ექვსი მაისური, რომლებიც ფეხბურთის არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის გასულ წელს, კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატისას ეცვა, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებული, საფრანგეთთან პენალტების სერიით, სწორედ არგენტინის ეროვნული ნაკრები გახდა.
ლურჯ- და თეთრზოლიანი მაისურები – მათ შორის ერთი – ფინალური თამაშის, შესაძლოა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული სამახსოვრო ნივთების კოლექცია გახდეს, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. კოლექციის ღირებულება წინასწარი შეფასებით $10 მილიონს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ სამახსოვრო ნივთებს შორის რეკორდი მაიკლ ჯორდანის მაისურს ეკუთვნის, რომელიც კალათბურთელს NBA-ის 1998 წლის ე.წ. „The Last Dance” ფინალზე ეცვა ნიუ-იორკში. ის Sotheby’s-ზე 2022 წელს $10.1 მილიონად გაიყიდა.
ფეხბურთის ისტორიაში კი ყველაზე ძვირად გაყიდული სამახსოვრო ნივთების რეკორდი მესის თანამემამულე დიეგო მარადონას ნივთს ეკუთვნის. მარადონას მაისური, რომელიც მას 1986 წელს, ინგლისის წინააღმდეგ გამართულ ე.წ. „ღმერთის ხელის“ სახელით ცნობილ თამაშში ეცვა, Sotheby’s-ზე 2022 წლის მაისში $9.3 მილიონად გაიყიდა.
აუქციონი ნიუ-იორკში, 30 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. აუქციონზე ლიონელ მესის მაისურებს ამერიკული ტექნოლოგიური სტარტაპი Momento გამოიტანს. შემოსული თანხის ნაწილი UNICAS-ს პროექტში გადაირიცხება, რომელიც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარება.