევს გადაადგილების უფლებას. გამონაკლისი ვრცელდება უფრო დიდი ზომის ფურგონებზე, სადაც რეგულაციით plug-in-ჰიბრიდული მანქანები დაიშვება. აკრძალვა არ შეეხება სატრანსპორტო საშუალებათა ნაწილს, მათ შორის სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მანქანებს.
სატრანსპორტო სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შეფასებით, სტოკჰოლმის გეგმა „გადაჭარბებულია“ და ამ ეტაპზე, ქალაქი, ნებაყოფლობითი ცვლილებებისთვის ხელშესაწყობად, ელექტროდატენის პუნქტებში ინვესტირებების გაძლიერებაზე უნდა ფოკუსირდეს.
ცვლილებებით, სტოკჰოლმი შვედეთის პირველი ქალაქი გახდება, სადაც მესამე კლასის გარემოსდაცვითი ზონა დაინერგება.