თეთრი სახლი: უკრაინისათვის დასახმარებლად სახსრები იწურება

თეთრი სახლი: უკრაინისათვის დასახმარებლად სახსრები იწურება

თეთრი სახლის ბიუჯეტირების დირექტორის, შალანდა იანგის მიერ რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სხვა კონგრესმენებისათვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად აშშ-ის საკმარისი დრო და ფული ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს $106 მილიარდის ღირებულების გეგმის დამტკიცება მოსთხოვა, რაც უკრაინისა და ისრაელისათვის დახმარების გადაცემასა და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების განმტკიცებას ითვალისწინებდა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მცირე, თუმცა მაინც უმეტესობით რესპუბლიკელი კონგრესმენები დომინირებენ. უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხი კი უკანასკნელი თვეებია, დიდი დებატების საგანია. თეთრი სახლის ბიუჯეტირების დირექტორის, შალანდა იანგის წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის დაფინანსებისა და მისთვის იარაღის გადაცემის ტემპების შემცირება რუსეთის გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: კონგრესის პროაქტიული ქმედების გარეშე, წლის ბოლოსთვის უკრაინისათვის გადასაცემი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვის რესურსი გამოგველევა. ჩვენ აღარ გვაქვს ფული – და თითქმის აღარ გვაქვს დრო,“ – ვკითხულობთ შალანდა იანგის წერილში.