კომპანია “ლუკასი” ღვინის სიყვარულის ნაყოფია, რომელსაც სახელი მისი დამფუძნებლის, მამუკა დოლიძისა და აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი გერსამიას შვილის – ლუკას პატივსაცემად ეწოდა. საქმიანობის ათვლის წერტილი 2009 წელია, მაგრამ ოთხ წელიწადში ჰობიმ კომერციული განზომილება შეიძინა. ბაზარზე მოხვედრისთანავე “ლუკასის” ლიმიტირებული, ექსკლუზიური ღვინო არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
თუკი ოდესმე Forbes-ში გადავწყვეტთ, თბილისში ხელმისაწვდომ ეპიკურეულ სიამოვნებათა რეიტინგი შევადგინოთ, პირველ ათეულში აუცილებლად მოექცევა გვიანი გაზაფხულის რბილ მცხუნვარებაში, სადმე, მთაწმინდის ფერდობზე, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ხედისკენ პირშებრუნებულ ხასხასა ეზოში, სავარძელში კომფორტულად მოკალათება და ფერწერულ გარემოცვაში, პრემიუმ-ხარისხის ექსკლუზიური ქართული ღვინოების ნება-ნება, ყელისკენ გადაგორება. ზუსტად ამ გარემოებაში ამოვყავი თავი, როდესაც ახალგაზრდა ღვინის ბრენდ “ლუკასის” დირექტორის, ქეთი გერსამიასა და დამფუძნებლის, ანტრეპრენიორ მამუკა დოლიძის ოჯახს ვესტუმრე.
თუმცა ხედი ყველაზე მცირე მიზეზია, რაც ატმოსფეროს დასახასიათებლად სიტყვა “ფერწერულის” გამოყენებისკენ მიბიძგებს – მათი სახლის შიდა ეზოს ექსტერიერსა და გზად გასავლელი მისაღები ოთახის ინტერიერში ყველა ვიზუალური შტრიხი მხატვრული სიზუსტითაა დასმული, სივრცის ორგანიზებაში კი პრაქტიკულის საპირწონე შემოქმედებითი მიდგომა იგრძნობა. კედლებს გამორჩეული ქართველი მხატვრების საგულდაგულოდ შეთავსებული ტილოები ამშვენებს. ჩემ წინ მდგარი სხვადასხვა ღვინის ელეგანტურ ბოთლებზე კი – რომელთა ყელზეც გლუვი ქაღალდის ნაცვლად პასტელური ფერების სანთელია შემომდნარი – თანამედროვე ქართული მხატვრობის ერთ-ერთი ნათლიის, მამუკა ცეცხლაძის მიერ საუცხოოდ შესრულებული, გუაშსა და აკვარელში გადაწყვეტილი ეტიკეტებია დატანილი.
საერთოდ, ღვინის დასაჭაშნიკებლად ზედგამოჭრილ გარემოზე ფიქრისას სხვა, უფრო კონვენციური ვიზუალური ასოციაციები ჩნდება – ნახევრად ჩაბნელებული, მათრობელა არომატით გაჟღენთილი მარანი, კახური ლანდშაფტი, წინანდლისა და მუკუზანის მიკროკლიმატურ ზონაში გადაშლილი კოხტა ვენახები, რომელთა ვაზის რიგებიც მკაცრად 1.2 მეტრითაა ერთმანეთს დაშორებული – მით უმეტეს, რომ “ლუკასის” შემთხვევაში ეს მხოლოდ გონებაში გაელვებული სურათ-ხატი კი არა, ყოველდღიური სამუშაო რეალობაა.
მაგრამ მე მაინც მოხარული ვარ იმით, რომ ჩინებულ ღვინოებს ზემოთ აღწერილი შემოქმედებითი სულის მქონე, თბილისურ სახლში ვეზიარე. სხვაგვარად ჩემთვის ახალ სიცოცხლეს არ შეიძენდა ღვინისა და ხელოვნების უკვე გვარიანად გაცვეთილი ანალოგია: ნატიფი ღვინოები ხომ თითქოს ცეკვავენ ჩვენს ენაზე – ისინი დახვეწილად მოძრაობენ, იცვლიან სენსორების მოცვის ველებს, თავად სმის პროცესში იცვლებიან და ბოლომდე იცლებიან. ამგვარი ქორეოგრაფიული გარდამავლობა კარგი ღვინის მთავარი თვისებაა. და ამით ღვინო “ლუკასი” ძალიან ჰგავს თუნდაც მის შემოქმედთა მისაღებში გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს – რაც უფრო აკვირდები კარლო კაჭარავას ექსპრესიონისტულ მონასმებს, მით მეტს აღმოაჩენ მასში. იმავენაირად, რაც უფრო აკვირდები ღვინო “ლუკასის” გემოს, მით მეტი არომატი იფურჩქნება მთელი თავისი ექსპრესიით, მით შორეულად გეჩვენება სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე მოგზაურობის დაბოლოება და ხსენებული დაბოლოებაც არასოდესაა მოკლე და ბანალური.
“ლუკასის” საფერავის სრული პალიტრის შეგრძნობა იოლი გამოწვევა არაა, განსაკუთრებით, თუ 2011 წლის საფერავის მოსავალზე მიდგება საქმე. მოსმისთანავე გაგირბის ხელი ფუჟერისკენ მომდევნო ყლუპისთვის. ძნელია, მოიკრიბო სათანადო მოთმინება და აცადო ენაზე შერჩენილ წვეთებს, დაასრულონ საკუთარი ვალსი, სანამ საცეკვაო პარტნიორს შეიცვლიდე. “2011 მშვენიერი წელი იყო ყურძნისათვის და განსაკუთრებული საფერავი გამოვიდა, – მეუბნება ქეთი გერსამია, რომლის მოსვლა კომპანიის სათავეში ერთ კვირაში საფერავისთვის გამორჩეული ჯილდოების მინიჭებით აღინიშნა. – 2013 წელს, ჩამოვასხით თუ არა ღვინო, ჩატარდა ღვინის გამოფენა- კონკურსი ექსპო-ჯორჯიაში. ბევრ დიდ, ბაზარზე უფრო ხანგრძლივად მოქმედ კომპანიებს შორის ოქროს ჯილდო “ლუკასიმ” დაიმსახურა. ეს ჩვენთვის, ბაზარზე სულ რაღაც ერთი კვირის წინ პოზიციონირებული კომპანიისთვის, დიდი წარმატება და უფრო დიდი სტიმული იყო”.
საშინაო აღიარებას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. “ლუკასის” საფერავმა შესანიშნავი შეფასება მიიღო Mundus Vini-ის საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში. მას შემდეგ წარმატებების ციკლი არ წყდება, თუმცა 2015 წელს დამსახურებული ერთი ჯილდო ცალკე აღნიშვნის ღირსია: გამორჩეული დაფასება საქართველოსთვისაც კი იშვიათ და უნიკალურ ჯიშს, ჩხავერს ერგო. ატმისა და ყვავილების ტონებით სავსე ეს ვარდისფერი ღვინო მეტისმეტად უცნაურია იმისთვის, რომ ბევრი იყოს და მეტისმეტად იშვიათი იმისთვის, რომ უყურადღებოდ დარჩეს.
ჩხავერისთვის ვაზი მხოლოდ გურიისა და აჭარის რამდენიმე მაღალმთიან სოფელში ხარობს და ზოგჯერ ძალიან უცნაურად – ხიდან იკრიფება. უცნაურები და იშვიათები სხვა უცნაურებსა და იშვიათებს იზიდავენ: “ლუკასის” მეცადინეობით, ჩხავერმა ამომავალი მზის ქვეყნის გული დაიპყრო. “ჩხავერს მასობრივ პარტიად ვერ იშოვი. თითო- თითო სოფელში, ოჯახ- ოჯახ ვიარეთ, რათა მოგვეგროვებინა. მაგრამ მთავარი სირთულე მოგროვება არ გახლდათ, – აზარტში შესული ინტონაციით მომითხრობს ქეთი გერსამია, – ამ ყურძენმა ხომ უნდა ჩააღწიოს საწარმომდე? სპეციალურ მაცივრებში ვუკარით თავი და ასე ჩავიტანეთ კახეთამდე. მივიღეთ უნიკალური და სპეციფიკური როზე, რომელიც აუცილებლად შეგრილებული უნდა მიირთვათ და ძალიან უხდება როგორც ქათმისხორციან, ისე სადესერტო კერძებსა და დელიკატურ ყველს”.
ჩხავერმა კომპანიას ცნობადობა მოუტანა. იაპონიაში, Sakura 2015-ის კონკურსზე, იგი 2500 სხვა მწარმოებლის გვერდით იყო წარმოდგენილი და ორმაგი ოქროსა და ბრილიანტის ჯილდო დაიმსახურა. “ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ამბავი იყო. ალბათ ყველა ღვინის კომპანიისთვის ასე იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებულად, – აღტაცებით მომითხრობს ქეთი გერსამია, თუმცა ფრაზის დასრულებამდე დირექტორულ თავდაჯერებულობას იბრუნებს და ამატებს, – არა, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვიცით, უმშვენიერეს ღვინოს ვაწარმოებთ”.
ქეთი გერსამია თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ დაღვინებული, დარბაისლური საუბრის მანერით გამოირჩევა. მის სახასიათო თვისებებში კი “ლუკასის” წარმოებული ხუთი დასახელების ღვინიდან თითოეულის თავისებურებანი იკითხება: თავშეკავებული, – ტვიშის არომატივით მსუბუქი – მაგრამ მკაფიო ჟესტები; წინანდალივით მოზომილი და ამავდროულად მყარი ნაბიჯები; ხალისიანი გამომეტყველება სახეზე საფერავის ტანინივით წარუშლელად აქვს დალექილი და ქისივით შემპარავი მიმიკა ახასიათებს – სერიოზულობისა და მხიარულების გამომსხივებელ გრიმასებს შორის მკრთალი ზღვარია. ბოლოსთვის მორჩენილი ჩხავერი კი, მოდი, მის იშვიათ – და მაღალმთიანი აჭარის ფერდობზე შეფენილი ვენახებივით განსაკუთრებულ – გარეგნულ იერს მივუსადაგოთ.
ქეთი გერსამია არ იშურებს ქათინაურებს “ლუკასის” მთავარი მეღვინისადმი, ზურა გოლეთიანისადმი. მის კომპანიას, მთავარი ტექნოლოგის ოსტატობის გარდა, უშუალოდ იმ ინოვაციური ტექნოლოგიებითაც შეუძლია იამაყოს, რომელთაც განკარგავს, რათა შეზღუდული რაოდენობის (სულ 10-12 ათასი ბოთლი) ექსკლუზიური, ეროვნული ბაზრისთვის მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოები აწარმოოს. არადა 2009 წელს ყველაფერი ჰობის დონეზე იწყებოდა: “მოხდა ისე, რომ ჩემს მეუღლეს უკვე გაშენებული ვენახები აჩუქეს. სწორედ მაშინ გააცნეს ზურა გოლეთიანი, – იხსენებს ქეთი გერსამია. – მომდევნო შემოდგომას, თავიდანვე ქარხნული წესით, წინანდალი დავამზადეთ და ბოთლებში ჩამოვასხით. უფრო სამეგობრო და საოჯახო წრისთვის იყო განკუთვნილი. განსაკუთრებული ღვინო გამოვიდა. შემდეგ თავისით აეწყო ყველაფერი: ყურძენი გვქონდა, კარგი მეღვინე გვყავდა. ვიფიქრეთ – რატომაც არა? – ვაწარმოოთ ღვინო”.
წინანდალი ფრანგულ მუხაში დააძველეს, მაგრამ, ღვინის მოყვარულებს მოგეხსენებათ, მადა ჭამაში კი არა, სმაში მოდის. ჯერ იყო, SEGUIN MOREAU-ს ცნობილი კასრები შემოიტანეს, რომლებიც საფრანგეთის ცენტრალურ რეგიონებში ნარჩევი, 150-200 წლის მუხებისგან მზადდება, მოგვიანებით კი ღვინის წარმოებაში მოწინავე ტექნოლოგია – Bucher Vaslin-ის პნევმატური საწნეხი შეუკვეთეს მილანში, რომელიც ახალი, უხმარი სახით, საქართველოში დიდ კომპანიებსაც არა აქვთ, არათუ ლიმიტირებული წარმოების ბრენდებს. ასე შეიძინა მხოლოდ და მხოლოდ ღვინის სიყვარულით წამოწყებულმა საოჯახო ტრადიციამ კომერციული განზომილება (აღსანიშნავია, რომ სახელწოდება “ლუკასიც” ეპონიმია – კომპანიას ასე ქეთი გერსამიასა და მამუკა დოლიძის უფროსი შვილის, ლუკას პატივსაცემად ჰქვია).
“ლუკასის” ღვინოების ინოვაციურობა მხოლოდ სათანადო აღჭურვილობით არ შემოიფარგლება. ღვინის ტრადიციისადმი სიყვარულს კომპანია გემოს თვისებების განვითარების მისწრაფებასთან აზავებს. “ჩვენ ქისიც კი მუხაში დავაძველეთ, რაც არ არის მიღებული, მაგრამ მცდელობა საუცხოო შედეგით დაგვირგვინდა”, – მეუბნება ქეთი გერსამია, როდესაც ამჩნევს ჩემს გამოკვეთილ ინტერესს უჩვეულო ბუკეტით პირის პირველად გასველებისას. მართლაც, ცოცხალი ხილის არომატებთან ერთად, გამოიკვეთება ვანილი და ნუში, ასევე კასრისთვის სახასიათო მერქნისებრი სიმშრალე. ამგვარი კომპლექსური ჰარმონია ნამდვილად კასრში დავარგების შედეგია – მსუნთქავი კასრი არბილებს აგრესიული ბუნების მქონე ტანინს, თითქოს მოამრგვალებს მის უხეშ წახნაგებს და ამიტომ, მეტ გასაქანს აძლევს ხასხასა არომატებს. გირჩევთ გასინჯოთ ტვიშიც, მიუხედავად იმისა, გიყვართ ნახევრად ტკბილი ღვინოები თუ არა. ხომ შევთანხმდით, “ლუკასის” შესწევს სასიამოვნოდ გაკვირვების უნარი. “მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვაფასებთ მუხის გემოს და ვთვლით, რომ იგი ქართულ ჯიშებს ძალიან უხდება”, – განმარტავს “ლუკასის” აღმასრულებელი დირექტორი.
ქეთი გერსამიას აღმასრულებელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია და ორმაგად გასაკვირია, როგორ ახერხებს იგი კომპანიის შთამბეჭდავ ბრენდინგს და თან მამაკაცებით დომინირებულ სფეროში კომერციული წარმატებისკენ გეგმაზომიერ სვლას. კომპანიის საფუძველში არ ყოფილა გამოკვეთილი ბიზნესინტერესი, შესაბამისად, საქმის დაწყებას არც ბაზრის კვლევა უსწრებდა წინ. ნიში ინტუიციურად, მაგრამ სნაიპერის სიზუსტით შეირჩა. “ჩვენი მთავარი ინტერესი თავდაპირველადვე ის იყო, რომ ქართული ყურძნის ჯიშისგან კარგი ღვინო კარგად დაგვემზადებინა. მისია არ შეცვლილა. გვინდა, ყველგან წარმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური ქართული ჯიშები”, – ამბობს იგი.
რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ემბარგომ ქართველ მეღვინეებს უბიძგა, ხარისხი დაეხვეწათ, რათა კონკურენტუნარიანნი ყოფილიყვნენ ევროპულ ბაზარზე. ბუნებრივია, პრემიალური ევროპული, განსაკუთრებით ფრანგული ღვინოების პოზიციები არ შერყეულა, თუმცა ქართულმა ღვინოებმა მოახერხეს, დახლებზე ჩაეჩოჩებინათ კალიფორნიული, ავსტრალიური, ესპანური და ჩილეს ღვინოები. ქართული წარმოების მიმართ ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ ევროპელ მომხმარებელს ჯერ კიდევ ეუცხოება ტრადიციული ქართული მეთოდის ერთგული პატარა ღვინის სახლების ოდნავ მღვრიე, ქვევრის ტონები, ხოლო მოზრდილ ღვინის კომპანიებს წარმოების მასშტაბი არ აძლევს საშუალებას, პრემიალურ მიმართულებებზე კონცენტრირდნენ. “ლუკასის” ადაპტაცია არ დასჭირვებია, იგი მაშინ გამოჩნდა ბაზარზე, როგორც კი ემბარგოთი აგორებულმა დაბნეულობის ტალღამ გადაიარა და თავიდანვე სწორება ლიმიტირებულ, ექსკლუზიურ წარმოებაზე აიღო. ამავდროულად, მისი ქართული, ავთენტური გემოს თვისებები დამყნობილია უმაღლესი კლასის ღვინის დაყენების ევროპულ ტექნოლოგიებზე, რაც საერთაშორისო პუბლიკაში “ლუკასის” სხვა ქართული ბრენდებისგან გამოარჩევს.
“ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, რომ რაოდენობისთვის არ ვმუშაობთ. უბრალოდ, ვცდილობთ, ამა თუ იმ უნიკალური ჯიშისგან დავამზადოთ ისეთი ღვინო, როგორიც შეეფერება ამ ყურძენს, – ამბობს ქეთი გერსამია. – თუ არ გამზადდება შესაბამისი ხარისხის ღვინო, გვირჩევნია საერთოდ არ დავწუროთ ყურძენი. მნიშვნელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ხარისხია”. ხსენებული გარემოების წინაშე კომპანია შარშან აღმოჩნდა. მოსავლის ხარისხი არადამაკმაყოფილებელი გამოდგა. “ლუკასი” კომპრომისზე არ წასულა. მოსავალი გაყიდეს და სათანადო ყურძენი შეიძინეს. ეს, რა თქმა უნდა, ზარალიანი ბიზნესოპერაცია იყო, თუმცა ასეთი ეთიკური დამოკიდებულება კლიენტთა მიმართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიას მტკიცე იდენტობას გამოუმუშავებს; ხარისხის სტანდარტიზაცია კი ბრენდის მიმართ ერთგულებას გააჩენს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
სამწუხაროდ, ქეთი გერსამიასთან ჩემი საუბარი “ლუკასის” საფერავს არ ჰგავს, ანუ უსასრულო დაბოლოება არა აქვს, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ მისი კომპანიის ღვინოებთან ჩემს ურთიერთობას დაბოლოება, ალბათ, საერთოდ არ უწერია. რაც შეეხება თავად კომპანიის მომავალს, მომდევნო ხუთწლეულის გეგმა ასე გამოიყურება: პირველ რიგში წარმოების 12,000-დან 40,000 ბოთლამდე გაზრდა. 6 ჰექტარზე გაშენებული ვენახები ამჟამად არსებულ მოთხოვნასაც ძნელად ჰყოფნის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ახალ მაჩვენებლებს უნდა ველოდეთ. და რაც მთავარია, გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრი საქართველოს ვიტიკულტურულ რუკაზე: “ახალი საწარმოსა და სასტუმროს აშენებას ვაპირებთ კახეთში”, – მეუბნება “ლუკასის” აღმასრულებელი დირექტორი. “შატო?” – უკანასკნელ კითხვას ვუსვამ მე, მაგრამ პასუხამდე მის მზერაში ირონიულობის ნაპერწკალს ვამჩნევ. – “შატო გადასარევი რამეა, თუმცა საქართველოში არ გვინდა შატო. შატო თუ გვექნება – საფრანგეთში. აქ კარგი მარანი, კარგ სასტუმროსთან ერთად – თავისი საწარმოთი, ქარხნით, რესტორნით”.
კომპლექსისთვის ადგილი უკვე შერჩეული და შეძენილია – რუისპირი. სიმბოლური დამთხვევაა, რომ ამ ტერიტორიის მიჯნაზე აღმოჩნდა მეექვსე საუკუნის ტაძარი, უძველეს დროს ჩარგული ქვევრებით. სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო მომავალზე საუბრით დასრულდა. თვით კომპანიის სახელიც ხომ მომავალს განასახიერებს.
დატოვე კომენტარი