კიევის დამოუკიდებლობის მოედნიდან, “მაედანიდან”, რომელიც ცოტა ხნის წინ იქ მიმდინარე არეულობების შედეგად დანახშირებულ ნანგრევებად ქცეულა, მილიარდერ ვიქტორ პინჩუკის სახლამდე 40 წუთის სავალია. ძველი ქალაქის მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები, საბჭოთა დროის მაღალსართულიანი სახლებით გაწყობილი მტვრიანი გამზირები, ამაღლებული ჩქაროსნული მაგისტრალები და ტყეები უნდა გაიაროთ, სანამ ქალაქგარეთ მდებარე პინჩუკის მამულს მიაღწევთ. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული და რაციებით აღჭურვილი ორი უსაფრთხოების აგენტი ამოწმებს, გაქვთ თუ არა დანიშნული შეხვედრა და ბოლოს უფლებას გაძლევს შეაბიჯოთ 280 აკრ ფართობზე გადაჭიმულ მამულში.
ეს მამული 6 აკრი ფართობის იაპონურ ბაღს მოიცავს და ჯეფ კუნსისა და დემიან ჰირსტის მიერ შესრულებული სკულპტურებითაა დამშვენებული. აქვეა შუშის პავილიონი, რომელიც იმ არქიტექტორების ჯგუფის დიზაინითაა აშენებული, რომელმაც პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე ცნობილი “ჩიტის ბუდე” ააგო. სწორედ ამ ოქროს გალიიდან აკვირდებოდა პინჩუკი მის სამშობლოში მიმდინარე რევოლუციას, რომელიც პირდაპირ ეთერში ტელევიზიით გადაიცემოდა.
სიმდიდრის მიხედვით რიგით მეორე უკრაინელი, რომლის ქონება $3,2 მილიარდად არის შეფასებული, ხედავდა, როგორ გადადიოდა მშვიდობიანი დემონსტრაცია არეულობაში, ხალხმა როგორ დაიწყო კანონდამცველთა მიმართულებით ქვების სროლა; როგორ უმიზნებდნენ სნაიპერები უიარაღო დემონსტრანტებს; როგორ დაეცა ვიქტორ იანუკოვიჩის დიქტატორული რეჟიმი და როგორ შეიქმნა ახალი მთავრობა. დღეს ის ხედავს, როგორ შედის რუსული ჯარი ყირიმში და მისი ქვეყანა ეროვნული განხეთქილების ქაოსისკენ მიექანება. “შოკში ვიყავით, – ამბობს 53 წლის პინჩუკი. – სიკვდილის დანახვა პირდაპირ ეთერში საშინელებაა”. ის არ ყოფილა მხოლოდ პასიური მაყურებელი. “გამუდმებული სატელეფონო კავშირი გვქონდა – ვუკავშირდებოდით ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ და აღმოსავლელ მეგობრებს. გამუდმებით ვფიქრობდით და განვიხილავდით, რისი გაკეთება შეგვეძლო ამ კრიზისულ სიტუაციაში”. პინჩუკის ხალხი მაედანზე დაჭრილებსა და დაშავებულებს მედიკამენტებით ამარაგებდა. “ჩემი ფიქრები მათთან იყო მთელი ამ დროის განმავლობაში”, – ამბობს ის.
მართალია, ის თავისი თანამემამულეების გვერდით ფიზიკურად არ იმყოფებოდა, მაგრამ არც არსად გაქცეულა. სამართლიანი იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ ბევრი მისი კოლეგა უკრაინელი მილიარდერი, კონფლიქტის დასაწყისშივე, უბრალოდ ქვეყნიდან გაიქცა იმისათვის, რომ რევოლუციის პერიოდი მშვიდად გაეტარებინა ისეთ ადგილას, როგორიცაა ლონდონი. იმავდროულად, იყვნენ ისეთებიც, როგორიცაა პოლიტიკოსად ქცეული შოკოლადების მაგნატი პეტრო პოროშენკო, რომელმაც დემონსტრანტების მხარდასაჭერად მთელი თავისი შესაძლებლობები გამოიყენა მაშინ, როდესაც ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. მილიარდერი თავს გარკვეული რისკის წინაშე აყენებდა. პინჩუკის პოზიცია ამ ორი კატეგორიის შუაში მოიაზრება. “ბიზნესმენის მიზანია, ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სისხლისღვრა და მიაღწიოს მშვიდობიან დასასრულსა და კომპრომისს”, – მან თავისი აზრი გამიზიარა ერთ-ერთი საუბრისას, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაიდანზე გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა.
ეს ფრაზა იმ თვალსაზრისს გამოხატავს, რომელსაც ის ემხრობა და რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგვანდო: “აუცილებელი არ არის ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ევროპული ღირებულებები – რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სიტყვის თავისუფლებას – გადაწყვეტენ უკრაინის პრობლემებს, რომლებიც ქვეყანას დიდი რაოდენობით დაუგროვდა, – შემდეგ კი მაინც დასძენს, – უკრაინა ვერ მოიპოვებს წარმატებას რუსეთის გარეშე”.
ასეთი ორაზროვნება მკაცრი რეალობის შედეგია: პინჩუკის ბიზნესის წარმატება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთანაა გადაჯაჭვული. იმისათვის, რომ ამის შესახებ არ დავიწყებოდა, ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა მას, ცოტა ხნის წინ, მისი ფოლადის მილების მწარმოებელი კომპანიის მთავარ აქტივზე ძალიან მაღალი ტარიფების დაწესებით შეახსენა. პინჩუკს ცოლად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას ქალიშვილი ჰყავს. ლეონიდ კუჩმა ვიქტორ იანუკოვიჩის მფარველი და მოსკოვის მიერ სუბსიდირებული პრეზიდენტი იყო. როდესაც მისი რეჟიმი დაინგრა, ის საკუთარი ქვეყნიდან გაიქცა და თან უკანონო გზით მოხვეჭილი მილიარდობით დოლარი წაიღო. ამდენად, თითოეული უჯრედი, პინჩუკის საოცრად ლოგიკურად მოწყობილ თავში, ბიზნესმენს კარნახობდა, რომ მას სტატუს-კვო უნდა შეენარჩუნებინა.
მაგრამ ოლიგარქებს შორის პინჩუკი განსაკუთრებული ფიგურაა. მისი ერთ-ერთი საქმიანი ვიზიტი საზღვარგარეთ, უკრაინაში მიმდინარე იანვრის მშფოთვარე მოვლენების დროს შედგა. მაშინ, იანვარში, პინჩუკი ოფიციალური ვიზიტით ეწვია “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს” დავოსში, სადაც ის ყოველწლიურ ფილანთროპიულ შეკრებას მასპინძლობს, რომელსაც ისეთი მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან, როგორებიც არიან ბილ გეიტსი და რიჩარდ ბრენსონი. “მან შექმნა საოცარი ქსელი მოხალისე ადამიანებისა მთელ მსოფლიოში”, – ამბობს ტონი ბლერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომლის საგანმანათლებლო ფონდმა უკრაინაში 2012 წელს პინჩუკისგან ნახევარი მილიარდი დოლარი მიიღო. სწორედ პინჩუკი გახლდათ ის პირველი აღმოსავლეთევროპელი ოლიგარქი, რომელმაც ხელი მოაწერა გეიტსისა და ბაფეტის ცნობილ “პირობის მიცემის ფიცს”, რომლის თანახმად, ყოველმა ხელმომწერმა, სულ ცოტა, თავისი ქონების ნახევარი მაინც საქველმოქმედო მიზნებისთვის უნდა გაიღოს.
გარდა ამისა, მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც დიდი ხანია, ძალა ბატონობს და არა კანონი, პინჩუკმა სახელი გაითქვა, როგორც ხელოვნების მეცენატმა. ყოველწლიურად ის სასწავლო პროგრამებში, გრანტებსა და შოუებში მილიონობით დოლარს აბანდებს. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირის განმავლობაში, როდესაც კიევში მიმდინარე ქაოსურმა ძალმომრეობამ აპოგეას მიაღწია, პინჩუკმა, თითქოს აქ არაფერიაო, ბარიკადებიდან სულ რაღაც ასეულობით მეტრში, ბელგიელი მხატვრის, იან ფაბრეს გამოფენა გახსნა. რატომ? რას მოუტანს ეს კარგს ქვეყანას, რომელიც უფსკრულისკენ სწრაფად მიექანება? “სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს”, – წარმოთქვამს პინჩუკი დიდი რუსი მწერლის, დოსტოევსკის სიტყვებს, ან უფრო ზუსტად, “იდიოტის” მთავარი გმირის სიტყვებს.
ეს ციტატა სწორედ რომ სიტუაციის შესაფერისია. პინჩუკი “იდიოტის” მთავარი გმირის ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თავის ნაწარმოებში დოსტოევსკი ხაზს უსვამს ევროპასთან დაკავშირებული რუსი თავადის ტანჯვას იმის გამო, რომ ორ ქალს შორის არჩევანის გაკეთება არ ძალუძს: ერთ მხარესაა ქალი, რომელზეც სიბრალულის გამო სურს დაქორწინება, მეორეზე კი ქალი, რომელიც მისი გულთამპყრობელია. პინჩუკიც მსგავს შინაგან ბრძოლას განიცდის გულსა და გონებას შორის: სასწორის ერთ მხარეს მისი სამშობლოა, მეორეზე კი საღი აზრი.
განსაზღვრულ ასაკს გადაბიჯებული აღმოსავლეთევროპელისთვის – დავუშვათ 40 წელზე მეტი ასაკის – რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების მოტივი ძალზე ბანალურია: ცოცხლად გადარჩენა. ეს განსაკუთრებით სწორია პინჩუკის შემთხვევაში, რომლის მშობლების ებრაულმა წარმომავლობამ ისინი საბჭოთა ხელისუფლების სამიზნედ აქცია. საბჭოთა ხელისუფლებამ ებრაელებს სინაგოგები დაუხურა და უმაღლესი განათლებისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა. მისი მშობლები, რომლებიც განათლებით ინჟინრები იყვნენ, საკუთარ წარმომავლობას მალავდნენ. პინჩუკის დაბადებიდან მალევე, 1960 წელს, ოჯახი კიევიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გადასახლდა, სადაც პინჩუკი ინდუსტრიულ, რუსულად მოლაპარაკე დნეპროპეტროვსკში გაიზარდა, როგორც უკრაინელი. დნეპროპეტროვსკი ამერიკელებისთვის ცნობილი იყო, როგორც ორი მოზარდი სერიული მკვლელის ქალაქი.
მასწავლებლები ამჩნევდნენ, რომ ჯერ კიდევ სკოლის წლებში პინჩუკი შესანიშნავად ეწყობოდა საბჭოთა სისტემას. წარჩინებული მოსწავლე და ძალზე კომუნიკაბელური ახალგაზრდა აქტიურ მონაწილეობას იღებდა პიონერული ორგანიზაციის საქმეებში, რომელიც ბოისკაუტების ანალოგიური ორგანიზაცია იყო საბჭოთა კავშირში. მან წარჩინებით დაამთავრა უკრაინის მეტალურგიული ინსტიტუტი, ხოლო შემდეგ მეტალურგიის დარგში დისერტაციაც დაიცვა.
ის საოცრად იღბლიანი აღმოჩნდა. პინჩუკმა, ზუსტად ბერლინის კედლის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე, უნაკერო მილების წარმოების პატენტი აიღო. მილების სხვადასხვა ნაწილის საწარმოებლად, მან კომპანია Interpipe Corp.-ი დააარსა, ხოლო უნივერსიტეტისა და კომკავშირის დროინდელი კონტაქტები იმაში დაეხმარა, რომ მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია რუსული გიგანტების Gazprom-ისა და Rosneft-ის წინამორბედი კომპანიებისთვის მიეყიდა. მას შემდეგ, რაც 1992 წელს პინჩუკმა თავისი პირველი მილიონი დააგროვა, ის ბევრი ფულისა და ბევრი მტრის შეძენის გზას დაადგა.
როდესაც უკრაინა და რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ, ისეთი მიზანსწრაფული და დიდი კონტაქტების მქონე ახალგაზრდები, როგორიც პინჩუკი იყო, შესანიშნავ პირობებში აღმოჩნდნენ იმისათვის, რომ ახლად დაწყებული პრივატიზაციის ქაოსში გზა გაეკვლიათ და დიდი სახელმწიფო საწარმოები ხელში ჩაეგდოთ. მან კარგად შეასრულა კლასიკური ოლიგარქის სახელმძღვანელო მითითებები: პირველ რიგში, ბანკი გახსნა და დნეპროპეტროვსკის ორ ინდუსტრიულ კომპანიაზე კონტროლი დაამყარა. მან საწარმოების თანამშრომლებისგან, რომლებიც იმ მომენტისთვის პურის ფულის შოვნით უფრო იყვნენ დაინტერესებულები, ვიდრე შორს მიმავალი პერსპექტივებით, აქციები შეისყიდა. “ის დიდი ნოვატორი იყო და კარგად იცნობდა მილების წარმოების ბიზნესს”, – იხსენებს ალფრედ კოზლოვსკი, რომელიც პინჩუკს ინსტიტუტიდან იცნობდა და მისი პირველი პრივატიზებული ქარხნის მმართველიც კი იყო.
მალე კონკურენტებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, იულია ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (და ალბათ მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი), რომელიც ახლახან ციხიდან დიდი ბუკითა და ნაღარით გაათავისუფლეს. მაშინ ტიმოშენკო უკრაინის უმსხვილესი გაზის კომპანიის საკონტროლო აქციების პაკეტს ფლობდა.
პინჩუკს დიდი საფრთხე ემუქრებოდა. მათთვის, ვინც წარმატება მოიპოვა, მხოლოდ ძლიერი მეგობრებისა და ბრწყინვალე გონების ქონა საკმარისი არ იყო. მათ ასევე აუცილებლად სჭირდებოდათ გადარჩენის უნარი. 1996 წლის თოვლიანი ზამთრის ერთ დღეს პინჩუკს მოულოდნელად უცნობები თავს დაესხნენ, ხელბორკილები დაადეს, სახეზე ქუდი ჩამოაცვეს და თავთან იარაღი მიუტანეს. ეს მძიმე განსაცდელი დედამისის მე-60 დაბადების დღეს დაემთხვა; ტყვეობაში მყოფ ბიზნესმენს გამტაცებლებმა საჭმელი და არაყიც კი მოუტანეს და დედამისის სადღეგრძელოს დალევა უბრძანეს.
იმ ავად სახსენებელი ეპიზოდის დეტალებზე საუბარი პინჩუკისთვის დღესაც კი რთულია. გამტაცებლებმა, თავისუფლების სანაცვლოდ, 2 მილიონი დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს. მოლაპარაკებები ორი დღე და ღამე გრძელდებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს პინჩუკი გაათავისუფლეს. “დღესაც მიჭირს ამაზე საუბარი, – ამბობს ის, – მთავარია, რომ ცოცხალი გადავრჩი”.
პინჩუკთან, მის მამულში საუზმობის დროს, მაგიდაზე გემრიელი “სირნიკები” იდო, ასევე ბლინები არაჟნითა და ახლადმოკრეფილი კენკრით. ამ სერიოზული კავშირების მქონე კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მისი მეუღლე ელენაა, რომელიც სასადილო ოთახში შემოდის. ის შავ-თეთრ მაისურსა და ჯინსში გამოწყობილი 43 წლის ქერა მომხიბვლელი ქალბატონია. “ბევრი რამის შესახებ ერთნაირი შეხედულება გვაქვს, – ამბობს ელენა, – მაგალითად, ხელოვნების, წიგნებისა და მუსიკის შესახებ”. თუმცა ეს ქორწინება პინჩუკისთვის დიდი პოლიტიკური განზომილების მატარებელიც აღმოჩნდა.
მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ბევრი სხვა ოლიგარქის მსგავსად, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობებზე სამსახურით ცდილობდნენ დაეცვათ საკუთარი ბიზნესი, ან კიდევ უფრო გაეფართოებინათ ის, პინჩუკიც 1998 წლიდან 2006 წლამდე პარლამენტის წევრი იყო. იმის გამო, რომ მისი ბიზნესინტერესები ამ პერიოდში ბუნებრივი გაზისა და ფოლადის წარმოების სფეროებს გასცდა, ინტერესების კონფლიქტის, ან მისი წარმოქმნის საშიშროება გაჩნდა.
“ძალიან რთულია პოლიტიკისა და ბიზნესის ერთმანეთთან შეთავსება”, – ამბობს ყოფილი მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ვიტალი კლიჩკო, დამოუკიდებლობის მოედნის ერთ-ერთი გმირი, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ელენასთან ქორწინებამ პინჩუკის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ის 1994 წლიდან 2005 წლამდე არჩეული უკრაინის პრეზიდენტის ქალიშვილი იყო. კუჩმას მმართველობა მთელი რიგი სკანდალითა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვით აღინიშნა. (ამ გარემოებებმა და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოაშკარავებულმა ფალსიფიკაციებმა, უკრაინის ნარინჯისფერ რევოლუციას მისცეს დასაბამი.) პინჩუკი და მისი მეუღლე პირველად ერთმანეთს 1996 წელს შეხვდნენ საბავშვო წარმოდგენაზე, რომელიც ბიზნესმენმა დააფინანსა. ამ დროს თითოეული მათგანი დაქორწინებული იყო. “არ ვიცოდი მისი ვინაობა, – იხსენებს ელენა, – მაგრამ ჩვენ მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი რამ გვაკავშირებდა”. ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ. ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი ახლა ქვეყნის პრეზიდენტს “მამას” ეძახდა.
როგორც კი პინჩუკი ელენაზე დაქორწინდა, თითქმის მაშინვე გაისმა ბრალდებები მისი მისამართით, რომ მას განსაკუთრებული გარიგებების დასადებად გზა გაეხსნა. “ეს აბსოლუტური სიცრუეა, – ამბობს კუჩმა, – იმ მომენტისთვის ის უკვე ფლობდა ორ უმნიშვნელოვანეს საწარმოს დნეპროპეტროვსკში”.
თვალსაჩინო იყო, რომ პინჩუკმა ძალიან სწრაფად გაუკეთა პრივატიზაცია რამდენიმე სხვა სამრეწველო კომპანიას, მათ შორის, ფოლადის მწარმოებელ “კრივოროჟსტალს”, რომელიც მან $800 მილიონად შეიძინა უკრაინის უმდიდრესი ოლიგარქისგან, რინატ ახმეტოვისგან (მისი ქონება $12,5 მილიარდია).
კუჩმას შემდეგ მოსულმა ახალმა მთავრობამ მაშინვე მიზანში ამოიღო “კრივოროჟსტალთან” დაკავშირებული გარიგება. მის ძველ მეტოქეს, გაზის ტიტანს – ტიმოშენკოს, იმ დროისთვის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. მან “კრივოროჟსტალის” ყიდვის გარიგებას საჯაროდ “ქურდობა” უწოდა იმიტომ, რომ აუქციონზე, რომელზეც ეს საწარმო გაიყიდა, უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობის უფლება არ მისცეს. საბოლოოდ, ეროვნული ინტერესების შელახვის საბაბით, ტიმოშენკომ გარიგება გაუქმებულად ცნო. მისივე ინიციატივით მალევე დამტკიცდა, რომ პინჩუკმა და მისმა პარტნიორმა საწარმოში, ამ საწარმოს საბაზრო საფასურზე გაცილებით ცოტა გადაიხადეს, რის შემდეგ ტიმოშენკომ “კრივოროჟსტალი” ინდოელ მაგნატს, ლაკშმი მიტალს, $4,8 მილიარდად მიჰყიდა.
“მე ყველაფერი კანონიერად გავაკეთე, ყველაფერი ბიზნესის ჩარჩოებში განხორციელდა; არანაირ უპატიოსნო გარიგებას ადგილი არ ჰქონია, – დაჟინებით იმეორებს პინჩუკი. – ჩემ მიერ დაშვებული შეცდომა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური გარემოებები არაფრად ჩავაგდე. პრეზიდენტის სიძე რადგან ვიყავი, ეს არ უნდა გამეკეთებინა”.
მაგრამ მისი პოლიტიკური ფათერაკები ამით არ დასრულებულა. მეორე კომპანია, რომელსაც პინჩუკმა მაშინ პრივატიზება გაუკეთა და რომელიც შენადნობების მწარმოებელი საწარმო იყო, კინაღამ ხელიდან გამოგლიჯა ერთ-ერთმა მისმა კონკურენტმა ბიზნესჯგუფმა, ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერების უსიტყვო თანხმობით. ამჯერად პინჩუკმა დაპირისპირებას ბრძოლით უპასუხა. ამ ბრძოლაში მან თავისი კუთვნილი სატელევიზიო არხები გამოიყენა, რომლებმაც აქტიური კამპანია გამართეს და მოწინააღმდეგეები მისი კანონიერი უფლებების შელახვაში დაადანაშაულეს. საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიაში ბიზნესმენმა სამართლიანი საბაზრო ღირებულება გადაიხადა და გარიგება უკრაინის კანონების სრული დაცვით განახორციელა. ამჯერად მთავრობამ უკან დახევა ამჯობინა. პინჩუკმა აქციების 25% დაიტოვა და 2007 წელს EastOne Group-ი ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სათავო ოფისი კიევში მდებარეობს, კომპანიის იურიდიული მართვა და ინვესტირება უსაფრთხო დისტანციიდან, ლონდონიდან ხორციელდება. ახლა, როდესაც მისი კაპიტალი უსაფრთხო ადგილას არის, პინჩუკი საკუთარი იმიჯის ხელახლა შექმნას შეუდგა. ამჯერად უკვე დასავლურ ყაიდაზე.
ის ფაქტი, რომ პინჩუკის 200 მეგობარი, დაწყებული ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესით, დამთავრებული იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრ მარიო მონტით, სექტემბერში უკრაინას ეწვია, ცხადყოფს, რომ სხვა დრო მოვიდა. ათი წლის მანძილზე იალტის კონფერენციაზე ჩამოსულ სტუმრებს პინჩუკი მასპინძლის როლში ევლინება. ლივადიის სასახლეში – რენესანსის სტილში გადაწყვეტილ უზარმაზარ თეთრ შენობაში, რომელიც ყირიმს გადაჰყურებს, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან დაკავშირებით, რუზველტი, ჩერჩილი და სტალინი სათათბიროდ შეიკრიბნენ. ბედის ირონიაა, რომ ეს შენობა იმ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რომლის გაკონტროლებაზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს, მაგრამ პინჩუკის სამიტი მძლავრი იარაღია დასავლეთის სამყაროსა და უკრაინას შორის კავშირის დასამყარებლად.
დაწყვილებები ახლა სიურრეალიზმის სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ. The World of Tomorrow-ის სესიის სხდომაზე პინჩუკი მეგობრულად საუბრობს დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონთან. (რა თქმა უნდა, პინჩუკის ხელგაშლილობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ მას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან წრეებში იღებენ – მან $1 მილიონი გადაურიცხა 2012 წელსაც და 2013 წელსაც კლინტონის ფონდს. ამ სხდომაზე ეკონომისტ ლერი სამერსის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, დევიდ პეტრეუსისა და ინტერპოლის ხელმძღვანელის განხილვის საგანია “მომავალი შოკები”. ჰილარი კლინტონი კი სასახლის გვერდით, უზარმაზარი ტენტის ქვეშ გამართულ სადილზე, შოუს ვარსკვლავი გახდა, როდესაც მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა უკრაინის ისეთი უპირატესობების შესახებ, როგორიცაა მისი რესურსები, განათლებული მოსახლეობა და, განსაკუთრებით, შოკოლადი. მაშინ არავინ იცოდა, რომ სულ რამდენიმე თვეში ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა, ამიტომ ეგონათ, რომ დასავლეთზე ორიენტირებულმა კეთილმა ნებამ უკრაინაში მართლა გაიმარჯვა. აკი პრეზიდენტ იანუკოვიჩის განცხადებამ: “ჩვენ ევროპული ინტეგრაციისკენ უნდა ავიღოთ გეზი”, რეფორმატორად ქცეული მოკრივე კლიჩკოც კი დაარწმუნა. სესიის ბოლოს მონაწილენი სიხარულით ცეკვავდნენ პლაჟზე პინჩუკთან ერთად, რომელსაც, როგორც მასპინძელს, ლავირება და შუამდგომლობა უწევდა ამდენ სხვადასხვა სტუმარს შორის.
“საჭირო რესურსებს რომ ვფლობდე, ვეცდებოდი მეტი სარგებლობა მომეტანა ჩემი ქვეყნისთვის”, – ამბობს პინჩუკი. მართლაც, მისი გულუხვობის ბენეფიციარები არა მარტო გავლენიანი ელიტის წარმომადგენლები გამხდარან. ბოლო წლებში პინჩუკი საქველმოქმედო საქმეებში სულ უფრო მეტად მონაწილეობს. ის ცდილობს უკრაინელი ახალგაზრდობა დასავლურ იდეებს აზიაროს და გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი შეუწყოს. მან კიევში სტუდენტებთან შესახვედრად ჩამოიყვანა Wikipedia-ს შემქმნელი ჯიმი ვეილსი და ფიზიკოსი მიშიო კაკუ. მისმა კომპანიამ PinchukArtCentre-მა კიევში ისეთი ავანგარდისტი მხატვრების გამოფენა მოაწყო, როგორებიც არიან ანიშ კაპური და ტაკაში მურაკამი. პინჩუკის სიტყვებით, ამ ნამუშევრების ჩვენი საზოგადოებისთვის გაზიარება “ძალიან მნიშვნელოვანი იარაღია ჩვენი ქვეყნის მოდერნიზებისთვის”.
“ის მგზნებარე ადამიანია”, – მითხრა ელტონ ჯონმა შარშან ზაფხულში Venice Biennale-ზე, სადაც პინჩუკმა მდიდრული წვეულება გამართა XV საუკუნის სასახლეში, რომელიც გრანდ-კანალს გადაჰყურებდა. მომღერალი, რომელიც პინჩუკთან ერთად შიდსთან ბრძოლის ინიციატივებთან დაკავშირებით მუშაობდა, მისი ერთ-ერთი ფონდის მიერ დაფინანსებულ გამოფენას ეწვია. გამოფენა ითვალისწინებდა 100 000-დოლარიან პრიზს 35 წლამდე ასაკის გამარჯვებული მხატვრისთვის. ის გულგრილი ვერ რჩება იმ საქმისადმი, რომელშიც მონაწილეობას იღებს. ის სულ უფრო მეტი მგზნებარებით ეკიდება განათლების საქმეს, უკრაინელი სტუდენტებისთვის გულუხვად აფინანსებს სასწავლო პროგრამებს, რაც მიზნად ისახავს ისეთი დემოკრატიული იდეალების შთაგონებას, როგორიც ასულდგმულებდა დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს. შვიდი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 810 000 დოლარს გამოყოფდა ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი 350 სკოლის მოსწავლისთვის ზაფხულის თვეებში კურსების ჩასატარებლად, რაც მიზნად ისახავდა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცვლილებების შეტანას საზოგადოებაში. ყოველწლიურად, სტიპენდიების სახით, 500 000 დოლარს იხდის იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც ჰარვარდისა და ოქსფორდის მსგავს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოეწყობიან.
სტუდენტებისადმი მიმართვაში ის ყოველთვის მოუწოდებდა მათ, რომ ხელიდან არ გაეშვათ შანსი, რომელსაც მათ ბედი შესთავაზებდა. მაგალითად მოჰყავდა საკუთარი წინსვლა თხილამურებით მთის მწვერვალიდან დაშვებაში, წყალქვეშა ყვინთვასა და ინგლისური ენის თავისუფლად ფლობაში. მაგრამ მაშინ, როდესაც ის ასე მიმართავდა სტუდენტებს: “ახალგაზრდებო, თქვენგან საუკეთესოები პოლიტიკაში უნდა წავიდნენ”, – მას ალბათ, აზრადაც არ ჰქონია ისეთი ცვლილებები, რომლებსაც ის მოგვიანებით ტელევიზიის საშუალებით შორიდან აკვირდებოდა.
პინჩუკმა გლობალური მეკავშირისა და დემოკრატიული ოლიგარქის როლის წყალობით, თავიდან აიცილა ძალადობრივი და, ზოგ შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორების მეთოდებით მოქმედი აღმოსავლეთევროპელი ბიზნესმენის იმიჯი. “მთელი უკრაინული ელიტა ნამდვილი ბანდიტების თავყრილობაა – ის მათ რიცხვში არ არის”, – ამბობს ანდერს ასლუნდი, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. “როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი? უფრო მეტი მნიშვნელობის შეძენით საერთაშორისო არენაზე, შენი სამშობლოსთვის სასარგებლო საქმეების კეთებით”.
მაგრამ რას ნიშნავს მთელი ეს თავშეკავებული დიპლომატია – კულტურა და სასწავლო პროგრამები – დღეს, როდესაც უკრაინა ასე ახლოა ყველა მიმართულებით ფრონტის გახსნასთან? ნუთუ ოლიგარქის კეთილი საქმეები ნიშნავს რამეს ქვეყნისთვის, რომელსაც ორად გახლეჩა ემუქრება? ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელიც დეფოლტის ზღვარზეა? ან იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ახლა რუსული ჯარების პირისპირ დგანან?
პინჩუკი ახლა, ცხადია, ხელის ცეცებით ცდილობს იმ როლის პოვნას, რომელსაც ახლადდამყარებულ უკრაინულ წესრიგში მოირგებდა. “ჩვენ ახალი ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა”, – გამომიტყდა პინჩუკი დაახლოებით ორი წლის წინ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან იხილა, როგორ უწევდნენ წინააღმდეგობას მომიტინგეები “დამოუკიდებლობის მოედანზე” გამოჩენილ სამართალდამცავ ორგანოებს, აღიარა: “როდესაც მათ ბრძოლას ვუყურებდი, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს გაცილებით პატარა ვიყავი მათთან შედარებით. ერთი მხრივ, უკრაინის წინსვლის საქმეში უდავოდ ვგრძნობ საკუთარ ლიდერობას, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში აშკარად დავინახე, რომ მეოცნებე ვყოფილვარ”. ახლა, მას შემდეგ, რაც ეს ამბები მოხდა, “ვხვდები, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დიდი ნახტომი გააკეთა წინ, მე კი უკან ჩამომიტოვა”.
პინჩუკი ამბობს, რომ ის გადატვირთვის ღილაკს თითს აჭერს მისი ფონდისა და “მთელი მისი საქმიანობის” თვალსაზრისით.
მან უარი განაცხადა უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციაში გუბერნატორის თანამდებობაზე, როცა თქვა: “არა მგონია ეს სასარგებლო იყოს”. მაგრამ ერთი რამ ცხადია, მისი გული “უკრაინას ეკუთვნის, უკრაინას მის ახლანდელ საზღვრებში – და ჩვენ არ უნდა დავთმოთ მისი არც ერთი სანტიმეტრი”. დოსტოევსკის “იდიოტის” გმირისგან განსხვავებით, პინჩუკმა ის ქალბატონი აირჩია, რომელიც უყვარს.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მაისის ნომერში)
დატოვე კომენტარი