რა არის სახელმწიფო ვალი?

რა არის სახელმწიფო ვალი?

სახელმწიფო ვალი (ინგლისურად Public debt) არის ქვეყნის მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და მთავრობის გარანტიებით კერძო სექტორის მიერ აღებული ვალების ჯამი. აქედან, მთავრობის ვალი არის მთავრობის მიერ საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად აღებული სესხების დაუფარავი ნაწილი. მთავრობა ვალს იღებს, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავალზე მეტია. ცენტრალური ბანკის ვალი საქართველოს რეალობაში ეროვნული ბანკის ვალია, რომელიც ვალს ძირითადად უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად იღებს.

სახელმწიფო ვალი მოიცავს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალებს.

სახელმწიფო ვალის სიდიდე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ტვირთი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ გამოითვლება პროცენტულად. მაგალითად, 2022 წლის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო ვალი 29.8 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 28.6 მილიარდი მთავრობის ვალი იყო, ხოლო 1.2 მილიარდი – ეროვნული ბანკის. მშპ-ის მიმართ სახელმწიფო ვალი 42% იყო.