საკრუიზო მოგზაურობები მომავალ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს

საკრუიზო მოგზაურობები მომავალ წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს

აშშ-ის საკრუიზო ოპერატორებისა და ტურისტული აგენტების შეფასებით, მომავალ წელს მოგზაურები საკრუიზო მოგზაურობებზე რეკორდული მოცულობის თანხებს დახარჯავენ – იმაზე მეტს, ვიდრე COVID-19-ის პანდემიამდე. 2024 წელს საზღვაო მოგზაურობის პოპულარობის ზრდაზე კი, სახმელეთო ალტერნატივებთან შედარებით, მისი დაბალი ღირებულება ახდენს გავლენას.

თუმცა, კრუიზების დატვირთულობის პანდემიამდელ დონემდე დაბრუნებასთან ერთად, ოპერატორები უახლოეს თვეებში ფასების ზრდასაც გეგმავენ. საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის (CLIA) თანახმად, 2024 წელს, ზღვით დაახლოებით 35.7 მილიონი ადამიანი იმგზავრებს, 2023 წელს მათი რაოდენობა 31.5 მილიონს აღწევდა – 6%-ით მეტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

Truist Securities-ის ანალიტიკოს პატრიკ სქოულის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გადადებული და გაუქმებული მოგზაურობების მიუხედავადაც კი, 2024 წელს, საკრუიზო ჯავშნების რაოდენობა რეკორდულ დონეს მიაღწევს. ისრაელში 7 ოქტომბრის თავდასხმებამდე, ინდუსტრიის მასშტაბით 2024 წლის ჯავშნების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელზე 25%-ით მაღალი იყო. ხოლო 2024 წლის ნოემბრის ჯავშნები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 20%-ით აღემატებოდა.

თუმცა ჯავშნების რაოდენობის ზრდა შესაძლოა თავად საკრუიზო გემების არასაკმარისმა ტევადობამ (რა რაოდენობის სტუმრებს იტევს გემი) შეაფერხოს. მაგალითად, Carnival-ის შეფასებით, 2023 წელს მათი კრუიზების ტევადობის 5%-ით ზრდის მიუხედავადაც, შესაძლოა 2024 წელს არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მაინც ვერ შეძლონ.

შედარებით მცირე ზომის ოპერატორების, მათ შორის SeaDream Yacht Club-ის განცხადებით კი, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანია უკვე 2026 წლის ოქტომბრისთვის იღებს მოგზაურობების ჯავშნებს.