გაერომ 2023 წელი რეკორდულად ცხელ წლად დაასახელა

გაერომ 2023 წელი რეკორდულად ცხელ წლად დაასახელა

2023 წელი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა მიუხედავად ამისა, გაეროს „მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზიამ“ (WMO) უკვე შეაფასა, როგორც რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი. გლობალური კლიმატური მდგომარეობის შესახებ WMO-ს წლევანდელი ანგარიშით, მხოლოდ პირველ 10 თვეში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ მაჩვენებელს დაახლოებით 1.4 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.

დუბაიში, COP28-ის ყოველწლიური კლიმატური სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებს მოქმედებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ჩვენ ვცხოვრობთ კლიმატური კატასტროფის ეპოქაში, მისი გავლენა კი დამღუპველია“, – განუცხადა გუტერეშმა სამიტის მონაწილეებს. გაეროს სააგენტოს მოხსენება, რომელიც COP28-სთვის გამოქვეყნდა, წლის ყველაზე ექსტრემალურ მოვლენებზეც გვაწვდის ინფორმაციას.

მოხსენების თანახმად, სათბური აირების ემისიები, 2022 წელს ისტორიული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, კვლავ გაიზარდა, რამაც ხმელეთზე ივლისიდან სექტემბრამდე, ხოლო ოკეანეებში აპრილიდან სექტემბრამდე რეკორდულად მაღალი თვიური ტემპერატურა გამოიწვია. ტემპერატურის მატება სიკვდილიანობის ზრდის, სურსათის კრიზისისა და მიგრაციის გამწვავების მიზეზი ხდება.

მთლიანობაში ოკეანის სითბოს შემცველობამ 2023 წელს ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ოკეანეებმა, რომლებიც პლანეტის ზედაპირის 70%-ს ფარავს, 1971 წლის შემდეგ სათბური აირების ემისიებში დარჩენილი სითბოს დაახლოებით 90% შთანთქა, ანტარქტიდის ყინულით დაფარული ზღვის ფართობი კი რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა.