Eli Lilly-ის ჭარბწონიანობის სამკურნალო მედიკამენტმა FDA-ისგან ავტორიზაცია მოიპოვა

Eli Lilly-ის ჭარბწონიანობის სამკურნალო მედიკამენტმა FDA-ისგან ავტორიზაცია მოიპოვა

Eli Lilly & Co-ის ჭარბწონიანობის სამკურნალო პრეპარატმა, Zepbound-მა, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ავტორიზაცია მოიპოვა. წამლის გაყიდვების დაწყებით კომპანია შეეცდება, დომინანტობა მოიპოვოს ბაზარზე, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, 2030 წლისთვის სავარაუდოდ $100 მილიარდს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ Zepbound-ი ზუსტად იმავე აქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, რასაც კომპანიის მიერ წარმოებული დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი Mounjaro. Zepbound-ის ერთთვიანი მარაგის ღირებულება $1,059.87-ია, ბევრად უფრო იაფი, ვიდრე Novo Nordisk-ის წონის კლების მსგავსი პრეპარატი Wegovy, რომლის ერთი თვის მარაგი $1,349 ჯდება. კომპანიის ინფორმაციით, Zepbound-ი ხელმისაწვდომი მადლიერების დღის შემდეგ იქნება.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, ცდების პერიოდში პაციენტებმა, რომლებიც Lilly-ის Zepbound-ის უმაღლეს დოზას იღებდნენ, საშუალოდ სხეულის წონის 18% დაკარგეს. აქვე აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, როდესაც FDA-მ Zepbound-ზე თანხმობა გასცა, გაერთიანებულ სამეფოში მარეგულირებლებმა მოზრდილებში წონის კლების სამკურნალოდ Mounjaro-ც დაამტკიცეს. შედეგად, Lilly-ის აქციები 3.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ $619.13-ს მიაღწია.

წონის კლების მედიკამენტების პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება კონკურენცია კომპანიებს შორისაც. ამჟამად, Lilly ჯანდაცვის სფეროს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა მსოფლიოში, Ozempic-ისა და Wegovy-ის მწარმოებელი Novo კი სექტემბერში ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა.