Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს

Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს

Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს, პარალელურად კი პირველად, ინვესტორებისთვის რეგულარული დივიდენდის გადახდასაც გეგმავს. კომპანიის მოლოდინით, ზაფხულში 24%-ით გაზრდილი ტარიფები, შეზღუდული დატვირთვის გამო, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

მგზავრთა რაოდენობით ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის პროგნოზით, მარტში დასრულებული წლის ბოლოსთვის, Ryanair-ის წმინდა მოგება 1.85 მილიარდი ევროდან 2.05 მილიარდ ევრომდე იქნება, რაც გააუმჯობესებს კომპანიის წინა რეკორდს – 2018 წელს დაფიქსირებულ 1.45 მილიარდი ევროს მოგებას. მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე (კომპანიის ფინანსური წლის პირველი ნახევარი) Ryanair-მა 2.18 მილიარდი ევრო გამოიმუშავა – 59%-ით მეტი, ვიდრე წინა რეკორდის ანალოგიურ პერიოდში.

კორონავირუსის პანდემიის შემდგომი მოგზაურობის ბუმის გამოსაყენებლად, Ryanair-ი დატვირთვას კონკურენტებზე უფრო სწრაფად ზრდიდა. მიმდინარე წლის ივლის-სექტემბერში, კომპანიამ 2019 წელთან შედარებით, 25%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. Eurocontrol-ის მონაცემებით, რომელიც ევროპის საჰაერო სივრცეს მართავს, მთლიანობაში ევროპაში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის განცხადებით, Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები, მომავალ ზაფხულს, სავარაუდოდ, შეზღუდავს იმ კონკურენტების დატვირთვას, რომლებიც Airbus-ის თვითმფრინავებს იყენებენ. ამას გარდა, 2030 წლამდე დატვირთვის ზრდაზე უარყოფითად თვითმფრინავების მწარმოებლების დაბალი გამომუშავებაც იმოქმედებს.

რაც შეეხება პირველ დივიდენდს, მისი გადახდა, 400 მილიონი ევროს ოდენობით, სავარაუდოდ, მომდევნო წლისთვის იგეგმება. შემდგომ წლებში კი ავიაკომპანია წმინდა მოგების დაახლოებით 25%-ს რეგულარული დივიდენდის სახით დააბრუნებს.