სამოთხე 2.0

სამოთხე 2.0

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის მარტის ნომერში)

როდესაც Oracle-ის გენერალურმა დირექტორმა, ლარი ელისონმა, 2012 წელს (სავარაუდოდ, 300-დან 500 მილიონ დოლარად) ჰავაის კუნძულ ლანა’ის 98% შეიძინა, შოკის ტალღებმა გადაუარა მიძინებულ, თვალწარმტაც ყურეს. კუნძულის 3 100 მცხოვრები უკვე კარგა ხანია შეჩვეულია კუნძულის ნახევრად ფეოდალური საკუთრების სტრუქტურას – 1860-იანი წლებიდან მოყოლებული აქ ერთმანეთს მემამულეთა გრძელი რიგი ენაცვლებოდა. მათ შორის იყო ანანასის მეფე ჯეიმს დოული, რომელიც 1985 წელს, დოულის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი კომპანიის ქონების ხელში ჩაგდების შემდეგ, მილიარდერმა დევიდ მარდოკმა ჩაანაცვლა. ლარი ელისონი კიდევ უფრო ღრმა ჯიბეებითა და დიდი გეგმებით მოვიდა კუნძულზე და პირობა დადო, რომ შეცვლიდა კუნძულის სახეს, სრულიად გადაასხვაფერებდა ადგილს, სადაც გზებზე შუქნიშნებიც კი არ დგას, სადაც 141 კვადრატული მილის ფართობზე, მოკირწყლული ქუჩების რიცხვი ძალზე მცირეა და როგორც კუნძულის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს: “აქ ცხოვრების ნელი ტემპი კი არ არის, არამედ ტემპი საერთოდ არ არსებობს”.

ის, რისი ნახვაც ამჟამად ლანა’იზე ჩასულ სტუმარს შეუძლია მაუის სანაპიროდან 8 მილის მანძილზე, ეს არის ძველი ჰავაი, რომელიც მხოლოდ ადგილ-ადგილღა შემორჩენილა შედარებით დიდ კუნძულებზე. აქ ყველაფერი ძველებურადაა. აქაურები დილაობით ჯერ კიდევ იკრიბებიან საჭორაოდ ან “ამბების მოსაყოლად” ისეთ მომცრო, მოკრძალებულ კაფეებში, როგორიცაა Blue Ginger-ი. კაფეები დედაქალაქში – ლანა’ი-სიტიში – მდებარე Dole Park-ის გარშემო შემოჯარულან. თვალწინ გაშლილი ზღაპრული პეიზაჟი იმდენად იტაცებს თვალს, რომ გოლფის მოთამაშეები ხშირ შესვენებებს იწყობენ იმისათვის, რომ ეს სილამაზე მთლიანად შეისრუტონ. ქვიშიანი პლაჟები და მათი უშუალო მოსაზღვრე სანაპირო წყლები სრულიად გაუდაბურებულია, სამაგიეროდ, უამრავი კუ მიმოფანტულა ირგვლივ.

ეს მდგომარეობა შეიცვლება, თუ ამჟამად განხილვის პროცესში მყოფი პროექტების განხორციელება დაიწყება. ელისონის მიერ დაქირავებული მკვლევარები წყლის გამამტკნარებელი ქარხნის პროექტზე მუშაობენ, რომელიც ითვალისწინებს სუფთა წყლის სატუმბი სიმძლავრის გაზრდას ამჟამად არსებული 2,5 მილიონი გალონიდან 10 მილიონ გალონამდე დღეში; რეკონსტრუქცია უტარდება ორ სასტუმროს: Resort Lana’i -ს – მანელე-ბეიში და Lodge-ს – კოელეში. ისინი წელიწადის ოთხი სეზონის განმავლობაში მიიღებენ დამსვენებლებსა და ტურისტებს. ასევე განიხილება მესამე ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობა.

ეს მხოლოდ დასაწყისია. იგეგმება პატარა, კომპაქტური, 1930-იანი წლების ეპოქის დროინდელი, კაშკაშა ფერებში გადაწყვეტილი პლანტატორული სტილის კოტეჯებით დამშვენებული, ლანა’ი-სიტის გაფართოება და საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება. ელისონის მიერ ლანა’ის მთავარი საჰაერო ხაზების Island Air-ის შეძენის კვალდაკვალ, ახალი ასაფრენი ბილიკისა და აეროპორტის ნაგებობების მშენებლობა დაიწყო კონტინენტიდან პირველი, პირდაპირი ფრენების მისაღებად. მიმდინარეობს მრავალმხრივი, გეგმაზომიერი მუშაობა, რაც ითვალისწინებს სამრეწველო დარგების განვითარებას, მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების სპექტრის გაფართოებას, ელექტრული ავტომობილების შემოყვანას და, საბოლოოდ, მოსახლეობის დაახლოებით 6 000 კაცამდე გაზრდას.

გასაკვირი არაა, რომ მოსახლეობა სხვადასხვანაირად ხვდება დაგეგმილ ცვლილებებს. ბევრი კუნძულის კოლორიტული ხასიათის შენარჩუნებაზე ზრუნავს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “ერთმა ჩემმა მეგობარმა ახლახან მითხრა, რომ როდესაც წმინდა ადგილების მოსანახულებლად მიდის, სულ იმაზე ფიქრობს, როგორ იგრძნობს თავს, როდესაც იქ ისეთი ნიშნები დახვდება, რომლებიც იქ მისვლას აუკრძალავენ. ბრენდინგის სპეციალისტები უკვე ესტუმრნენ აქაურობას და კითხვები დასვეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა “გაყიდონ” კუნძული. ეს ძალიან უსიამოვნო გრძნობას გვიტოვებს”.

მაგრამ კუნძულელებმა იცოდნენ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. მარდოკის რეჟიმის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კუნძულის ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა. 1990-იანი წლების დასაწყისში მარდოკმა ანანასის პლანტაციები საზღვარგარეთ გადაიტანა, აქცენტი კი ტურიზმისკენ მიმართა, გახსნა რა ზღვასთან ახლოს, კუნძულის ყველაზე ამაღალებულ და გრილ ადგილას ორი სასტუმრო, – Manele Bay და ინგლისური, სანადირო სტილის Lodge at. კუნძულზე იყო კიდევ ერთი, საკმაოდ სადა სასატუმრო, 11-ნომრიანი Hotel Lana’i, რომელიც დოულის მენეჯერებისთვის აეშენებინათ 1923 წელს. მაგრამ ეს შენობებიც და მათთან ერთად კუნძულის სიცოცხლისუნარიანობაც ნელ-ნელა დეგრადაციას განიცდიდა.

“დასაწყისში მარდოკს წარმოუდგენლად კარგი ხედვა ჰქონდა”, – ამბობს მერი ჩარლზი, რომელსაც იჯარით აქვს აღებული სასტუმრო Hotel Lana’i, – მაგრამ 2008 წელს მსოფლიო კრიზისმა მოიცვა; ის უამრავ ფულს კარგავდა [როგორც ვარაუდობენ, 20 მილიონიდან 30 მილიონ დოლარამდე წელიწადში], რამაც ამ კუნძულისადმი ინტერესი დააკარგვინა. მოსახლეობა მცირდებოდა, კომპანიები იხურებოდა, მომსახურება სასტუმროებსა და ადგილობრივ თემში ჭიანურდებოდა. მზად ვიყავით თავი დამარცხებულად გვეცნო”. მარდოკს, რომელმაც ამ სტატიისთვის ინტერვიუზე უარი გვითხრა, კუნძულისთვის შემოსავლის მიღების ახალი გეგმა ჰქონდა – ქარის წისქვილების ფერმის აშენება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ელექტროენერგია მიეყიდოს ჰავაის მთავარ კუნძულს, ოაჰუს. კუნძულელების უმეტესობა ამ გეგმის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. ეს კარგად ჩანდა იმ წარწერებში, რომლებიც წინა ეზოებში გამოეკრათ: “არც ერთი ქარის წისქვილი ლანა’იზე. მაგრამ წინააღმდეგობა ერთსულოვანი არ იყო და ქარის წისქვილების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის განხეთქილებამ შუაზე გახლიჩა ერთ დროს მჭიდროდ შეკრული საზოგადოება.

“გვქონდა ტრანსპარანტები, გვყავდა მომიტინგეები, ყველაფერმა ძალიან მახინჯი სახე მიიღო, – განმარტავს ალბერტა დე ჯეთლი, ყოველთვიური გაზეთის, Lana’i Today-ის გამომცემელი. – კამათი უკვე არარაციონალური ხდებოდა. ხალხი იმ ფაქტს კი ვერ აცნობიერებდა, რომ ელექტროენერგია ოაჰუზე წავიდოდა, არამედ მხოლოდ იმას, რომ ჩვენ მოგება დაგვრჩებოდა”.

როდესაც აშკარა გახდა, რომ ეკონომიკური განვითარების ამ გეგმისთვის გზა დაკეტილი იყო, მარდოკმა მისი კუთვნილი წილის გაყიდვა გადაწყვიტა. უმალ გავარდა ხმები პოტენციური მყიდველების შესახებ, მათ შორის ხშირად იხსენიებდნენ ბილ გეიტსს, რომელმაც 1994 წელს, საკუთარი ქორწილისთვის, Lana’i’-ის ყველა სასტუმრო ნომერი და მისი ავიაკომპანიის ყველა ადგილი დაჯავშნა. ასევე მოიხსენიებდნენ ჩინელ და რუს დეველოპერებს. უცხოელი დეველოპერების მიერ კუნძულის ყიდვის პერსპექტივით შეშინებული მოსახლეობა ეიფორიით შეხვდა ელისონის მყიდველად დასახელებას. “ლარი ელისონი ღმერთმა გამოგვიგზავნა, – ამბობს დე ჯეთლი. – მას საკმარისი ფული აქვს იმისათვის, რომ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს კუნძულის განვითარება და დაგვეხმაროს მდგრადი ეკონომიკის შექმნაში”.

მაგრამ კუნძულის გაცნობის პროცესში ელისონისთვის რამდენიმე რთული მომენტი გამოიკვეთა. ახალი ამბავი მისი გეგმების შესახებ პირველად CNBC-ის ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუდან გავრცელდა. “ამბობდნენ, რომ, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე, კუნძულის ლაბორატორიად გამოყენებას აპირებდა, – აღნიშნავს რობინ კეიე კუნძულის საადვოკატო ჯგუფიდან Friends of Lana’i-დან. – ჩვენ ამ კუნძულზე ვცხოვრობთ. ჩვენ საკვლევი ცხოველები არ ვართ. მესმის, რისი თქმა უნდოდა მას, მაგრამ მაინც…”

როგორც ჩანს, ელისონი იმას გულისხმობდა, რომ მას ეკონომიკური მდგრადობის მსოფლიო კლასის მოდელის შექმნა ეწადა მის კუთვნილ კუნძულზე. “მან ლანა’ის კუნძულში დაინახა იმ საუბარში ჩაბმის შესაძლებლობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს – საკვებთან, უსაფრთხოებასთან, ენერგომდგრადობასთან დაკავშირებით – და არა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა და უბრალოდ ფონდის შექმნა”, – განმარტავს ლანა’ის მკვიდრი კურტ მაცუმოტო, რომელიც სასტუმროების მმართველი იყო მარდოკის მესაკუთრეობის დროს და ამჟამად ელისონის მართვის კომპანიის, Pulama-Lana’i-ის მთავარი ოპერატიული დირექტორია. Pulama “სათუთად მოვლას” ნიშნავს, რაც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ეშმაკური მესიჯია და იმას გულისხმობს, რომ ელისონი იმედოვნებს, მისი ძალისხმევა კი არ დაანგრევს კუნძულს, არამედ გააძლიერებს მას.

“ის მაღალ შეფასებას აძლევს კუნძულის ბუნებრივ სილამაზეს, – ამბობს მაცუმოტო, – მაგრამ, ჩემი აზრით, მისი მთავარი მოტივაცია მდგომარეობს იმ შესაძლებლობაში, რომ მიაღწიოს წარმატებას და უკეთესობისკენ შეცვალოს კუნძულზე არსებული ცხოვრება” (პრესასთან ურთიერთობის თვალსაზრისით საყოველთაოდ მორცხვად აღიარებულმა ელისონმა უარი განაცხადა ჩვენი ჟურნალისთვის კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში მან უკვე განმარტა ლანა’ისადმი სიყვარული იმ დროის გახსენებით, როცა ჯერ კიდევ ოცი წლის ყმაწვილი იყო. მას ახსოვს სესნაზე ფრენისას როგორ გადახედავდა ხოლმე ანანასების ველებს და რა აღფრთოვანებული რჩებოდა ამ ადგილის სილამაზით. მან თქვა, რომ ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა ამ კუნძულის შეძენის სურვილი).

კუნძულის შეძენის შემდეგ ელისონმა ადგილობრივი თემის მისამართით დაუყოვნებლივ გააკეთა რამდენიმე კეთილი ნების ჟესტი: გააუმჯობესა და ხელახლა გახსნა საზოგადოებრივი საცურაო აუზი, რომელიც მარდოკმა დახურა ფულის დაზოგვის მიზნით, დააფინანსა ახალგაზრდული რეკრეაციული და საგანმანათლებლო პროგრამები, შეაკეთა შენობები ქალაქში და გააფართოვა კუნძულზე არსებული ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია, Richard’s Market–ი.

სასტუმროებში სარემონტო სამუშაოებიც მაშინვე დაიწყო. Resort Lana’i-ში, მანელე-ბეის საზოგადოებრივ ტერიტორიებზე, მარდოკის ჩინური ავეჯი და ანტიკვარული ნივთები შეცვალეს უფრო პრიალა, უფრო კოსმოპოლიტური სტილის ნეიტრალური ფერის ავეჯით და უფრო ღია არქიტექტურით, რომლიდანაც იხსნება ხედები ყურეზე და მასში მოცურავე მხიარულ დელფინებსა და ვეშაპებზე. განაახლეს რესტორნებიც, რადგან ელისონმა კუნძულზე Nobu-ს ფილიალი შეიტყუა, რომელიც 2012 წლის დეკემბერში მისი საშობაო ვიზიტისთვის გაიხსნა.

მანელე-ბეიში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი შეკრების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს იყო ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, რომელიც Pulama Lana’i-ის მთავარმა ოპერატიულმა დირექტორმა, მაცუმოტომ მოაწყო. ამ შეკრების მონაწილეები წრეში შეჯგუფებულ სკამებზე ისხდნენ. დისკუსიას უძღვებოდა თავაზიანი ლინ მაკრორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. იგი თავს ევლებოდა საზოგადოების წევრებს და სთხოვდა, რომ გაესინჯათ, ან სახლში წაეღოთ მათ გასამასპინძლებლად მოტანილი გამომცხვარი პროდუქტების დიდი მარაგი. იქ შეკრებილი ორმოცი მონაწილის მიერ დასმული შეკითხვები ფართო სპექტრს მოიცავდა: სად იცხოვრებდნენ მშენებელი მუშები, რომელი მაღაზიები გაიხსნებოდა მანელე-ბეიში (ნახსენებ სახელებს შორის იყო Burberry და Jimmy Choo).

კუნძულის მცხოვრებთა უმეტესობა გულითადად იწონებს ამ შეხვედრებს და ელისონის მართვის კომპანიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მაცუმოტოს არჩევას. “კურტმა იცის, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია, როგორ ჭრის ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ პრობლემებს”, – ამბობს ბუჩ ჯიმა, საზოგადოების საადვოკატო ჯგუფის, Lana’ians for Sensible Growth-ის (“ლანა’იელები გონივრული განვითარებისთვის”) პრეზიდენტი. “მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, რომ მულტინაციონალურ კორპორაციას გონივრული შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდა და ადგილობრივი კადრი შეარჩია”.

მაგრამ ყველა როდი დაამშვიდა შეკრებაზე ჩატარებულმა დისკუსიამ. Coalition for a Drug Free Lana’i-ის (“ლანა’ი ნარკოტიკების გარეშე კოალიცია”) დირექტორი ჯოელე აოკი ამბობს, რომ ის მადლობელია პოზიტიური ცვლილებებისთვის. “მაგრამ ყოველთვის, როცა კი ასეთი შეხვედრებიდან გამოვდივარ, შეშფოთების გრძნობა მეუფლება. ძალიან ვღელავ იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ლანა’ის საზოგადოება აქამდე არსებული ცხოვრების წესის შენარჩუნებას. რა იქნება, თუ შუა გზაზე ის კუნძულის გაყიდვას გადაწყვეტს?”

კურტ მაცუმოტო დაჟინებით ამტკიცებს, რომ ელისონს გრძელვადიანი ინტერესი აქვს და რომ მოსახლეობის ზრდა ორგანული, თანდათანობითი პროგრესიის მსგავსი პროცესი იქნება. ის განმარტავს, რომ მნიშვნელოვანი დაფინანსების ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემუშავებული პროექტი მაშინვე განხორციელდება.

ასე რომ, წლები გაივლის მანამ, სანამ ნათელი გახდება, იქცევა თუ არა ლანა’ი იმ სამოთხედ, რომელსაც ელისონი წარმოიდგენს. ერთი რამ ცხადია, საზოგადოება ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებს. “ჩემი აზრით, ამ წუთას მოსახლეობაში ფრთხილი ოპტიმიზმის განწყობა სუფევს, – აცხადებს რობინ კეი. – ეს კი 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავს თავდაპირველი პოზიციიდან, რომელშიც მხოლოდ სასოწარკვეთილება არსებობდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *