კაზანტიპის რესპუბლიკა ანაკლიაში ემიგრირდა. რამდენად აქვს ქალაქის სტატუსისთვის მებრძოლ სოფელ ანაკლიას შანსი, იქცეს რეგიონის მუსიკალურ მეგაპოლისად, წელიწადში ასი ათასზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტის მიზიდულობის ცენტრად და გართობის ინდუსტრიის ახალგაზრდულ დედაქალაქად, სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა ნაქებ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე.
ვკითხულობ იმ რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომლის საზღვრებიც სადაცაა უნდა გადავკვეთო. მუხლი პირველი: „კაზანტიპის სადღესასწაულო ქვეყანას აქვს საზღვრები, მაგრამ არა აქვს ტერიტორია. ის არის სახელმწიფო, რომელიც მარტივად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეზე. კაზანტიპის სადღესასწაულო ქვეყნის დედაქალაქი შეიძლება იყოს ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, რომელიც ხანდახან, მისთვისაც მოულოდნელად, კაზანტიპის სადღესასწაულო ქვეყნის ახლომახლო აღმოჩნდება“.
ანაკლიას ვუახლოვდები – ტერიტორიას, სადაც წელს კაზანტიპის რესპუბლიკა უნდა წარმოიქმნას. ნამდვილად არ მინდა, დეპორტაცია გამიკეთონ ქვეყნიდან, რომლის ერთ კვადრატულ მეტრზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ბედნიერი „მოქალაქე“ მოდის, ამიტომ მის კანონმდებლობას გულდასმით ვეცნობი. ზღაპრულ რესპუბლიკაში ჭკუამხიარულობა რელიგიის რანგშია აყვანილი. თითოეული სტუმარი ვალდებულია სჯეროდეს სასწაულის. ერეტიკოსები სასტიკად დაისჯებიან: „ასეთ ადამიანებს ჩვენ უიმედოებად ჩავთვლით“, – ამბობს შეუვალი კონსტიტუცია.
დადგენილი ტერიტორიის გარდა, კაზანტიპს სახელმწიფოებრიობის ყველა ელემენტი აქვს. აქვს ნაციონალური ტანისამოსი – ბიკინი, სტინგი/ტანგა, შორტი და მზის სათვალე. ჰალსტუხისა თუ ტყავის ქურთუკის ტარებაში შემჩნეული ადამიანები ქვეყნის ტრადიციების უპატივცემულობაში დადანაშაულდებიან; აქვს ჰიმნი, რომელიც ყოველ წელს ახალია და დემოკრატიულად გამოვლინდება, ხოლო ჰერალდიკაში ყვითელი და ნარინჯისფერი ჭარბობს. „ეროვნული სიმბოლიკის“ პატივისცემას კაზანტიპის რესპუბლიკის „ხალხთა შორის მეგობრობის მინისტრი“ სათანადოდ გიფასებთ – თუკი თქვენ ჩემოდანს რესპუბლიკის ალმის ფერებად შეღებავთ და საიტზე დაარეგისტრირებთ (დეტალები იხილეთ kazantip.net-ზე), მაშინ არ მოგიწევთ რესპუბლიკის ვიზის მოსაპოვებლად 300 ლარის გადახდა, თუმცა ამ შემთხვევაში ვალდებული იქნებით რესპუბლიკის ტერიტორიაზე სულ ამ ჩემოდნის თანხლებით იაროთ.
რესპუბლიკის ეკონომიკურ მოწყობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, პოლიტიკური მოწყობა კი უცნაურია – მიუხედავად დემოკრატიული ხასიათისა და როტაციული მინისტრთა კაბინეტისა, მას ერთი, მუდმივი პრეზიდენტი განაგებს – ნიკიტა მარშუნოკი, იგივე ნიკიტა პირველი.
ჩანს, ნიკიტა პირველი მის მიერ დაარსებული რესპუბლიკის სტატუსს სერიოზულად ეკიდება. „როცა რესპუბლიკაზე დაწერ, კაზანტიპს მუსიკალური ფესტივალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უწოდე, თუ გინდა, რომ მაწყენინო“, – მეუბნება იგი.
შავ ცილინდრში, იმავე ფერის სმოკინგში, დაბალუბიან ატლასის ბრიჯში და სტაფილოსფერ კედებში გამოწყობილი 52 წლის ნიკიტა მარშუნოკი აბრაამ ლინკოლნად გადაცმულ ჰიპსტერს უფრო ჰგავს, ვიდრე ბიზნესმენს, მაგრამ რეივერთა მთელი ამ „ნარინჯისფერი რევოლუციის“ უკან წარმატებული ბიზნესმოდელი იკითხება, რომელიც 22 წელია, განუხრელად იზრდება – საკმაოდ ძვირად ღირებული ვიზების გაყიდვები ყოველწლიურად 20%-ით მატულობს (ანაკლიაში გადმობარგების პირველ წელს სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირდება). რესპუბლიკის დამფუძნებელი მამები კომერციულ მხარეზე არ საუბრობენ, თუმცა Forbes-ის უკრაინული რედაქციის გათვლით, ყირიმის ტერიტორიაზე არსებობისას, კაზანტიპის რესპუბლიკის ბიუჯეტი ყოველ წელს $10 მილიონი წმინდა მოგებით ივსებოდა.
„კაზანტიპის საფუძველი ჩემი ფანატიკური გატაცებაა ვინდსერფინგით, – მეუბნება ნიკიტა. – ამან მიმიყვანა სანაპიროზე მეგობრებთან ერთად. როდესაც რაღაც კარგს აკეთებ, ხალხის ყურადღებასაც იქცევ. თავიდან 10 ადამიანი იყო, შემდეგ 50, შემდეგ – 100. როდესაც სანაპიროზე 500 ადამიანი შევგროვდით, მე კი არა, მათ თქვეს, რომ რაღაც დაიბადა. 1993 წელი იყო. ჩავატარეთ პირველი ჩემპიონატი ვინდსერფინგში, რომლის ასოციაციის პრეზიდენტიც თავად გახლდით. როდესაც სადღაც ბევრ ახალგაზრდა და აქტიურ ადამიანს მოუყრი თავს, ალბათ, საღამოს თავისით ჩნდება მუსიკა“.
მუსიკალური როლის განსაზღვრაზე, რა თქმა უნდა, თავად ეპოქამ იქონია ზეგავლენა. საბჭოთა კავშირის ნგრევას პოსტსაბჭოთა სივრცეში ელექტრონული მუსიკისა და მისი თანმდევი რეივკულტურის შემოჭრა მოჰყვა, რაც, თავის მხრივ, დასავლეთში მიმდინარე მუსიკალური პროცესების გამოძახილი იყო. 1990-იან წლებში თანამედროვე მუსიკალური სცენა ბაზრის იმპერატივმა სამუდამოდ შეცვალა და ახალგაზრდების ცნობიერებაში როკ-ენ-როლისა თუ პოსტპანკის ადგილი საკლუბო მუსიკამ დაიკავა. ახალი კულტურის დაბადებაში ბაზარს ისეთივე წვლილი მიუძღვის, როგორიც სახელოვნებო პროცესს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალების წარმატების მიზეზები ნათელია, ეს ახალბედა მუსიკოსებსაც აწყობთ და გართობის ინდუსტრიასაც: სტანდარტული ბენდისთვის ალბომის შექმნა დიდ რესურსს, შრომასა და დროს მოითხოვს, კონცერტის სხვა ქვეყანაში გასამართად საჭირო აპარატურის გადასატანად ხშირად მთელი ავიალაინერის დაქირავებაა საჭირო. საორგანიზაციოდ ურთულეს ცოცხალ კონცერტებზე გაყიდული ბილეთების შემოსავლიდან ბენდს მხოლოდ ერთი მესამედი რჩება, თან ასეთი კონცერტების რაოდენობა შეზღუდულია. ამ დროს საუკეთესო დი-ჯეებიც კი პრაქტიკულად დიდი დანახარჯების გარეშე მოგზაურობენ – ხშირად მხოლოდ ფლეშ-დისკის ამარა – გამომუშავებული ფულის უმეტესი ნაწილი მათ რჩებათ და ზოგჯერ რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად სახლში $100 ათასზე მეტი მიაქვთ. ეს მასობრივი და დიდი ბიზნესია. შარშან ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა დი-ჯეიმ ერთად $150 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
უკვე 1990-იანი წლების დასაწყისისთვის მუსიკალური ინდუსტრია ხვდებოდა, რომ რამდენიმედღიანი ფესტივალის გამართვა, ხარჯების გათვალისწინებით, ელექტრონული მუსიკის ფარგლებში უფროა მიზანშეწონილი. ვინაიდან ელექტრონული მუსიკა დამწყებთათვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მეტად დემოკრატიულია და შედარებით ნაკლები დროისა თუ ენერგიის ინვესტირებას მოითხოვს, ახალგაზრდა მუსიკოსებიც სწორედ ამ მიმართულებას ირჩევენ. იმ წლებში, როცა ევროპისა და ამერიკის კულტურულ მიკროკოსმოსში პირველი „ელექტრონული ვარსკვლავები“ თვალისმომჭრელად აკიაფდნენ, რკინის ფარდა უკვე აღარ იყო და ეს ციმციმი პოსტსაბჭოთა ნიადაგიდანაც მოჩანდა. შედეგად, გართობის ინდუსტრიის ბიზნესპერსპექტივის გააზრებით თუ უბრალო მოდის გამო, ნიკიტა მარშუნოკი ეპოქის სულისკვეთებას აჰყვა, რამაც სამომავლოდ „კაზანტიპის რესპუბლიკის“ მუსიკალური ღონისძიების წარმატება განსაზღვრა.
„ჩვენ, როგორც აქტუალურ ‘ტუსოვკას’, არ შეგვეძლო ამ ტრენდის იგნორირება, – მეუბნება იგი, – კარგი ადამიანების დიდი კომპანია ჯერ სპორტის გარშემო გაერთიანდა, ბოლოს კი ელექტრონული მუსიკა გახდა დომინანტი და ჩვენც ერთი ნახევრად აშენებული და მიტოვებული საბჭოთა ატომური ელექტროსადგურის შენობა ვიპოვეთ. მგონი, პირველი ვარ მსოფლიოში, ვინც მუსიკალური ივენთი ატომურ რეაქტორზე ჩაატარა. ასე გაგრძელდა 5 წელი და კაზანტიპი, როგორც მუსიკალური ივენთი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შედგა. ალბათ მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიძლება რამის გაკეთება ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. ასეთი ნონსენსები სწორედ ეპოქების გზაგასაყარზე იყო შესაძლებელი“.
როცა ამ სიტყვებს ვისმენდი, დამებადა აზრი, რომ კაზანტიპი ლეთარგიულ ძილში წასული საბჭოთა ტოტალიტარული სხეულის კოშმარული სიზმარია. განა რა არის უფრო მკაფიო მეტაფორა ტოტალიტარული რესპუბლიკისთვის, ვიდრე ერთ „ბითს“ აყოლებული ათიათასობით „მოქალაქის“ გულისცემა, როცა ყველა და ყველაფერი ერთ რიტმში დგამს ფეხს. თუმცა საბჭოთა მარშისგან განსხვავებით, მეოცე საუკუნის მიწურულს კაზანტიპის მოქალაქეები სულ სხვა – არა მონობის, არამედ თავისუფლების – მუსიკას უწყობდნენ ნაბიჯს.
ატომურ ელექტროსადგურზე მაღალი ემოციური ძაბვა 5 წელს გრძელდებოდა, შემდეგ კი თავისუფლების „გვერდითმა ეფექტებმაც“ იჩინა თავი. მიუხედავად კაზანტიპის „რესპუბლიკობისა“, მასზე იმ ტერიტორიის კანონმდებლობა ვრცელდება, რომელზეც იგი არსებობს და ფესტივალის ორგანიზატორებიც ძალისხმევას არ იშურებენ ღონისძიების ექსცესების გარეშე წარმართვისთვის (კერძო უსაფრთხოების სამსახურის დაქირავების ჩათვლით). თუმცა ისიც არის, რომ მსოფლიოს 1960 წლიდან არ უნახავს მასშტაბური მუსიკალური ივენთი, სადაც ახალგაზრდა არაფორმალებს მსუბუქი ნარკოტიკის შეტანა ვერ მოუხერხებიათ.
თავად ნიკიტა პირველს ნარკოდამოკიდებულებისადმი შეუვალი პოზიცია აქვს: „ჩემს ცხოვრებაში ბევრი სპორტია. ზღვის სანაპიროზე წელიწადში რვა თვეზე ნაკლებს არ ვატარებ და ჩემთვის, როგორც ვინდსერფინგით გატაცებული ადამიანისთვის, ერთადერთი ნარკოტიკი – ქარია. თუ დამიჯერებ, სხვა ნარკოტიკი ჩემს ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილა. თუ არ დამიჯერებ, კი შემიძლია ნებისმიერ დროს მოვშარდო და დარწმუნდები, – ღიმილით ამბობს ნიკიტა პირველი, შემდეგ სახე უსერიოზულდება და თავის ორ მცირეწლოვან შვილზე მიმითითებს, – ესენი კაზანტიპზე გაიზარდნენ. არ მინდა იქ რამე ცუდი ხდებოდეს“.
კაზანტიპის რესპუბლიკაში ორგანიზატორების მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანია თვალში საცემია – რესპუბლიკის ტერიტორიაზე რიგდებოდა ბროშურები, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ აფრთხილებდა მოქალაქეებს, თუმცა რამდენიმე ფაქტის გამოვლენა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკმარისი აღმოჩნდა განგაშის ზარის შემოსაკრავად და 1999 წელს ნიკიტა მარშუნოკმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლაზე ფიქრი დაიწყო. ამავდროულად იგი ხვდებოდა, რომ პროექტი განვითარებას საჭიროებდა და მხიარულების კერის გადასარჩენად აუცილებელი იყო მასზე ბიზნესის კუთხით ფიქრი.
კაზანტიპის კონცხზე არსებული მიტოვებული ატომური ელექტროსადგურიდან 2000 წელს კაზანტიპის რესპუბლიკა ყირიმის ვესელეს დასახლებაში ემიგრირდა. ამ დროსვე გამოჩნდა პირველი სპონსორი, კორპორაცია Procter & Gamble-ი, რომელსაც ზუსტად იმ დროს გაეშვა პოსტსაბჭოთა ბაზარზე შამპუნი Head & Shoulders-ი მენთოლის არომატით და ახალგაზრდა სეგმენტში მის პოპულარიზაციაზე ფიქრობდა. მარშუნოკის თქმით, სწორედ მან მოიგონა სლოგანი „თავს გაუფრთხილდი“ და მოსკოვის მაღაზიებში გაჩნდა აკვარიუმები, სადაც შამპუნის გარდა პრეზერვატივები და ამ შეკვრაზე „კაზანტიპის“ შესახებ დატანილი ინფორმაცია იყო მოთავსებული. მალევე პირველ სპონსორს მეორე მოჰყვა, რუსული ლუდის ბრენდი „ბალტიკა“. მის ერთ-ერთ რეკლამაში ჩანდა, თუ როგორ ერთობიან ახალგაზრდები კაზანტიპზე – ამგვარად მიიღო ნიკიტა მარშუნოკმა პოპულარული არხებისთვის საუკეთესო საეთერო დროს გაშვებული მასშტაბური სარეკლამო კლიპი, რომელშიც მას კაპიკიც არ გადაუხდია.
მიუხედავად პირველი წარმატებისა, მარშუნოკისთვის ნათელი იყო, რომ მას აუცილებლად სჭირდებოდა რამენაირი მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რადგან ეს უკანასკნელი არასახარბიელო ინტერესს ავლენდა ივენთის მიმართ, რომელიც ყოველ წელს ათიათასობით უცნაურ ახალგაზრდას იზიდავდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველს ახალგაზრდულ საკითხებში, ანდრეი ფილონოვს სთხოვა სიტუაციაში გარკვევა. ფილონოვი ახალგაზრდა ანტრეპრენიორი იყო და, ბუნებრივია, საფრთხის ნაცვლად მან კაზანტიპში კარგი ბიზნესპერსპექტივა დაინახა. ამგვარად, ნიკიტა მარშუნოკმა შეიძინა პარტნიორი, რომელსაც გააჩნდა მიწა ყირიმის პატარა ქალაქ პოპოვკაში. 2001 წელს მუსიკალური ღონისძიება სწორედ ამ ქალაქში შედგა და იქვე შეიძინა რეკორდული მასშტაბები. კაზანტიპის რესპუბლიკის შემოსავლის ძირითადი წყარო კვლავ „ვიზები“ იყო, თუმცა სეზონურად კაფეებისა თუ ბარებისთვის მიწის მიქირავებით (რასაც ნიკიტა ხუმრობით „სამშობლოს გასხვისებას“ უწოდებს) და კაზანტიპის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ალკოჰოლის ექსკლუზიურად გაყიდვით (20%-იანი ფასნამატი) მათ მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღეს.
რაც შეეხება თავად პოპოვკას, მან ასითასობით ტურისტი მიიზიდა მსოფლიოს 106 ქვეყნიდან. ტურისტების ამ ნაკადს ინფრასტრუქტურული განვითარებაც მოჰყვა: „პოპოვკა ერთი ჩვეულებრივი მეთევზეთა სოფელი იყო ზღვის პირას, ორი სასტუმროთი. დღეს იქ 220 თუ 223 კერძო სასტუმროა და კიდევ მიმდინარეობს მშენებლობა. მიწა ოცჯერ გაძვირდა. ინვესტიციების რაოდენობა ამ ზონაში რეკორდულია. ირონიულად რომ ვთქვათ, ჩვენ „ქვემეხივით დისკოთეკა“ ვართ. პოპოვკა მსოფლიოში ყველაზე ძვირ სოფლად იქცა, ახლა იქ ისეთივე ფასებია, როგორიც მონტე-კარლოში“, – ამბობს პრეზიდენტი ნიკიტა პირველი. მაგრამ ფასების ამგვარი ზრდისადმი იგი კეთილგანწყობილი არაა. მისი თქმით, იგი „გარემოებების მძევალი“ გახდა: „არ შეიძლება კეთილგონიერების ზღვარს გადააბიჯო ფასებთან მიმართებით იმ მიზნით, რომ „ჩქარი ფული“ გამოიმუშაო. ეს, პირველ რიგში, სამომავლო პერსპექტივას კლავს. მასაც კი, ვისაც ფული აქვს, არ უნდა თავი იდიოტად იგრძნოს და გადაიხადოს იმაზე ათჯერ მეტი, ვიდრე მიზანშეწონილია ამა თუ იმ პროდუქტის სანაცვლოდ. ყველაფერს თავისი ფასი აქვს“.
რა თქმა უნდა, „კაზანტიპის რესპუბლიკის“ მიერ გეზის ანაკლიისკენ აღება პოპოვკის არაკეთილგონივრულად გაძვირებას არ განუპირობებია. ძირითადი ფაქტორი პოლიტიკური იყო – ყირიმმა უეცრად „მფლობელი“ შეიცვალა და რუსულ რეალიებში აღმოჩნდა. ნიკიტა მარშუნოკი ყოველთვის ცდილობდა, პოლიტიკური ცხელი წერტილებისგან თავი შორს დაეჭირა. ესეც რომ არა, ამ პირობებში პროექტის ყირიმში გამართვა შეუძლებელი იყო. ყირიმის ანექსიასთან ერთად თავი იჩინა ლოგისტიკურმა საკითხებმა – განსხვავებით კაზანტიპის რესპუბლიკის ვიზისაგან, რუსეთის ვიზის აღების მსურველნი „ყვითელი ჩემოდნებით“ ნამდვილად ვერ გავლენ ფონს. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, იგი საქართველოში მიიპატიჟეს – „უბრალოდ რომ მენახა, როგორი ქვეყანაა“, – ამბობს იგი და ამატებს: „ბევრი რუსისა და უკრაინელის ცნობიერებაში საქართველო არცთუ უსაფრთხო რეგიონია, თანაც ცოტა გაუგებარი. ეს შთაბეჭდილება რადიკალურად იცვლება, როდესაც აქ აღმოჩნდებიან. მათთვის საკმარისია ერთი დღე, რომ მიხვდნენ, თუ რა კოლოსალური გზა გაიარა ქვეყანამ და რას წარმოადგენს იგი ამ მომენტისათვის. მეც ერთი დღე მეყო საქართველოს შესაყვარებლად“.
ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს რამდენიმე საკურორტო ქალაქი შესთავაზა ღონისძიების გასამართად, თუმცა მისი არჩევანი ანაკლიაზე შეჩერდა. ნიკიტას თქმით, ბათუმი ზედმეტად ბანალური გადაწყვეტილება იქნებოდა – მას ახალი კურორტების აღმოჩენა და განვითარება უფრო იზიდავს: „ანაკლიაში ინფრასტრუქტურის აუცილებელი ჩანასახები უკვე არის და ხალხიც ახალი, მოდური კურორტის მოლოდინშია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ამ ადგილის ეკონომიკური ზრდის კატალიზატორები. ეს ადგილი უბრალოდ მოითხოვს სულის შთაბერვას და გარკვეული ფორმატის დადგენას. ფორმატი მხოლოდ მუსიკით არ შემოიფარგლება. ჩვენ ანაკლიისგან გვინდა შევქმნათ მულტიკულტურული მექა ადამიანებისთვის, რომლებიც თვალს ადევნებენ უკანასკნელ ტრენდებს. გვინდა იქ დომინირებდეს ხელოვნება, კინო, სპორტი და ყველაფერი ის, რაც აინტერესებს ახალგაზრდა, განვითარებად ადამიანს“.
თავად ვიყავი მოწმე, თუ როგორ დასტრიალებს თავს ნიკიტა პირველ სამშენებლო პროცესს. რომ არ მცოდნოდა, ვინ იყო, მშენებელისგან ვერც გავარჩევდი. გარდა რამდენიმე სცენისა, რომელიც ქართველი და უცხოელი დი-ჯეების ვრცელი ლაინაპისთვის ეწყობა, შენდება კარვების ქალაქიც. ადგილის შეცვლასთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხები კაზანტიპის რესპუბლიკის ჩვეულ დემოგრაფიას (100 ათასი სტუმარი ბოლო ღონისძიებაზე) ვერ უზრუნველყოფს, თუმცა წელს ღონისძიების ორგანიზატორები მინიმუმ 30 ათას „მოქალაქეს“ ელიან, რომელთა 30% ადგილობრივი იქნება. ქართველი და უკრაინელი გოგონებისთვის ვიზა უფასოა. დღეისათვის საიტზე ჯამში 18 ათასზე მეტმა ქართველმა და უკრაინელმა გოგონამ ჩააბარა უფასო ვიზის აპლიკაცია კაზანტიპის რესპუბლიკაში მოსახვედრად. ნიკიტამ ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ კაზანტიპის რესპუბლიკა ანაკლიაში მზად ყოფილიყო ათიათასობით ადამიანის განსათავსებლად: „ჩვენ დიდი ტურისტული სააგენტო გვაქვს, რომელმაც საცხოვრებელი სექტორის უზარმაზარი ბაზა შეადგინა, ჩავატარეთ ტრენინგები, ვესაუბრეთ გამქირავებლებს და მოვამზადეთ ისინი სტუმრების მიღებისთვის. იქნება კარვების ქალაქი, შევუთანხმდით რამდენიმე კომპანიას, რომელთა საზღვაო კრუიზის ლაინერებიც ამ ტერიტორიულ წყლებში შემოვლენ. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ“.
გარდა ამისა, იყო მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთანაც, რომლებიც დამატებით რეისებს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისში 20-30 აგვისტოს – კაზანტიპის რესპუბლიკის ანაკლიაში აღმოცენების პერიოდში. ნიკიტა პირველი თავისი რესპუბლიკის ორგანიზების უწვრილეს დეტალებზეც ფიქრობს – როგორ აიცილოს თავიდან საგზაო საცობები რესპუბლიკის მისადგომებთან, როგორ დატოვოს ადგილი იმაზე სუფთად, ვიდრე ჩამოსვლისას დახვდა, როგორ გაუმკლავდეს კონფლიქტის კერების გაჩენას… მას საქართველოში დიდი ხნით დარჩენა და ანაკლიის საინვესტიციო მაგნიტად ქცევა სურს, რაც კაზანტიპის რესპუბლიკის ბიუჯეტის გარდა, საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტსაც ახეირებდა. როგორ ჩაივლის აგვისტო ანაკლიაში არა მხოლოდ კაზანტიპის, არამედ საქართველოს მინიმუმ ერთი რეგიონის განვითარებაზეც იმოქმედებს. ეს კარგად მოეხსენებათ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოშიც, რაც სტუმრების მიმართ განსაკუთრებულ მხარდაჭერას განაპირობებს.
„ჩვენ გვესმის, რომ სტუმრები ვართ, – ამბობს ნიკიტა, – მაგრამ გვინდა თქვენიანებად მიგვიჩნევდეთ, გვინდა საქართველოს ნაწილად ვიქცეთ. ეს დროს მოითხოვს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მზად არის თუ არა საქართველო – ვნახოთ“.
ანაკლიაში უძრავი ქონების ოცჯერ გაძვირებაზე, 220 სასტუმროს გაჩენაზე და იქ დახარჯულ ასეულობით მილიონზე მსჯელობა ჯერ ადრეა, ისევე როგორც ანაკლიის „მონტეკარლოობაზე“, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას: 2014 წლის აგვისტოში ევრაზიის კონტინენტის რეივერების ადმინისტრაციული ცენტრი ზღვისპირა სოფელი ანაკლია იქნება. და თუ რამდენად აქვს ქალაქის სტატუსისთვის მებრძოლ სოფელ ანაკლიას შანსი, იქცეს არათუ ქალაქად, არამედ რეგიონის მუსიკალურ მეგაპოლისად, წელიწადში ასი ათასზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტის მიზიდულობის ცენტრად და გართობის ინდუსტრიის ახალგაზრდულ დედაქალაქად, სხვა არაფერზეა დამოკიდებული, თუ არა ნაქებ ქართულ სტუმართმოყვარეობაზე.
საქართველოში კაზანტიპის რესპუბლიკისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია – რელიგიური ლიდერები შიშობენ, რომ სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარების შემთხვევაში სამეგრელოს ღვთის რისხვა დაატყდება თავს. Forbes-ი არ სპეციალიზდება თეოლოგიურ ესქატოლოგიაზე და ვინაიდან ანაკლიის მეტაფიზიკურ პერსპექტივაზე ვერაფერს ვიტყვით, იძულებულნი ვართ ვარსკვლავების კეთილგანწყობა მონეტარული მადლით გავზომოთ. ბიზნესპერსპექტივის თვალსაზრისით კი კაზანტიპის რესპუბლიკის ანაკლიისკენ მიგრაცია წყალობა უფროა, ვიდრე რისხვა.
დატოვე კომენტარი