„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი II

MISHO 2 (1)

მარკეტინგული ძაბრი და მარკეტინგული სტრატეგია

ყველას გაუვლია ამ ძაბრში, მაგრამ ცოტას თუ გაუაზრებია.

 

ციფრული მარკეტინგის საწყისების პირველ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილეთ ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO), იმეილ-მარკეტინგი, კონტენტ-მარკეტინგი და ა.შ. ამ სტატიაში ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ მათგან თქვენი ბიზნესისთვის სწორი სტრატეგია მარკეტინგული მიქსის მეშვეობით.

ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ – „რა მოუმატებს ჩემს კომპანიას მომხმარებლებს?” „როგორ უნდა მივაწვდინო ხმა ჩემს პოტენციურ კლიენტს?” სწორედ ამ კითხვებზე სცემს სტრატეგია პასუხს.

მარკეტინგული ძაბრი

სტრატეგიის შედგენას ყოველთვის მარკეტინგული ძაბრით ვიწყებთ.

ყველას გაუვლია ამ ძაბრში, მაგრამ ცოტას თუ გაუაზრებია.

დღეს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველანი რაღაც სახის მარკეტინგული სტრატეგიის სამიზნეები ვართ. რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან მარკეტინგის ძაბრის მორევში ვექცევით. მოდი, ჯერ განვმარტოთ ეს ტერმინი.

მარკეტინგული ძაბრი იმ საფეხურების ერთიანობაა, რომლებსაც პოტენციური კლიენტი ბრენდთან ურთიერთობისას გადის და რომლის მთავარი მიზანიც მათი კლიენტური პოტენციის რეალობად გარდაქმნაა. თითოეულ საფეხურს თავისი მარკეტინგული ტექნიკები აქვს, რომლებზეც კონცეფციის ახსნის პარალელურად ვისაუბრებთ. მაგრამ მოდი, ჯერ ეს საფეხურები ჩამოვწეროთ:

  • ხილვადობა და ინტერესი: ამ ეტაპზე მომხმარებელმა იცის, რომ პრობლემა აქვს და იწყებს გადაჭრის გზების ძიებას.
  • განხილვა: განხილვის ეტაპზე პოტენციური კლიენტი იწყებს მისთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების განხილვას.
  • გადაწყვეტილება: როდესაც უმრავლესობა მიაღწევს გადაწყვეტილების ეტაპს, ისინი იწყებენ ყურადღების გამახვილებას კომპანიებზე, რომლებიც საუკეთესო გამოსავალს ან პროდუქტს წარმოადგენენ მათი საჭიროებების შესაბამისად.
  • მოქმედება: მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მიაღწევს მოქმედების ეტაპს, ისინი აირჩევენ თქვენს ბიზნესს და გახდებიან მომხმარებლები.

ახლა თითოეული მათგანი დეტალურად განვიხილოთ.

ხილვადობისა და ინტერესის საფეხურები

ყველაფერი ბრენდის ხილვადობით იწყება, ანუ იქიდან, როდესაც რაიმე ბრენდს შეამჩნევთ. ამ საფეხურზე თავმოყრილნი არიან ის ადამიანები, რომლებმაც თვალი მოჰკრეს თქვენს ბრენდს, მაგრამ ჯერ არ დაინტერესებულან და ამიტომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას საჭიროებენ. თქვენი მიზანია, მათ გააგებინოთ, თუ რა პრობლემის და რა გზით მოგვარებას სთავაზობთ.

ხშირად ჰგონიათ, რომ ამ ჯგუფის ადამიანები უკვე მზად არიან, რომ პროდუქტი შეიძინონ და შეთავაზებებს მიაყრიან ხოლმე, რაც არასწორია და შეიძლება პოტენციური კლიენტი გაგიქციოთ კიდევაც. ეს შესავალი დონეა და ბრენდისა და პროდუქტის წარდგენის გარდა აქ სხვა არაფრის გაკეთება არ გევალებათ.

ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ძაბრის ამ ნაწილში სწორი ხალხის მოსაგროვებლად მომხმარებელთა რელევანტური სეგმენტი უკვე განსაზღვრული უნდა გქონდეთ  —  ანუ, ადამიანთა ის ჯგუფი, ვინც შეიძლება თქვენი პროდუქტით დაინტერესდეს. თუ ეს ვერ მოახერხეთ, მაშინ გნებავთ კედელთან გისაუბრიათ და გნებავთ არასწორ სეგმენტთან.

ჩავთვალოთ, რომ სეგმენტი უკვე განსაზღვრული გაქვთ, ახლა მათთან საუბარი უნდა დაიწყოთ, რისი საუკეთესო გზაც კონტენტ-მარკეტინგია. როგორც ვთქვით, ამ საფეხურზე მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა, ამის გასაკეთებლად კი ვიდეორგოლები, ბლოგი და პოსტები გამოგადგებათ.

მარტივად რომ ვთქვათ, მთავარია, პოტენციურად დაინტერესებული ხალხი თქვენი კომპანიის სოციალური მედიის გვერდსა თუ ვებგვერდზე გადაიყვანოთ და საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის შესახებ.

განხილვის საფეხური

ძაბრის შუაში მოთავსებულნი არიან ისინი, რომელთა დაინტერესებაც წინა საფეხურებზე მოახერხეთ და თქვენი კომპანიის გვერდზე გადაიყვანეთ. ეს ადამიანები მზად არიან, პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტიათ, როგორ ან საერთოდ თუ მოაგვარებენ მას. ანუ  დაინტერესებულნი კი არიან, მაგრამ ჯერ ფულის გადახდა მაინც არ უნდათ.

ჩვეულებრივ ამ საფეხურზე ისინი ალტერნატივების ძიებას იწყებენ, მეტ ინფორმაციას იღებენ და ცდილობენ, საუკეთესო ვარიანტი იპოვონ. ბუნებრივია, ასეთ დროს აუცილებელია, რომ თქვენი ბრენდი რაღაცით გამოირჩეოდეს და ალტერნატივების სიაში არ ჩაიკარგოს. ბრენდინგის მიზანიც ამის პრევენციაა.

რელევანტური კონტენტის მიწოდება აუცილებელია. შეგიძლიათ ჩაატაროთ ვებინარები, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნით, თუ როგორ მუშაობს  პროდუქტი და რატომ ჯობია სხვებისას. ამასთანავე აუცილებელია, საიტზე „ხშირად დასმული შეკითხვების“ (FAQs) სექცია გქონდეთ, რომ ადამიანმა მარტივად და მოკლე დროში მიიღოს პასუხი. ბლოგი და სოციალური მედიის რეგულარული კამპანიები აქაც გამოგადგებათ საჭირო ინფორმაციის მიწოდებაში.

თუ წინა საფეხურებზე ინფორმაციის მიწოდების მიზანი ინტერესის გაღვივება იყო, ამ საფეხურზე ამ ინტერესის შენარჩუნება და პროდუქტისა და შეთავაზების დეტალურად გაცნობაა.

გადაწყვეტილების საფეხური

ვინც წინა საფეხურების ფილტრებს გაუძლო და აქამდე მოაღწია, ჩვეულებრივ, მზადაა პროდუქტის შესაძენად, მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერ გადაუწყვეტია, თქვენგან შეიძინოს თუ სხვისგან. მათ უკვე ჩატარებული აქვთ კვლევა და ალტერნატივების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.

აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს მომხმარებლების გამოხმაურებები (reviews). თუ დააკვირდებით, როდესაც ორ პროდუქტს შორის არჩევნის გაკეთების წინაშე ვდგავართ, ყოველთვის გამოხმაურებებს ვკითხულობთ და იმას ვირჩევთ, რომელზეც უკეთესად საუბრობენ სხვები.

გამოხმაურებების გარდა, სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც შეგიძლიათ გაუკეთოთ, მაგალითად  —  ერთთვიანი უფასო მომსახურება, ან შენაძენზე მცირე ზომის საჩუქარი და ა.შ.

მოკლედ, ამ საფეხურზე თქვენი მიზანია, რომ მათ თქვენი არჩევის დამატებითი მიზეზები მისცეთ და სასწორი თქვენკენ გადმოქაჩოთ.

მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევა

როგორც ხედავთ, ყოველი საფეხური განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ანუ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფთან სხვადასხვაგვარ კომუნიკაციას. კონტენტ-მარკეტინგის გარდა შეგიძლიათ იმეილ-მარკეტინგი, სოციალური მედიის ოპტიმიზაცია და სხვა მარკეტინგული სტრატეგიებიც მოარგოთ ამ საფეხურებს. მთავარია, ბევრი მიდგომა დატესტოთ, საჭირო მონაცემები შეაგროვოთ და შემდეგ უკვე მათზე დაფუძნებით საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშაოთ.

ამ სტრატეგიების შესახებ პირველ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ მოდი, აქაც მოკლედ მიმოვიხილოთ:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO): SEO არის თქვენი ვებგვერდის რანჟირების ზრდის პროცესი ძიების შედეგებში, რაც ხელს შეუწყობს თქვენს გვერდზე უფრო შესაბამის, ორგანულ ტრაფიკს (მეტ ნახვადობას).
  • PPCრეკლამა: PPC-რეკლამა არის ფასიანი რეკლამა, რომელიც გამოჩნდება ძიების შედეგების გვერდების ზედა ნაწილში და სხვა ვებგვერდებზე. ეს რეკლამები  საშუალებას გაძლევთ, მიაღწიოთ მეტ ლიდერებს, რომლებიც მზად არიან გარდაქმნისთვის.
  • სოციალური მედიის მარკეტინგი: სოციალური მედიის მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას ინდივიდუალურად და მიაწოდოთ მას ინფორმაციული შინაარსი. ეს სტრატეგია გეხმარებათ, დაამყაროთ ურთიერთობები ადამიანებთან და ისინი მომხმარებლებად აქციოთ.
  • სოციალური მედიის რეკლამა: თუ ინვესტიციას სოციალური მედიის რეკლამირებაში ჩადებთ, ყურადღებას გაამახვილებთ რეკლამის დამაჯერებელი ასლის შექმნაზე, რომელიც კონკრეტულ მიზნებს ისახავს, ეს საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ბრენდი და მიიღოთ მეტი შემოსავალი. ფეისბუკზე შექმნილი რეკლამებიც  სოცმედიის რეკლამას მიეკუთვნება.
  • ელფოსტით მარკეტინგი: ელფოსტის მარკეტინგი ითვალისწინებს ელფოსტით გაგზავნილ რეკლამას. შეგიძლიათ გაგზავნოთ სარეკლამო ელფოსტა, ექსკლუზიური აქციები, მიტოვებული კალათის შეხსენებები და სხვა.
  • კონტენტმარკეტინგი: კონტენტ-მარკეტინგი საშუალებას ,გაძლევთ, უფრო მეტი ადამიანი მოიზიდოთ გვერდზე აუდიტორიისთვის ღირებული ინფორმაციის გაზიარებით. იქნება ეს ბლოგზე გამოქვეყნებული სტატია თუ ვიდეო, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ცოდნა აუდიტორიას და ჩამოყალიბდეთ როგორც ავტორიტეტი თქვენს სფეროში.

პარალელურად უნდა განსაზღვროთ, თუ ვინ რას უნდა მიხედოს:

  • შიდა გუნდი: თუ გადაწყვეტთ, დარჩეთ შიდა გუნდში, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ გარე დახმარების დაქირავება ან ინვესტიცია ინსტრუმენტებში, რომლებიც კომპანიების მართვის საშუალებას გაძლევთ.
  • ფრილანსერები: ფრილანსერები არიან ადამიანები, რომლებიც სპეციალიზდებიან ერთი ტიპის სტრატეგიაში. თუ ფრილანსერი თარჯიმანი დაიქირავეთ,  ჩვეულებრივ გადაიხდით საათობრივად ან პროექტის მიხედვით შესაბამის თანხას. ფასები შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ ფრილანსერი უფრო გამოცდილია ან იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელსაც ის ითვალისწინებს თავის განაკვეთში.
  • ციფრული მარკეტინგის კომპანია: თუ ციფრული მარკეტინგის კომპანიას დაიქირავებთ, მიიღებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ. თუ არ დაიქირავებთ მათ ერთჯერადად, გადაიხდით ყოველთვე, რათა ციფრული მარკეტინგის კომპანია სარეზერვო სისტემაში დარჩეს.

დღეისთვის სულ ეს არის. შემდეგ სტატიაში მარკეტინგულ მიქსსა და მისი მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.

 

ნაწილი I

გააზიარე