Tesla-ს აქციების ფასის 9%-ით ვარდნის შემდეგ ილონ მასკმა $24 მილიარდი დაკარგა

Tesla-ს აქციების ფასის 9%-ით ვარდნის შემდეგ ილონ მასკმა $24 მილიარდი დაკარგა

ხუთშაბათ დილის ვაჭრობის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა. კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებასა და მასკის მიერ, გლობალური ეკონომიკის მიმართ გამოხატულ პესიმიზმს მოჰყვა. ამ ყველაფრის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თითქმის $24 მილიარდი დაკარგა.

ხუთშაბათს დილით, კომპანიის აქციების ვარდნასთან ერთად, მასკის ქონების წმინდა ღირებულება თითქმის 10%-ით შემცირდა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელექტრომობილების მწარმოებელში აქციათა 21%-ს ფლობს, რაც საერთო ჯამში მისი ქონების 68%-ს წარმოადგენს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Tesla-ს შემოსავალმა $19.6 მილიარდს მიაღწია მაშინ, როდესაც მეორე კვარტალში – $21.3 მილიარდს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კომპანიის თითო აქციაზე შემოსავალმა 66 ცენტი შეადგინა, რაც ასევე შესამჩნევი ვარდნაა მეორე კვარტალში აქციაზე მიღებული 91-ცენტიანი შემოსავლის შემდეგ.

FactSet-ის თანახმად, კომპანიის მესამე კვარტლის შედეგები, როგორც შემოსავლების, ისე თითო აქციაზე მოგების მაჩვენებელში, ინვესტორთა მოლოდინებს ჩამოუვარდება. წინასწარი შეფასებით, მესამე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებლის შემოსავალი $24.2 მილიარდამდე უნდა გაზრდილიყო, თითო აქციაზე შემოსავალს კი – 72 ცენტი შეედგინა.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, აქციათა ფასების კლებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მასკს და გლობალური ეკონომიკის შესახებ მილიარდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიუძღვის. Tesla-ს დამფუძნებელი „აშშ-ში საპროცენტო ხარჯების შესამჩნევ ზრდაზე წუხს“ და კომპანიის მხრიდან ფასების შემცირების აუცილებლობაზე საუბრისას, არსებულ ბაზარს „გამოწვევებით სავსე ეკონომიკურ გარემოდ“ აფასებს.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, წმინდა ღირებულების ვარდნის მიუხედავად, მასკი $232.2 მილიარდით, კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. რაც შეეხება Tesla-ს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $698.6 მილიარდია, რაც მას მსოფლიოში საბაზრო ღირებულების მიხედვით, მერვე უმსხვილეს კომპანიად აქცევს.