არ იტირო არგენტინისთვის

არ იტირო არგენტინისთვის

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა 2023 წლის 3 ოქტომბერს.

ცოტაოდენი გამამხნევებელი სიახლე ეკონომიკური თავისუფლებისა და საღი აზრის შესახებ მოდის, არც მეტი არც ნაკლები, არგენტინიდან. ეს ქვეყანა დიდი ხანია ცნობილია ძირგამომპალი ეკონომიკური პოლიტიკით – ძირითადად მაღალი გადასახადებით, გამანადგურებელი რეგულაციებითა და ყველაზე სამარცხვინო ჰიპერინფლაციის ქრონიკული შეტევებით. ერთი საუკუნის წინ არგენტინა იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა მსოფლიოში; დღეს ის სიმდიდრით 70-ე ადგილზეა. რამდენადაც პესოს ფასი იკლებს დამანგრეველი ინფლაციის ბოლო რაუნდში, სიღარიბეს სულ უფრო მეტი არგენტინელი განიცდის.

მაგრამ შესაძლოა, დრამატული შემობრუნება მოხდეს. აგვისტოს ეროვნული საპრეზიდენტო პრაიმერისის დროს, კანდიდატმა ხავიერ მილეიმ გააოცა ყველა იმით, რომ მიიღო მეტი ხმა, ვიდრე ისტებლიშმენტის სხვა ორმა კანდიდატმა. ოქტომბერში მეორე ტური მოდის.

მილეის პლატფორმა საჩვენებელია. მას სურს, გააუქმოს არგენტინის ცენტრალური ბანკი და პესო დოლარით შეცვალოს. ის მხარს უჭერს მასიური გადასახადების შემცირებას ბეგარით ამ მძიმედ დატვირთულ ეკონომიკაში. ის გვთავაზობს ელექტროხერხის გადატარებას სამთავრობო ხარჯებზე, ასევე ქვეყნის გაფუჭებული ბიუროკრატიის შემცირებას.

ასეთი მკვეთრი ოპერაციაა საჭირო იმისთვის, რომ ეს შეღონებული ქვეყანა თავისუფალი ბაზრის კეთილდღეობის გზას დაადგეს. არგენტინა დაჯილდოებულია უხვი ბუნებრივი რესურსებით, მდიდარი სასოფლო-სამეურნეო მიწებითა და განათლებული მოსახლეობით. არ არსებობს მიზეზი, რომ ის სწრაფად არ იქცეს საჩვენებელ ეკონომიკურ წარმატებად. ასეთი მიღწევა იქნება უკიდურესად საჭირო მოდელი კონტინენტისთვის, რომელიც სულ უფრო ექცევა ულტრამემარცხენე და სულ უფრო მეტად დიქტატორული მთავრობების ქვეშ.

1920-იანი წლების შემდეგ არგენტინა დაწყევლილი იყო ფაშისტური ნაციონალიზმისა და სოციალიზმის სასიკვდილო მიქსით, რომელიც დღემდე გრძელდება. განადგურდა მისი ყველა წინა ლიბერალური ინსტიტუტი.

თავად მილეი იზიარებდა მსგავს შეხედულებებს ახალგაზრდობაში, მაგრამ საშინელი შედეგების გამო ალტერნატივების ძებნა დაიწყო. თავისუფალი ბაზრის შესახებ მან წაიკითხა ისეთი ცნობილი ეკონომისტების ნაშრომები, როგორიცაა, მაგალითად, ლუდვიგ ფონ მიზესი და გააცნობიერა, რომ კაპიტალიზმი იყო სიღარიბის საუკეთესო გამანადგურებელი კაცობრიობის ისტორიაში. მილეიმ თავის ძაღლებსაც კი დაარქვა თავისუფალი ბაზრის ეკონომისტების – მათ შორის, მილტონ ფრიდმანის – სახელები. შხაპის მიღების შემდეგ ის არ ივარცხნის თმას, და ამის ნაცვლად, როგორც თავად ამბობს, „უხილავ ხელს“ აძლევს ამის საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ ის იყო არგენტინის დეპუტატთა პალატის პირველი ვადით არჩეული წევრი და პოლიტიკური აუტსაიდერი, მილეიმ, ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატის სახით, გადაწყვიტა, შეექმნა რადიკალური თავისუფალი ბაზრის ანტიდოტი პრობლემური ქვეყნისთვის, რასაც ამომრჩევლები დადებითად პასუხობენ.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეძრწუნებულია. ისევე, როგორც საერთაშორისო მედიის დიდი ნაწილი, რომელიც მილეის ულტრამემარჯვენე დემაგოგად წარმოგვიდგენს. ნამდვილი დემაგოგი ყველა ის არგენტინელი ლიდერია, ვინც ეს ქვეყანა ამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა, პირველ რიგში – გენერალი ხუან პერონი, რომელმაც ძალაუფლება ხელში პირველად 1940-იან წლებში აიღო. პერონი იყო იტალიის ფაშისტური დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის ღია თაყვანისმცემელი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არგენტინა ნაცისტური ომის დამნაშავეების თავშესაფრად აქცია.

თუ მილეი გაიმარჯვებს, მას ექნება ისეთი უპირატესობა ძლიერ მტრებთან შეხვედრისას, როგორიცაა ქვეყნის ძლიერი პროფკავშირები, რომლებსაც წარსულის დამღუპველ გზაზე დარჩენა აქვთ გადაწყვეტილი. ის მიიღებს ძლევამოსილ მანდატს მკაფიო ეკონომიკური დღის წესრიგის დასახვით.

 

რედაქციის კომენტარი: არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერტარიანელმა ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *