რომელი ქვეყნები იზიდავენ მსოფლიოს წამყვან ტალანტებს?

რომელი ქვეყნები იზიდავენ მსოფლიოს წამყვან ტალანტებს?

მსოფლიოს წამყვანი ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების მხრივ, უკვე წლებია, რაც ქვეყნებს შორის შვეიცარია ლიდერობას არ თმობს. როგორც ბიზნესსკოლა Insead-ის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსიდან“ ირკვევა, ტალანტების დაინტერესებას ყველაზე დიდი წარმატებით სწორედ ევროპის სახელმწიფოები ახერხებენ და რეიტინგის პირველ ათეულში, სინგაპურისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, შვიდ პოზიციასაც იკავებენ.

Insead-ის მონაცემებით, შვეიცარიამ ტალანტებისთვის შესაძლებლობების მიცემისა და შენარჩუნების კატეგორიებში პირველი ადგილი სოციალური დაცვის მაღალი ხარისხისა და ბუნებრივი გარემოს გამო დაიკავა. მოხსენების თანახმად, ცხოვრების ხარისხი და მდგრადობა „კრიტიკული მნიშვნელობისაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მომდევნო ათწლეულში ტალანტების ჰაბად გადაქცევის ამბიცია ამოძრავებთ”. ბიზნესსკოლის მონაცემები საერთო ჯამში 69 ინდიკატორს ეფუძნება და 134 ქვეყანას მოიცავს.

Insead-ის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” მიხედვით, რეიტინგის მეორეადგილოსანი სინგაპური „განათლებული სამუშაო ძალისა და ინოვაციის დამსახურებით“ გლობალური ცოდნის უნარების კატეგორიის ლიდერია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილს მზარდი ტალანტების კატეგორიაში იკავებს – „მსოფლიო დონის უნივერსიტეტებისა და ბიზნესსკოლების“ წყალობით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის რეიტინგში, BRICS-ის ქვეყნებს შორის (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთი აფრიკა) პირველი ადგილი ჩინეთმა დაიკავა. „ეკონომიკურ საჭიროებასთან თანხვდენილი ხალხის უნარების მქონე გლობალური ლიდერის“ სტატუსი ქვეყანას რეიტინგში მე-40 პოზიციის მოპოვებაში დაეხმარა.

ინდოეთი, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, რეიტინგში 2020 წლის შემდეგ პოზიციებს კარგავს და ამჟამად BRICS-ის სახელმწიფოებს შორის ყველაზე ცუდი შედეგით 103-ე ადგილზეა.

მოხსენების თანახმად, ქვეყნებს შორის ტალანტების მოსაზიდად კონკურენცია შესაძლოა მომდევნო ათწლეულში კიდევ უფრო გამძაფრდეს. ანგარიშში აქცენტი კეთდება ქვეყნების, ქალაქებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, შექმნან ინოვაციები და რბილი ძალა. Insead-ის ანალიზით, ამან მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის განსხვავება შეიძლება შექმნას, რადგან „სიმდიდრე/ტალანტის კორელაცია კვლავ ძლიერად რჩება“.

მოხსენებამ ასევე დაადგინა, რომ კოვიდმა გააძლიერა გენდერული უთანასწორობა, რადგან მაღალკვალიფიციურ სამუშაოებში თანაფარდობა, 2019 წლის პიკის შემდგომ, ბოლო სამი წლის განმავლობაში შემცირებულია. სამომავლოდ კი ეს ტენდენცია შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა გააძლიეროს, რადგან პერსონალს ძლიერ კონკურენციას უკვე ალგორითმები და სპეციალიზებული აღჭურვილობა გაუწევს.

ქვეყნები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ტალანტებს ყველაზე მეტად იზიდავენ:

  1. შვეიცარია
  2. სინგაპური
  3. ამერიკის შეერთებული შტატები
  4. დანია
  5. ნიდერლანდები
  6. ფინეთი
  7. ნორვეგია
  8. ავსტრალია
  9. შვედეთი
  10. გაერთიანებული სამეფო