საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთვის მოცულობა 83.9%-ით შემცირდა

საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთვის მოცულობა 83.9%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 141 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 353.5 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 2.1-ჯერ, მეორე შემთხვევაში კი 2.2-ჯერ არის გაზრდილი.

წყარო: საქსტატი

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირველ შემთხვევაში კლება 83.9 პროცენტს, მეორე შემთხვევაში კი 83.5 პროცენტს შეადგენს.

წყარო: საქსტატი

რაც შეეხება ქართული აეროპორტების მაჩვენებლებს, საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.04 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ეს წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.3 პროცენტით აღემატება. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აეროპორტების მიერ მიღებული მგზავრების რაოდენობა 1 მილიონზე ოდნავ მეტს (ზრდა 28%) შეადგენს, აეროპორტიდან გამგზავრებულთა რაოდენობა კი 1.03 მილიონ მგზავრს (ზრდა 26.7%) აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადის 96.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდის.

წყარო: საქსტატი

ამასთანავე, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 2023 წლის III კვარტალში 8.1 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამავე პერიოდში აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, 85.4% მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6% – გაგზავნილი. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.