Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავები

Forbes-მა 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში შემავალმა ცამეტმა ვარსკვლავმა, რომელთა შორის მუსიკოსები, მწერლები, სპორტსმენები თუ სხვა ცნობილი სახეები არიან, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მხოლოდ $470 მილიონის გამომუშავება შეძლო – 70%-ით ნაკლების, 2022 წლის რეკორდულ $1.6 მილიარდთან შედარებით.

გარდაცვლილი ვარსკვლავების შემოსავლების მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ, გასული წლის შემდეგ, მათი მუსიკალური კატალოგების ცხრანიშნა გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. 2022 წლის რეიტინგში შემავალი ცნობილი ადამიანების ნახევარზე მეტმა თანხის უმეტესი ნაწილი სწორედ ინტელექტუალური საკუთრებით გაყიდვით გამოიმუშავა, წელს კი მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, მიმდინარე წელს ჯგუფ The Doors-ის კიბორდისტ რეი მანზარეკის წარმომადგენელმა, გიტარისტ რობი კრიგერთან ერთად, მუსიკალურ კომპანია Primary Wave-თან თანამშრომლობით შექმნილ ნამუშევრებზე უფლებები გაყიდა. Forbes-ის ინფორმაციით, შეთანხმების ღირებულება ორივე არტისტისთვის $80 მილიონიდან $100 მილიონამდე მერყეობდა. შედეგად, მანზარეკმა წლევანდელ რეიტინგში მესამე ადგილის მოპოვებაც მოახერხა.

თუმცა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების გაყიდვიდან The Doors-ის კიბორდისტის მიერ გამომუშავებული თანხა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შარშანდელ მონაცემებს. გასული წლის რეიტინგის ლიდერმა, „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ავტორმა რონალდ რუელ ტოლკინმა $500 მილიონი მხოლოდ Embracer-ის მიერ Middle-Earth Enterprises-ის (ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს ტოლკინის ნამუშევრების ნაწილზე) შეძენით გამოიმუშავა. ხოლო დევიდ ბოუიმ, Warner Chappell-ისთვის საგამომცემლო კატალოგის მიყიდვით, 2022 წელს $250 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ოთხი წლის შემდეგ კი, გასული 12 თვის განმავლობაში გამომუშავებული $115 მილიონით, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგის ლიდერობა მაიკლ ჯექსონმა დაიბრუნა. მას მოსდევს ელვის პრესლი – $100 მილიონი, ხოლო ხუთეულს, მეოთხე და მეხუთე ადგილებით, შესაბამისად, დოქტორი სიუზი და Peanuts-ის შემქმნელი ჩარლზ შულცი ასრულებენ.

პოპის მეფის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ბროდვეის ჰიტ MJ: The Musical-ზე მოდის. მხოლოდ მიუზიკლის ბილეთების გაყიდვებიდან, ბოლო 12 თვის განმავლობაში, ჯექსონმა $85 მილიონი გამოიმუშავა. მომღერლის შემოსავლები კი სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან 2024 წელს, პოპის ლეგენდაზე ბიოგრაფიული ფილმის, Michael-ის გადაღება იგეგმება. რაც შეეხება პრესლის, მის მიერ გამომუშავებული თანხის უმეტესი წილი მუსიკოსის მემფისის სახლის ტურისთვის გაყიდული ბილეთებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის.

მეთოდოლოგია: გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგი მოიცავს გარდაცვლილი ვარსკვლავების მიერ მიღებულ შემოსავლებს გაყიდვებიდან, ლიცენზირების გარიგებებიდან, სტრიმინგიდან და ა.შ. შემოსავლები 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდშია დათვლილი. გარდა ამისა, Forbes-ის რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია Luminate-ის მონაცემები და ინტერვიუები ინდუსტრიის ინსაიდერებთან. აგენტების, მენეჯერებისა და იურისტების გადასახადი დაქვითული არ არის.

Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. მაიკლ ჯექსონი – $115 მილიონი
  2. ელვის პრესლი – $100 მილიონი
  3. რეი მანზარეკი – $45 მილიონი
  4. დოქტორი სიუზი – $40 მილიონი
  5. ჩარლზ შულცი – $30 მილიონი
  6. პრინსი – $30 მილიონი
  7. უიტნი ჰიუსტონი – $30 მილიონი
  8. ჯონ ლენონი – $22 მილიონი
  9. ბობ მარლი – $16 მილიონი
  10. ბინგ კროსბი – $14 მილიონი
  11. ჯორჯ ჰარისონი – – $14 მილიონი
  12. არნოლდ პალმერი – – $10 მილიონი
  13. მერილინ მონრო – – $10 მილიონი