2011 წელს ჰოლანდიიდან ნეპალისკენ მოტოციკლეტით მიმავალი დირკ ალევენი დარწმუნებული იყო, რომ საქართველო ერთ-ერთი რიგითი გაჩერება იქნებოდა. თუმცა ორ წელიწადში იგი აქ ბიზნესგეგმით დაბრუნდა და სამტრედიაში უმაღლესი სტანდარტის სათბური გახსნა. FoodVentures-ი ჯანსაღი, გემრიელი და მრავალფეროვანი სალათის ფურცლებით ქართულ ბაზარზს იპყრობს.
ჰიდროფონული სისტემები – ასე ჰქვია სამეურნეო სისტემებს, რომელთა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ პროდუქტი (ანუ ნებისმიერი ტიპის ბოსტნეული) გეოთერმულად, მიწის გარეშე იზრდება. თანამედროვე სასათბურე მეურნეობები უკვე წლებია, ძირითადად ჰიდროფონულ სისტემებზეა აგებული. როგორც სხვადასხვა სამეურნეო ხასიათის კვლევაში წერია, ჰიდროფონიკაა ერთ- ერთი სწორი გზა იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც მომავლის მეურნეობების წინაშე სულ მალე დადგება. ასე ზოგავ მიწას (ძალაუნებურად აღარ უწყობ ხელს მის გამოფიტვას), პროდუქტს იცავ მწერებისა და სხვა არასასურველი ბუნებრივი გავლენებისგან (რომელთა გაუვნებელყოფაც ველებზე გაშლილ მეურნეობებში ყოველდღიურად გიწევს), ინტენსიურად აღარ იყენებ სასუქს და ქიმიური შეწამვლის მეთოდებს, ანუ ჯანსაღი, ქიმიური დანამატებისგან დაცული პროდუქტის გამოყვანა ხდება შენი მიზანი და ამ პროცესს არ სწირავ გემოს: სალათის ფურცელი იქნება, ბადრიჯანი თუ კიტრი – პროცესის ხელოვნურობის მიუხედავად – ის კვლავაც გემრიელია. დირკ ალევენის სასათბურე მეურნეობა Imereti Greenery სამტრედიაში, ჰიდროფონულ სისტემაზეა აწყობილი. 4 ათას კვ.მ.-ზე გაშლილი შუშის სათბური ჰიდროფონული სათბურებისთვისაც კი ყველაზე თანამედროვე ტექნიკას იყენებს სალათის მრავალფეროვანი ასორტიმენტის გამოსაყვანად. სპეციალური განათება, წყლის მუდმივი ბრუნვა და დრენაჟი, მინიმალური ოდენობის ქიმიური დანამატების გამოყენება, ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტი – ამ ყველაფრის საშუალებით, Imerety Greenery ფლობს პოტენციალს, წელიწადში მილიონი თავი სალათის ფურცელი მოიყვანოს – „ზუსტად იმდენი, რამდენის იმპორტიც საქართველოში დღეს ხდება“, – ამბობს დირკ ალევენი. პირველ ეტაპზე მისი მიზანი იმპორტის შემცირება, შემდეგ კი შემოტანილი პროდუქციის ადგილობრივი ნაწარმით სრული ჩანაცვლებაა. ლოკალურად მოყვანილი ბოსტნეული – უკეთეს ფასად, უკეთესი ხარისხი და გემო – ასეთია მათი მოკლე- და გრძელვადიანი მიზანი. ახალი ტექნოლოგიები ხომ არ აჩენს ლოკალური გემოების შესუსტების საფრთხეს? – ქართული მიწათმოქმედების საუკეთესო ნიმუშების მიმართ პატრიოტული გრძნობებით აღვსილი, პირველ კითხვას გემოს შესახებ ვსვამ. ჩემთვის დილეტანტურად ვშიშობ, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ – ზუსტად ეს უმიწო მიწათმოქმედება ხომ არაა დამნაშავე იმ ერთგვაროვანი, პლასტმასის გემოს შექმნაში, რომლის ფონზეც ქართული პომიდვრის, რეჰანისა თუ პრასის მიმართ ეროვნული სიამაყის გრძნობა ასმაგდება? ვიდრე პირადად გავუგებდე გემოს სამტრედიის სათბურის მოსავალს, დირკ ალევენი საკუთარი ექსპერიმენტების შესახებ მიყვება და ასე ცდილობს ჩემს დარწმუნებას: „ერთადერთი გზა, მომხმარებელი პროდუქციის მაღალ ხარისხში დავარწმუნო, მისთვის ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტის გასინჯვის შეთავაზებაა. ამიტომ ხშირად ვაწყობთ ე.წ. ბრმა გასინჯვის რიტუალებს. პროდუქტის წარმომავლობის დაუსახელებლად კლიენტებს სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ადგილზე მოყვანილი სალათის ფურცლებით ვუმასპინძლდებით. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ სალათის ფურცლები, რომლებზეც უმეტესწილად გვეუბნებიან, რომ ყველაზე ქორფა და გემრიელია, Imerety Greenery-ის პროდუქცია აღმოჩნდება ხოლმე“. დირკ ალევენის თანამონაწილეობით 2010 წელს შექმნილი კომპანიის FoodVentures-ის ძირითადი საქმიანობა საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ტიპის სამეწარმეო პროექტების განვითარებაა. კომპანიისა და პირადად დირკის კონცეფციის მთავარი ხაზი ისაა, რომ სჯერათ – ახლად გაჩენილ და ჯერ კიდევ განვითარებად ეკონომიკურ სექტორებში ნოვატორული ცოდნის შეტანა და გამოცდილებების გაცვლა უფრო მეტ სარგებელს მოიტანს ორივე მხარისთვის, ვიდრე სტანდარტულად – სავაჭრო ურთიერთობების აწყობა. დირკი ამბობს, რომ ახლად გაჩენილ ეკონომიკურ სისტემებზე დაკვირვება ძალიან საინტერესო პროცესია და პირად ამბიციად განიხილავს ასეთ ადგილებში იმგვარი ინვესტიციების განხორციელებას, რაც არა პირდაპირი მნიშვნელობით ვაჭრობას, არამედ ახალი ცოდნის, ახალი ნოუ- ჰაუების დანერგვას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით დაიწყო დირკ ალევენმა და FoodVentures-მა უკრაინაში ჰიდროფონული სათბურების აწყობა – სრულიად ახალი ტექნოლოგიების დანერგვა განვითარებად ეკონომიკაში. შემდეგ, ერთი საოცნებო შვებულების დროს, როცა მოტოციკლეტით უნდა გაევლო გზა ევროპიდან კატმანდუსკენ, საქართველოში შეჩერდა. რამდენიმე ხანში აქ გაიცნო ქართველი პარტნიორები – კომპანია „ბორჯომის“ წარმომადგენლები და დირკი მიხვდა, რომ საქართველო არანაკლებ საინტერესო ახალი ბაზარი იყო, რომელსაც სწორედ ის აკლდა, რაც მისი კომპანიის მიზანია – ლოკალური მოსავლის ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მთელ სექტორში. „თქვენ ადგილობრივი ბაზრის წინასწარ კვლევაზე მეკითხებით, მაგრამ მონაცემების მოპოვება ყველაზე მეტად გამიჭირდა. როგორც წესი, ვიდრე საქმიანობას დაიწყებ, საჭიროა იცოდე, როგორია პროდუქტის მოხმარების მოცულობა და ცოცხალი ბოსტნეულის წარმოებისას, წელიწადის ყოველ დღეს რამდენს იღებს ფერმერი. მსგავსი მონაცემები აქ არ არსებობდა, ამიტომ, უბრალოდ, ალღოსა და ემპირიულ დაკვირვებებს ვენდე: სადაც არ ვიკითხე, ბოსტნეული იმპორტირებული აღმოჩნდა. ასეთი ბოსტნეული კი არც ახალია და ამიტომ არც ჯანსაღი და ზუსტად არც ის იცი, შემოწმებულია თუ არა. და მეც ვთქვი: ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, – ამბობს დირკ ალევენი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით იმეორებს, – ჩვენი მიზანია სათბურის აწყობა, ამუშავება და ეტაპობრივი გაზრდა იმპორტის შემცირების მიზნით. საქართველოს ბოსტნეულის იმპორტი არ სჭირდება“. როცა ქართული მხარე და დირკ ალევენის კომპანიაც თანაბრად დარწმუნდა, რომ საერთო ინტერესი და მიზნები ჰქონდათ, ერთობლივი ბიზნესგეგმის შემუშავება დაიწყეს. 2014 წელს კომპანიამ ჰოლანდიის მთავრობის გრანტი მიიღო და ივნისში, სამტრედიაში ჰიდროფონული სათბურის მშენებლობა დაიწყო. დეკემბერში მშენებლობა დასრულდა და დირკ ალევენი, ოჯახ თან ერთად, სამტრედიაში საცხოვრებლად გადავიდა.
„აქაური კლიმატი, გარემო პირობები, წყალსა და ენერგიაზე ხელმისაწვდომობა“, – ეს იყო განმსაზღვრელი ფაქტორი ადგილის არჩევისას. მართალია, კლიმატი საუკეთესო არ არის – ზაფხულის თვეებში საკმაოდ ცხელა და სათბურში ტემპერატურის კონტროლი აუცილებელია ისევე, როგორც ეს საჭიროა ზამთარში – სიცივეში და ნაკლები ბუნებრივი განათების პირობებში. ამიტომ სამტრედიის ჰიდროფონულ სათბურში სპეციალური განათებაა დამონტაჟებული. მისი საშუალებით სინათლე და სითბო რეგულირდება, მაგალითად, ზამთრის თვეებში სათბურში ზაფხული დგას. სალათის ფურცლები წყალზე ტივტივებს, სასუქითა და საჭირო მინერალებით გამდიდრებული წყალი მათ ქვეშ შეუჩერებლად გაედინება და იმის ნაცვლად, რომ საკვები დანამატები მიწის ფორებში ჩაიკარგოს და ფესვებს აღარაფერი დარჩეს, ჰიდროფონულ სისტემაში ყველაფერი ფესვებს რჩება. „ამ მეთოდის საშუალებით, მაგალითად, კიტრის მოსაყვანად 200 კონტეინერით ნაკლები წყალი გვჭირდება; ათჯერ ნაკლები სასუქი; ქიმიური ნივთიერებები კი თითქმის მიზერულად – სულ ოდნავ, 4 თვეში ერთხელ, მაშინ როცა მინდვრებში – ტრადიციულ მეურნეობებში – ქიმიას ყოველკვირეულად იყენებენ“, – მიხსნის დირკი, რომელიც მიჩვეულია სამტრედიის სათბურის უპირატესობების მარტივ ენაზე ახსნას და ამიტომ ეს მშვენივრად გამოსდის. მიჩვეულია მითქმა- მოთქმასაც, რასაც მისი სათბური ადგილობრივ მოსახლეობაში იწვევს. „ხმები გავრცელდა, რომ აქ ძალიან ხელოვნური პროცესი მიდის და ამიტომ ჩვენი ბოსტნეული 24 საათში იზრდება. რა თქმა უნდა, ასე არაა. სალათის ფურცლების გაზრდას ჩვენთანაც 6-7 კვირა სჭირდება. ამ ეტაპზე ყოველკვირეულად 15-20 ათას თავ სალათის ფურცელს ვაწარმოებთ, წლის ბოლომდე კი სრულად დავიტვირთებით და პომიდორი, ბადრიჯანი და კალიფორნიული წიწაკაც გვექნება“.
ამ ეტაპზე, როცა სათბური გამართულია და მუშაობს, დირკ ალევენისთვის მთავარი გამოწვევა ქართული გემოვნების გამოცნობაა – თუ სალათის ფურცლებზე მიდგება საქმე, რომელი უფრო მოსწონთ, აისბერგი, რომეინი, რუკოლა თუ კიდევ სხვა? რა თქმა უნდა, წარმოების დაწყებამდე ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ზოგადად, სალათის ფურცლებს საქართველოში მასობრივად არ იყენებენ – ხშირად ნიგვზიანი ბადრიჯნის დეკორაციის როლს ასრულებს და სხვა არაფერი. მაგრამ ბოლო წლებში ინტერესი გაზრდილია, ქართველებმა სალათის ფურცლების სახეობების ერთმანეთისგან გარჩევა და უფრო საყვარელის გამოყოფაც დავიწყეთ. საინტერესოა, ამ მზარდ ინტერესს ენდო Imerety Greenery, როცა საკუთარ პირველ პროდუქტად სალათის ნაირსახეობა აირჩია? არა მხოლოდ: სალათის ფურცლების წარმოება გაცილებით იოლია, ვიდრე პომიდვრის ან ბადრიჯნის. მათ შემთხვევაში, თუ სათბურში შეცდომა მოხდება – ან ვერ დარეგულირდება ტემპერატურა, ან რაღაც მოულოდნელად მოიშლება – წარმოება ჩავარდება. სალათის ფურცლების მოყვანა კი გაცილებით მარტივია და ახლად აწყობილი სათბურისთვის, რომელიც პირველ ტესტირებას გადის, კომფორტული პროდუქტია წარმოებისთვის.
არის სხვა ფაქტორებიც: მიზანი – ჩანაცვლდეს სალათის ფურცლების იმპორტი, რადგან არ ვიცით, რა პირობებშია მოყვანილი და აკმაყოფილებს თუ არა ჯანმრთელობის, ნატურალურობის სტანდარტს. გარდა ამისა, ცუდად უძლებს მგზავრობას და ჩვენამდე არცთუ მთლად ქორფა ფურცლები მოდის. და კიდევ ერთი მიზანი – გაჩნდეს კონკურენცია ადგილობრივ მწარმოებლებს შორისაც – მათაც დაინახონ, რომ სალათის ფურცლების მოყვანა სრულიად შესაძლებელია სტაბილურ ბიზნესად იქცეს, თუკი ორიენტირი ხარისხსა და სიჯანსაღეზე გექნება. „ხარისხი ზოგიერთ მწარმოებელსაც კარგი აქვს, მაგრამ არასტაბილურად აწარმოებს. პროფესიულ ბაზარს კი პროფესიონალი მწარმოებლები სჭირდება“, – ამბობს დირკ ალევენი და ერთგული კლიენტურის გაჩენას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცდილობს.
დროთა განმავლობაში დირკ ალევენის და Imerety Greenery-ს მიზანი არა პროდუქციის ექსპორტზე გატანა, არამედ სწორედ ქართული ბაზრის სრულად მოცვაა. გაფართოება ალევენისთვის ნიშნავს სხვა ადგილობრივი სათბურების მმართველობაში აღებას, იქ საკუთარი მეთოდიკის დანერგვას და ამ გზით ახალი ტექნოლოგიების გავრცელებას განვითარებად ეკონომიკაში – ანუ სრული თანხვდენის მიღწევას თავის ძირეულ კონცეფციასთან.
ასეთი სათბური დირკ ალევენმა უკვე დაიმატა. ზემოთ აღწერილი ტექნოლოგია ხობში აშენებულ სათბურში დანერგა, ჰოლანდიური მეთოდიკით იქ ქართული შუშა კიტრის მოყვანა დაიწყო და მოსავალი 8-დან 28 კგ.-მდე გაზარდა. „არ მინდა, ვიყო ყველაზე მსხვილი მწარმოებელი. მინდა, ვიყო საუკეთესო“, – მეუბნება და დასძენს, რომ დროთა განმავლობაში, როცა საქართველოში სათანადო ცოდნისა და განათლების მქონე პერსონალს გაზრდიან, FoodVentures-ი აპირებს სხვა ქვეყნებშიც გადავიდეს, შესაძლოა, შემდეგი დანიშნულების წერტილი თურქეთი იყოს. „იქ უკვე სხვა გამოწვევებია. თქვენთან თუ პირველ რიგში წარმოებისა და მიწოდების სქემაა დასარეგულირებელი, იქ ეს უკვე მოგვარებულია, სამაგიეროდ, ძალიან დაბალ დონეზეა საკვების უსაფრთხოების სტანდარტი. ჩვენი მეთოდი საკვების უსაფრთხოებას იმთავითვე გულისხმობს, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტექნოლოგია თურქეთშიც კი შეძლებს კონკურენციის გაწევას“.
მანამდე კი FoodVentures-ი და დირკ ალევენი საქართველოში რჩებიან. „მთავარია, აქაურ მოთხოვნას ვუპასუხოთ და იმპორტი შევასუსტოთ. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, ვაწარმოებთ ქართულ პროდუქტს – უბრალოდ, ჰოლანდიური ტექნოლოგიით“, – ამბობს დირკ ალევენი._
დატოვე კომენტარი