iPhone 6: რა არის ახალი?

iPhone 6: რა არის ახალი?

9 სექტემბერს  Apple-ის გულშემატკივრებმა ახალი თაობის აიფონის 2 მოდელის – iPhone 6-ისა და iPhone 6 Plus-ის, განახლებული ოპერაციული სისტემისა (iOS 8) და ოჯახის ახალი წევრის – Apple Watch-ის პრეზენტაცია იზეიმეს. ეს უკანასკნელი გაყიდვაში 2015 წლის დასაწყისში გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ აიფონი შეიძლება სულაც არ მიგვაჩნდეს Apple-ის საუკეთესო ქმნილებად, ის პოპულარობით N1 სმარტფონია მსოფლიოში. ამის დასამტკიცებლად დიდად არ გვჭირდება გაყიდვების სტატისტიკა, დააკვირდით სმარტფონების მოყვარული ადამიანების დიდ ნაწილს: ისინი ან შეყვარებულები არიან მის ფუნქციებზე ან ბრმად ყიდულობენ ყოველ ახალ მოდელს; მთელი წლები ანდროიდს ადიდებენ და მერე უჩუმრად გადადიან iOS-ზე; ან აიფონის უძველეს მოდელებს მოთმინებით იტანენ, რომ ახლის ყიდვით დაიბრუნონ დიდება; ან უბრალოდ ქრონიკულად ოცნებობენ მის ახალ და ახალ მოდელზე.

Apple-ის ხსენებული გრანდიოზული პრეზენტაციისას არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ჯერ არასდროს ყოფილა აიფონი ასე დიდი, თხელი და ძლიერი. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს? გთავაზობთ 7 ძირითად მახასიათებელს:

1. მოდელები:

iPhone 6 ორი მოდელით არის წარმოდგენილი: iPhone 6 და iPhone 6 Plus. გარდა მახასიათებლებისა ისინი ზომებითა და წონითაც განსხვავდებიან:

iPhone 6 –138,1 x 67x 6,9მმ, წონა 129 გრამი.

iPhone Plus – 158,1 x 77,8x 7,1მმ. წონა 172 გრამი.

ფერები: ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კოსმიური ნაცრისფერი (Space Gray)

2. დიზაინი

ოფიციალური რევიუს მიხედვით, iPhone 6 არ არის უბრალოდ უფრო დიდი, ის ყოველმხრივ გაუმჯობესებულია – უფრო დიდი, ბევრად თხელი და ძლიერი. ყველაფერი ანოდიზებული ალუმინის, უნაკლო მეტალისა და მინისგან შეიქმნა. ,,ჩვენ დეტალურად ვიკვლიეთ ყოველი ელემენტი და მასალა. სწორედ ამ გზით მივედით გლუვ, განგრძობად ფორმამდე” – გვიხსნიან Apple-ის დიზაინერები. მეტალის ელეგანტური ჩარჩო რბილად გადადის რეტინა HD დისპლეიზე, ძირითადი ფუნქციონალური ღილაკები კი ინტუიტიურადაა განლაგებული. Apple-ს თუ ვენდობით, iPhone 6 სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფა იდეალურ უნისონს ქმნის მოწყობილობასთან.

3. ეკრანი

თვალის  ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ახალი აიფონის დისპლეი წინამორბედებზე ფართოა. გარდა ამისა, ინოვაცია გულისხმობს უფრო მკვეთრ კონტრასტს, უფრო ზუსტ ფერსა და უკეთეს აღქმადობას.iPhone 6-ის ეკრანის მონაცემები ასე გამოიყურება:

iPhone 6 – Retina HD Display, 1334 ×750

iPhone 6 Plus – Retina HD Display, 1920× 1080

4. მეტი სიმძლავრე, მეტად ეკონომიური

iPhone 6–ის მოდელები A8 ტიპის პროცესორმა მნიშვნელოვნად გააძლიერა, თუმცა ეს მისი ბატარეის სწრაფად დაცლას სულაც არ იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ გამოსწორდა  ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა – ახალი მოდელი უფრო დიდხანს ახერხებს მუშაობას. ამ შედეგის მიღწევა კი ენერგოეფექტურობისა და ბატარეის გაძლიერების ხარჯზე მოხერხდა:

5. Apple Pay – საფულე საფულის გარეშე

Apple-მა მთლიანად გადაიაზრა შესყიდვების პროცესი, რათა ის უფრო მარტივი, სწრაფი და დაცული გამხდარიყო. ID touch-ისა და  NFC ანტენის დაკავშირებამ  iPhone 6 უნივერსალურ ციფრულ საფულედ გადააქცია – მიადებთ თქვენს სმარტფონს საგადასახადო ტერმინალს და ანგარიშიდან თანხა რამდენიმე წამში ჩამოგეჭრებათ.  ვიზა, მასტერქარდი და ამერიკან ექსპრესი მარტივად ებმის ახალი აიფონების ფასბუქს.  ყოველი ტრანზაქციისას მომხმარებელს ეძლევა უნიკალური კოდი, რომლის კონფიდენციალობაც მკაცრადაა დაცული. Apple-სათუ გადამყიდველებს არ ექნებათ წვდომა თქვენს მიერ განხორციელებულ გადახდებზე. ასე რომ, დაივიწყეთ ჯიბეებსა თუ ჩანთაში ფულის ძებნის ქრონიკული პროცესი. მოიმარჯვეთ აიფონი და მარტივად შეიძინეთ თქვენთვის სასურველი რამ   App Store-სა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში. Apple Pay ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 ოქტომბერს გააქტიურდება.

6. კამერა

როგორც Apple-ის თავბრუდამხვევი სარეკლამო ვიდეოები გვამცნობენ,  ადამიანები უფრო და უფრო ხშირად   იღებენ ფოტოებს აიფონით, ვიდრე რომელიმე სხვა კამერით. ამ ადამიანებს ახლა უკეთესი ერა დაუდგათ: iPhone 6-ის 8 მეგაპიქსელიანი iSight კამერა განსაკუთრებით მათ გაახარებთ, ვინც სმარტფონით მხოლოდ საყოფაცხოვრებო სურათებს არ იღებს. განახლებული სენსორის, ავტოფოკუსირების ახალი სისტემისა და გამოსახულების სტაბილიზატორის მეშვეობით ახალი მოდელების ვიდეოგამოსახულებამ ისეთ სიმაღლეს მიაღწია, როგორიცაა 1080p HD. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ამ სმარტფონით მაღალი ხარისხის ფილმის გადაღებაც კი შეგიძლიათ. ასე რომ, ახლა საუკეთესო მომენტების ვიდეოზე აღბეჭდვის მეტი მიზეზი არსებობს. ახალმა კამერამ არც ,,სელფის” მოყვარულები დაივიწყა – თუკი ადრე შიდა კამერით გადაღებული ფოტო დიდი ხარისხით ვერ დაიკვეხნიდა, ახლა ეს პრობლემაც მოხსნილია.

7. უფრო მომცველი და სწრაფი ინტერნეტი

ოფიციალური რევიუს მიხედვით, iPhone 6-ს აქვს უფრო სწრაფი LTE  (Long-Term Evolution) ჩამოტვირთის სიჩქარე და სიგნალის მიღების უფრო მეტი დიაპაზონი, ვიდრე iPhone 5S-ს ან რომელიმე სხვა სმარტფონს. Apple-ს თუ დავუჯერებთ, თქვენი ახალი აიფონი  ერთსა და იმავე Wi-Fi-ის შემთხვევაში 3-ჯერ უფრო სწრაფად იმუშავებს, ვიდრე რომელიმე სხვა სმარტფონი.

iPhone 6 და iPhone 6 Plus-ი  გაყიდვების ქსელში ოფიციალურად 19 სექტემბერს ჩაეშვება. მანამდე 2 დღით ადრე კი, 17 სექტემბერს, Apple-ის განახლებული ოპერაციული სისტემა iOS 8 გამოვა. როგორც ამბობენ, მანაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ და ახლა  ისეთი ახალი ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს, რომელიც აქამდე მხოლოდ თქვენს წარმოსახვაში არსებობდა. მაგალითად, Siri ახლა თქვენს სახლში არსებულ მოწყობილობებსაც გააკონტროლებს, ფიტნესისა და ჯანმრთელობის აპლიკაციები კი უთქვენოდ დაამყარებენ კომუნიკაციას თქვენს ექიმთან.

სანამ საქართველოში აიფონის ახალი მოდელების შეძენას რამდენიმე ათასად გადაწყვეტთ, ამერიკულ ფასებს შემოგთავაზებთ. ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია თითოეული მოდელის საცალო ღირებულება კონტრაქტის გარეშე. 2–წლიანი კონტრაქტის პირობებში კი ფასები შემდეგნაირია:

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *