მიზნობრივი ინფლაცია გადასახედია

მიზნობრივი ინფლაცია გადასახედია

ფასების სტაბილურობა მნიშვნელოვანია. დაბალი და სტაბილური ინფლაცია გარემოს მეტად განჭვრეტადს ხდის, ეროვნული ბანკის სანდოობას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ადამიანების მიერ გაცვლასა და დაზოგვაში ეროვნული ვალუტის გამოყენება ნაკლებად რისკიანია. ამისათვის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა აუცილებელია. უფრო სწორად, ამ უკანასკნელის შემცირება. სწორედ მაშინ, როცა შემცირებისთვის სათანადო გარემოა.

ამჟამად საქართველოში ინფლაციის პრობლემა არ დგას. რამდენიმე თვეა, სამომხმარებლო ფასების მაღალი ზრდის ტემპი დაითრგუნა, რაც წლინახევრის მანძილზე ორნიშნა ნიშნულზე რჩებოდა. მიმდინარე პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ბევრად დაბალია, მაგრამ მომავალი წლის გაზაფხულიდან ფასების საერთო დონის ზრდის უფრო მაღალი ტემპია მოსალოდნელი. სწორედ ახლაა ის დრო, როცა ეროვნულ ბანკს და პოლიტიკურ ხელისუფლებას მიზნობრივი ინფლაციის შემცირების შესაძლებლობა აქვს.

2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე ნიშნული 3%- ია. თავად ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი კი საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, ამ უკანასკნელის პირველი ფორმალური შემოღებიდან ორი ათწლეულის შემდეგ.

როგორც წესი, ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი წესებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოა, რომელიც პირველად ახალ ზელანდიაში ამოქმედდა. აღნიშნულს რიგითობით კანადა, დიდი ბრიტანეთი და შვედეთი მიჰყვა. ამჟამად ოთხ ათეულამდე ცენტრალური ბანკი ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში მოქმედებს.

მონეტარული პოლიტიკის ამგვარი ჩარჩოს დამკვიდრება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90- იანი წლებიდან დაიწყო, რომლის წინამორბედი მონეტარული ტარგეტირება იყო – ეკონომიკაში ფულის რაოდენობის ტარგეტირება, რომელიც მილტონ ფრიდმანის ფიქსირებული ფულის წესს ეფუძნებოდა. ეს კი ინფლაციის არაპირდაპირ ტარგეტირებას წარმოადგენდა, ფულზე მოთხოვნის სტაბილურობის დაშვებით. თუმცა 80-იანი წლებიდან გამოჩნდა ემპირიული ლიტერატურა, რაც ფინანსური დერეგულაციის, ინოვაციებისა და ფულის მსგავსი ახალი აქტივების გამოჩენის შედეგად ფულზე მოთხოვნის ფუნქციის არასტაბილურობაზე მიუთითებდა (მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნაშრომი, სადაც დივიზია ინდექსის მეთოდით აგრეგირებული ფულის მასაა გამოყენებული, მოთხოვნის სტაბილურობას აჩვენებს). სწორედ ეს გახდა ინფლაციის ირიბი ტარგეტირებიდან პირდაპირზე გადასვლის საფუძველი, რომლის მახასიათებელია პოლიტიკის მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი – ფასების სტაბილურობა და საჯაროდ გაცხადებული რაოდენობრივი სამიზნე ნიშნული. ამასთან, პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმის არსებობა.

საქართველოში ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმის შემოღების დროს სამიზნე მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა, რაც 2015-2016 წლებში 5%-მდე იყო შემცირებული. 2017 წელის მიზნობრივი ინფლაცია 4%-ს შეადგენდა. 2018 წლიდან დღემდე 3%-ია.

ოპტიმალურია არსებული მაჩვენებელი? ეკონომიკური თეორიის მიხედვით – არა. იდეალური დონე ნულოვანია. მათ შორის, ახალი კეინზიანური პერსპექტივიდან. ყოველ შემთხვევაში ფორმალური განაცხადია, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკა სწორედ ამ თეორიას ეფუძნება, როგორც ბევრი სხვა ცენტრალური ბანკის მიდგომა. ახალი კეინზიანური ფილიპსის მრუდი ამბობს, რომ ინფლაცია გამოშვების გაპსა (პოტენციურსა და ფაქტობრივს შორის სხვაობა) და მოსალოდნელ ინფლაციაზეა დამოკიდებული. ამ მიდგომით, როგორც წესი, ცენტრალური ბანკების მონეტარულ გადაწყვეტილებებში მოლოდინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხოლო ეს უკანასკნელი თავად მონეტარული ხელისუფლების წარსულ ქმედებებზეა დამოკიდებული.

თუმცა თეორიასა და პრაქტიკას შორის აცდენაა. ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმის მქონე ყველა ცენტრალურ ბანკს დადებითი სამიზნე მაჩვენებელი აქვს, რომლის მიზეზი დიდწილად პრაქტიკულია. პირველი – წმინდად სტატისტიკურია, მეორე კი ეფუძნება იდეას, რომ დეფლაციის დანახარჯები უფრო დიდია, ვიდრე ინფლაციის. ამიტომ საჭიროა დადებითი სამიზნე მაჩვენებელი, რადგან დეფლაციის რისკი თავიდან იქნას აცილებული, მაგრამ დეფლაცია თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ეკონომიკურ აგენტებს ახალ რეალობასთან მორგების მოქნილობა ექნებათ. ასეთ მოქნილობას კი რეგულაციები, განსაკუთრებით შრომის ბაზრის, ამცირებს.

ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი ზოგ შემთხვევაში ინტერვალია, ზოგ შემთხვევაში წერტილოვანი. მაგალითად, მოწინავე ეკონომიკებში, როგორიცაა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ევროზონა – ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2%-ია, ხოლო კანადაში ეს ნიშნული 1%-3%-იან შუალედშია. თუმცა განსხვავებულია შვეიცარია, სადაც ცენტრალური ბანკის მიერ ფასების სტაბილურობად მიჩნეულია სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდის არაუმეტეს 2%- იანი დონე. შესაბამისად, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი ცალმხრივია და 2%-იან ნიშნულს არ უნდა აჭარბებდეს.

განვითარებად ეკონომიკებში შედარებით განსხვავებული სურათია, რადგან ასეთ ქვეყნებში მიზნობრივი ინფლაცია შედარებით მაღალია. აღნიშნულის ერთი ახსნაა, რომ განვითარებად ქვეყნებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, რაც ხელფასების ზრდაზე აისახება. ამავე თეორიის მიხედვით, ხელფასების მატება ეკონომიკაში ფასების ზრდის მიზეზია.

არსებობს სხვა, უფრო მეტად დამაჯერებელი ახსნაც. ამგვარი კი მონეტარული გაფართოების საშუალებით ბიუჯეტის დაფინანსებას გულისხმობს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური განვითარებადი ეკონომიკების შემთხვევაშია. ასეთი ქვეყნების სუსტი და წყვეტილი ხელმისაწვდომობა საგარეო კრედიტებზე, კრიზისებისკენ მიდრეკილი ფინანსური სისტემების ხშირი სუბსიდირება და სუსტი ინსტიტუტები – განსაკუთრებით ცენტრალური ბანკები – ინფლაციის გადასახადზე დამოკიდებულებას ზრდის. მეორე მხრივ, თუკი გადასახადისგან თავის არიდება ფართოდ გავრცელებულია ან დიდია გადასახადების ადმინისტრირების ხარჯი, მაშინ მთავრობებისათვის ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა ოპტიმალურია. ამის შესაძლებლობა დაბალი ინსტიტუციური განვითარების პირობებშია, რითაც ღარიბი ქვეყნები ხასიათდება.

მონეტარული გაფართოების შედეგი ეკონომიკაში ფასების საერთო დონის მატებაა. ინფლაცია კი გადასახადის ერთ-ერთი ფორმაა, რაც უფრო მეტად განვითარებად ეკონომიკებშია გამოყენებული, რადგან პოლიტიკურ ხელისუფლებას მეტად ხელსაყრელი პირობები აქვს. შესაბამისად, როცა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის კლებაზეა საუბარი, ეს გულისხმობს მომავალში ადამიანებისთვის საგადასახადო წნეხის შემცირებას. საუბარია ისეთი გადასახადის განაკვეთის შემცირებაზე, რომელსაც არა მხოლოდ ტრადიციული, ეკონომიკის შესავლის სახელმძღვანელოებში ნაჩვენები დანაკარგები ახასიათებს, არამედ უფრო მეტ სოციალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ამცირებს კერძო სიმდიდრეს და კაპიტალზე უკუგებას. ინფლაციის ეფექტია რედისტრიბუცია მყიდველებსა და გამყიდველებს (ფიქსირებული ხელშეკრულება), კრედიტორებსა და დებიტორებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის.

ამდენად, რაც უფრო დაბალია ინფლაცია, მით უკეთესია. დაბალი ინფლაციისთვის პირველ რიგში დაბალი მიზნობრივი ნიშნული, ესე იგი, ინფლაციის გადასახადის შემცირებაა საჭირო, რომლის განსაზღვრაში აქტიური როლი პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს, რადგან საკითხი პოლიტიკურია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის არსებობას საჭიროებს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ამგვარი პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მხოლოდ პარლამენტს აქვს, მაგრამ დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგებით წარმომადგენლობითი ორგანოს როლი ნომინალურია, რაც უნდა შეიცვალოს.

ამასთან, არსებული დაბალი ინფლაციის ფონზე, მიზნობრივი მაჩვენებლის შემცირება უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მოთოკვას, რათა მომავალში კვლავ არ განმეორდეს ხანგრძლივი პერიოდით ფასების საერთო დონის მაღალი ზრდის ტემპი, მიღწეულ იქნას რა დაბალი და მდგრადი ინფლაცია, რითაც სოციალური დანაკარგები მინიმიზებულია. დაბალი და მდგრადი ტემპის ფასების დინამიკა კი გრძელვადიანი პერიოდის სტაბილური ეკონომიკური ზრდის საწინდარია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *