თითქმის 4-წლიანი ლოდინის შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla საკუთარი ელექტროპიკაპის მიწოდებას იწყებს. თუმცა ავტომობილის ღირებულება 2019 წელს ილონ მასკის მიერ გაცხადებულ ფასზე 50%-ით მაღალია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი Tesla Cybertruck-ის ღირებულება $60,990-დან დაიწყება და კომპლექტაციის შესაბამისად გაიზრდება. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ელექტრომობილის მაღალი ფასი შეძლებული მყიდველების სეგმენტსაც მოიზიდავს.
ელექტრომობილის ღირებულების ზრდა ისეთმა დეტალებმა განაპირობა, როგორიცაა ავტომობილის კორპუსის განსხვავებული მასალა და ფუტურისტული დიზაინი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის, განცხადებით Tesla-ს ახალი ელექტროპიკაპი სტანდარტულ პიკაპზე უფრო სარგებლიანი და სპორტული ავტომობილის მსგავსად სწრაფი იქნება. შესაბამისად, Tesla-ს მიზანი ტრადიციული პიკაპების მყიდველების გადმობირებაც გახლავთ.
ოსტინში, ტეხასში გამართულ ღონისძიებაზე ილონ მასკმა Cybertruck-ი თავად მართა და შემდეგ პირველი მოდელები მომავალ მფლობელებს თავად გადასცა. მართალია, ამერიკელ მილიარდერს ავტომობილის ღირებულების შესახებ ღონისძიებაზე თავად არ უსაუბრია, თუმცა Tesla Cybertruck-ის ფასები კომპანიის ვებგვერდზეა მითითებული.
Cybertruck-ის მაღალი გამავლობის ვერსია Cyberbeast-ი შესაძენად ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება. ოთხივე წამყვანი თვალის მქონე ვერსიის ღირებულება კი $80,000-დან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ელექტროპიკაპის სავარაუდო ღირებულება მასკმა 2019 წელს გააჟღერა და დასძინა, რომ ის დაახლოებით $40,000-ს შეადგენდა. აღნიშნულის შემდეგ Tesla Cybertruck-ის შეძენის სურვილი 1 მილიონამდე ადამიანმა გამოთქვა და $100 დოლარის სანაცვლოდ წინასწარი რეზერვაციები განათავსა. ამიერიდან წინასწარი რეზერვაციისათვის დეპოზიტის ღირებულება $250 იქნება.