მოცემული დროისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს, Binance-ის მომხმარებლები უჩივიან. სარჩელის თანახმად, მომჩივანი მხარე პორტუგალიელს კრიპტოვალუტის ბირჟის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის $1-მილიარდიან კომპენსაციას სთხოვს. შეგახსენებთ, Binance-ი ვალუტისა და უცხოური ტრანზაქციების ანგარიშგების აქტის (BSA) დარღვევისთვის $4 მილიარდის გადახდას უკვე დათანხმდა.
რონალდუმ Binance-თან პარტნიორობა 2022 წელს დაიწყო. თანამშრომლობა მოიცავდა NFT-კოლექციების გამოშვებასა და სოციალურ მედიაში პოსტების გავრცელებას ფეხბურთელის 849 მილიონ გამომწერში კრიპტობირჟის პოპულარიზაციის გასაზრდელად.
მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ფეხბურთის ვარსკვლავი „მონაწილეობდა და დაეხმარა“ Binance-ს არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში. როგორც სარჩელშია აღნიშნული, რონალდუს კრიპტობირჟის საქმიანობასა და განზრახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.
21 ნოემბერს, ფედერალურ მთავრობასთან შეთანხმების შემდეგ, Binance-ი, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა, იძულებული გახდა, ჯარიმებისა და კომპენსაციის სახით 4 მილიარდ დოლარზე მეტი გადაეხადა. შეთანხმებამ აიძულა Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჟაო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც CZ, დაეტოვებინა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და გადაეხადა 53 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა.
რონალდუს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ზემოხსენებული შეთანხმების გამოცხადებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში შევიდა. ამერიკული Forbes-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ Binance-ის პარტნიორობა ცნობილ ადამიანებთან, როგორიც რონალდუა, კრიპტობირჟის სანდოობის გაზრდას ემსახურებოდა. მათი მტკიცებით, ფეხბურთელის რეპუტაცია კომპანიამ გამოიყენა მომხმარებლების დასარწმუნებლად, რომ Binance-ი იყო უსაფრთხო ადგილი კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის.
რონალდუ ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, რომელსაც კრიპტოვალუტის პროექტების პოპულარიზაციისთვის იურიდიული პრობლემები შეექმნა. 2022 წლის ოქტომბერში, SEC-მა კიმ კარდაშიანი 1.26 მილიონი დოლარით დააჯარიმა ინსტაგრამზე დაფინანსებული პოსტის გამო, რომელიც EthereumMax-ს ეხებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტოკენი თაღლითობის სქემას წარმოადგენდა.
2023 წლის მარტში, FTX-ის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე ცნობილ ადამიანს, მათ შორის ტომ ბრედის, ლარი დევიდსა და სტეფ კარის უჩივლეს. შეგახსენებთ, აღნიშნული კრიპტობირჟის დამფუძნებელი, სემ ბენკმენ-ფრიდი თაღლითობის გამო დააპატიმრეს.