თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვას ნაღმებისგან ერთობლივად გაწმენდენ

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვას ნაღმებისგან ერთობლივად გაწმენდენ

თურქეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო შავი ზღვის მოტივტივე ნაღმებისგან გასაწმენდად და მათ გასანეიტრალებლად თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივად იმუშავებენ. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საშუალებებით აპირებენ აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებას, თუმცა მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.

გასულ კვირას, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთმა საზღვაო ნაღმები შესაძლოა უკრაინული პორტების მისადგომებთან სამოქალაქო გემების დასაზიანებლად გამოიყენოს. უკრაინა და რუსეთი უკრაინის სანაპირო ზოლზე საზღვაო ნაღმების განთავსებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შავი ზღვის სავაჭრო ფუნქცია მარცვლეულის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადასაზიდად კრიტიკული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით კი შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე სახელმწიფოებისათვის: საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთისთვისაც.

პირველად მოტივტივე საზღვაო ნაღმების ერთობლივად განეიტრალების საკითხი 2022 წლის აპრილში თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთისა და უკრაინის მიერ გაჟღერდა. მას შემდეგ კი თურქეთისა და რუმინეთის საზღვაო-სამხედრო ძალებმა საკუთარი წყლების მისადგომებთან არაერთი აუფეთქებელი ნაღმი გააუვნებელყვეს.

შავი ზღვის წყლებში გაუნეიტრალებელი საზღვაო ნაღმების სახით არსებული საშიშროება, პრობლემას პირველ რიგში მიწოდების ჯაჭვს და მის უწყვეტობას უქმნის. სამოქალაქო დანიშნულებისა თუ სავაჭრო გემებს ნაღმებით შესაძლოა დიდი ზიანი მიადგეს.