ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia-ს პირველ მთავარ ტექნიკურ ოფიცერს (CTO) აქციები სრულად რომ შეენარჩუნებინა, დღეს ამერიკაში მე-16 ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნებოდა. თუმცა კერტის პრიმმა წლების წინ აქციათა გაყიდვა და მისი ქონების უდიდესი ნაწილის საკუთარი ალმა მატერის, „რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტისთვის“ (RPI) გადაცემა გადაწყვიტა. მხოლოდ 2003-2008 წლებში, 64 წლის პრიმმა ინსტიტუტისთვის $40 მილიონი გაიღო.
თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია „რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტისთვის“ გაღებული შემოწირულებების სერიიდან. ბოლო ცნობებით, პრიმი ალმა მატერს ეხმარება, გახდეს მსოფლიოში პირველი უნივერსიტეტი, სადაც IBM Quantum System One-ის კომპიუტერი განთავსდება. სავარაუდოდ, გამოთვლითი ცენტრი მომავალი გაზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და RPI-სა და მიმდებარე ტერიტორიას წამყვანი ტალანტების მოზიდვაში დაეხმარება. 2001 წლიდან პრიმმა RPI-ს ამ პერიოდში მის მიერ გაღებული ქველმოქმედების 40% – $275 მილიონი გადასცა, $80 მილიონს კი დაჰპირდა. საჯაროდ ცნობილი დონაციის მხოლოდ ნახევარი გახდა.
თავად პრიმი გამომგონებელია, 200-მდე პატენტს ფლობს, 1980-იანი წლების დასაწყისში, პერსონალური კომპიუტერებისთვის პირველი გრაფიკული პროცესორის შექმნაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. შემდგომ Nvidia-ს თანადამაარსებელი იყო და კომპანიის პირველ, მთავარ ტექნიკურ ოფიცრად ათწლეული მსახურობდა. 1999 წელს, Nvidia-ს აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ, მის მფლობელობაში არსებულ აქციათა დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდს გადასცა, რადგან ჩათვალა, რომ ზედმეტად დიდი თანხა იყო შესანახად. რამდენიმე წელიწადში კომპანიაც დატოვა და დარჩენილი აქციებიც გაყიდა.
წილის სრულად შენარჩუნების შემთხვევაში, მისი ქონება ამჟამად $70 მილიარდად იქნებოდა შეფასებული, თუმცა, Forbes-ის მონაცემებით, ახლა მხოლოდ $30 მილიონამდეა. პრიმის ქონება მოიცავს $6-მილიონიან სახლს კალიფორნიაში, სადაც ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს, არასაიმედო მობილური კავშირით, და წერს ამბიციურ მანიფესტებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მსოფლიო პრობლემები, მაგალითად, „დედამიწის (თუმცა არცერთი არ გამოუქვეყნებია) და უმეტესად, ელ.ფოსტის უნიკალური მისამართების საშუალებით ამყარებს კომუნიკაციას.
პრიმი 2021 წელს ნაყიდ Gulfstream G450-ის კერძო თვითმფრინავსაც ფლობს, სახელად – Snoopy-ის, რომელსაც წელიწადში ოთხჯერ RPI-ზე გადასაფრენად იყენებს. მიუხედავად ამისა, NY-სთან ინტერვიუში ერთხელ აღიარა, რომ ისურვებდა Nvidia-ს (რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო მონაცემებით დაახლოებით $1.2 ტრილიონს უტოლდება) აქციათა ნაწილი მაინც შეენარჩუნებინა.
პრიმმა სასწავლებლად „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს“ რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტი არჩია, ნაწილობრივ იმის გამო, უნივერსიტეტი მეტად დახვეწილ IBM-კომპიუტერს ფლობდა, რომლის გამოყენებაც სურდა. RPI ელექტრო- და კომპიუტერული ინჟინერიის დიპლომით 1982 წელს დაასრულა, შემდგომ კი ინჟინრად მუშაობდა PC-კომპანია Vermont Microsystems-ში, GenRad-სა და, ბოლოს, შვიდი წლის განმავლობაში Sun Microsystems-ში მუშაობდა.
Nvidia-ს შექმნის იდეა 1993 წელს გაჩნდა. უფრო დახვეწილი ჩიპების შექმნას პრიმი Sun Microsystems-ში მის კოლეგა კრის მალაჩოვსკისა და მათ მეგობარ ჯენსენ ჰუანგთან ერთად განიხილავდა. საწყის ეტაპზე კომპანიაში მის როლს პრიმი „არქიტექტორობას“ უწოდებს, რომელიც ქმნის ძირითად გეგმას და ინჟინრებს ჩიპებისთვის ალგორითმების შესაქმნელად აწვდის.
1999 წელი Nvidia-სთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯერ IPO $1.1-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, შემდგომ კი გრაფიკული დამუშავების ერთეულიც (GPU) წარადგინა, რომელიც თავდაპირველად ვიდეორედაქტორებისა და თამაშებისთვის გამოიყენებოდა, საბოლოოდ კი კომპიუტერული ინდუსტრია შეცვალა. ამავე წელს შეიქმნა Priem Family Foundation-ი, სადაც პრიმმა Nvidia-ში მისი 12.8%-იანი წილის (IPO-ზე) სამ მეოთხედზე მეტი – დაახლოებით 100 მილიონი აქცია განათავსა.
აქციების ქველმოქმედებისთვის მოხმარების გადაწყვეტილების ახსნისას განაცხადა, რომ აქციათა გაყიდვის შემთხვევაში არ სურდა, გადასახადების სახით დიდი თანხა მთავრობისთვის გადაეცა. თავდაპირველად შემოწირულებები რამდენიმე მიზნისთვის, მათ შორის The Nature Conservancy-სა და Monterey Bay Aquarium-ის გაიღო, შემდგომ კი უფრო მეტად განათლებაზე ორიენტირდა.
პრიმის საოჯახო ფონდი ამჟამად $160 მილიონის აქტივებს ფლობს, თუმცა ალმა მატერისთვის ახალი ინიციატივების, მათ შორის IBM Quantum System One-ის გადაცემის, გათვალისწინებით, ალბათ 2031 წლისთვის დაიშლება. პრიმის შეფასებით კი, შესაძლოა უფრო ადრეც, რადგან დაფინანსებების შეჩერებას არ გეგმავს.