მასკის ახალი AI-სტარტაპი $1 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

მასკის ახალი AI-სტარტაპი $1 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ახალი AI-სტარტაპი აქციების გაყიდვით $1 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ფირმა xAI-ის განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას უკვე წარედგინა, მილიარდერის კომპანიამ კი ამ დრომდე $134.7 მილიონის ინვესტიციები მიიღო.

ე.წ. „ფანდრაიზინგი“ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის კომპანიებში საკმაოდ პოპულარული გახდა და ეფექტიან მიდგომადაც ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით კი გასულ წელს OpenAI-ის მიერ ChatGPT-ის გაშვების შემდგომ, რომელმაც Microsoft-სგან $10 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა. ცნობისთვის, OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ილონ მასკია, თუმცა მილიარდერმა საბჭო 2018 წელს დატოვა.

უსაფრთხო ხელოვნური ინტელექტის შექმნის გეგმებზე კი მასკი დაუფარავად საუბრობს. როგორც მილიარდერმა წლის დასაწყისში, Twitter Spaces-ის ღონისძიებაზე განაცხადა, მის AI-ში, „მორალის პირდაპირი ფორმით დაპროგრამების“ ნაცვლად, xAI მაქსიმალურად ცნობისმოყვარე ხელოვნური ინტელექტის შექმნას შეეცდება. გასულ თვეში, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.

მასკის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ცალკე აპლიკაციად იქნება წარმოდგენილი, თუმცა ამასთან ერთად ინტეგრირებული იქნება მის სოციალურ მედიაპლატფორმა X-შიც. მილიარდერის ფირმა DeepMind-ის, OpenAI-ისა და სხვა წამყვანი AI-კვლევითი ფირმების ყოფილ თანამშრომლებს აერთიანებს.