Google-მა საქართველოში პირველი პარტნიორი შეიძინა. „საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დიდი ხანია ევროპულ მაუწყებელთა კავშირის წევრია და სწორედ ამ ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა გადამწყვეტი, ჩვენი და Google-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, რადგან მანამდე საქართველოსთან თანამშრომლობა Google-სთვის პრიორიტეტული არ იყო. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ძალიან ბევრ უპირატესობას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს. თავად ის ფაქტი, რომ მსგავსი რამ მოხდა საქართველოში და მედიასივრციდან ვართ ერთადერთი, რომელმაც გააფორმა ასეთი ხელშეკრულება, ვფიქრობ, უკვე დიდი მიღწევაა”, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი.
Google-თან პარტნიორობა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ორი რამის გამოა სასარგებლო – საავტორო უფლებების დაცვისა და უპირატესობის გამო საძიებო სისტემებში. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდების ტექნიკური პროდუსერი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს – ეს თანამშრომლობა არის გარანტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქცია საავტორო უფლებების თვალსაზრისით უფრო მეტად დაცული იქნება ინტერნეტ სივრცეში.
„მას შემდეგ, რაც Google-მა შეიძინა Youtube, გახდა აბსოლუტური ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. ჩვენი თანამშრომლობა Google-თან საშუალებას გვაძლევს განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია და, ჩვეულებრივი მომხმარებლის ფორმატისგან განსხვავებით, ის დაცულია საავტორო უფლებებით. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენს ვიდეოს გადმოწერს და შეუთანხმებლად ატვირთავს თავის Youtube არხზე, Google თავად დასჯის. სანქცია ამ შემთხვევაში არის ვიდეოს წაშლა და თუ ქმედება განმეორდა მისი არხის დაბლოკვა”, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
რაც შეეხება პრიორიტეტულობას საძიებო სისტემაში, თიკო ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარტნიორობის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი გადაცემა უფრო ადვილად იძებნება, ვიდრე ისეთი კონტენტი, რომელსაც არაპარტნიორი მაუწყებელი ან მედიასაშუალება ათავსებს.
„ვინაიდან Google თანამშრომლობს ჩვენთან, საძიებო სისტემაში ნებისმიერი სიტყვის ჩაწერისას პრიორიტეტი ჩვენს გადაცემებს ენიჭება, საინფორმაციო იქნება თუ სხვა ტიპის. ანუ, ჩვენი მოძებნა უფრო ადვილია. ძიების რეზულტატებში ხშირად პირველი წყარო ვართ”, – დასძენს ირაკლი ჭეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ Google-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პარტნიორობა არანაირ გადასახადს არ გულისხმობს, უფასოა. როგორც თიკო ბერძენიშვილი ამბობს, პირიქით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სიმბოლურ შემოსავალსაც კი იღებს ამ პარტნიორობის შედეგად.
„ეს ბევრი არ არის, მაგრამ მაინც. Google ჩვენს კონტენტთან ათავსებს რეკლამას კონტრაქტის საფუძველზე და თითოეულ იუზერზე, რომელიც შედის და ნახულობს ვიდეოს, გარკვეული თანხა მოდის. ეს, რა თქმა უნდა სიმბოლურია, საუბარია რამდენიმე ათასზე, შესაბამისად, ამ თანხას ისევ უკან, რეკლამაში ვატრიალებთ”, – ამბობს თიკო ბერძენიშვილი.
ამ შემთხვევაში, რეკლამიდან მიღებული შემოსავალია პარტნიორობით Google-ის დაინტერესების მიზეზიც. ცხადია, ყოველი განთავსებული რეკლამიდან შემოსავალს ინტერნეტგიგანტიც იღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის სარგებელი უფრო სხვა ტიპის, არა ფინანსური შემოსავალია. ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ პარტნიორობის შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე შემომსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 30-40%-ით გაიზარდა და მუდმივად ზრდას განაგრძობს.
„ჩვენს Youtube არხზე, youtube.com/user/georgianpb, განთავსებულია „პირველი არხისა” და „მეორე არხის”, ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს ვიდეოები, ასევე არის თქვი.ჯი-ს პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი გეგმები გვაქვს”, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ Youtube არხის სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი საავტორო მასალის მიწოდებით ქართულ მედიაში პირველ ადგილს იკავებს.
„რომ აიღო რამდენიმე ზეპოპულარული საიტი, რომლებსაც ყველაზე მეტი ნახვები აქვთ საქართველოში, ისინი 90-99%-ით მეკობრეული ნაწარმზე არიან დამოკიდებულნი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი ლიცენზიისა და თუნდაც ტელევიზიებთან შეთანხმების გარეშე ავრცელებენ არასაავტორო კონტენტს. რაღაც ეტაპზე მათ აუცილებლად შეექმნებათ გარკვეული ტიპის პრობლემა ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიო კანონმდებლობიდან გამომდინარე და ჩვენ, ვინც ყოველთვის ვიცავდით საავტორო უფლებებს, თავისთავად ცხადია, მოწინავე პოზიციაზე აღმოვჩნდებით ჩვენი სწორი მიდგომის გამო”, – დასძენს ირაკლი ჭეიშვილი.
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიიჩნევენ, რომ ეს ინსტიტუტი უნდა იყოს გარკვეული სტანდარტების დამდგენი და ამიტომაც, ყოველთვის ცდილობენ ყველაფერი, რითაც არხის სარგებლობს ან რასაც აკეთებს, ლიცენზირებულად ხდებოდეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დანერგოს ლიცენზირებულობის სტანდარტი და იმედი აქვთ, მათ სხვა მედიასაშუალებებიც მიბაძავენ.
„ადრე თუ გვიან საქართველოში უნდა მივეჩვიოთ ყველაფრის ლიცენზირებული გზით მოხმარებას. როცა გვეკითხებიან, მაინც რითია განსაკუთრებული ეს თანამშრომლობა Google-თან, ვპასუხობთ, რომ, სულ მცირე, ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ ლიცენზირებული მომხმარებელი და, როგორც მინიმუმ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა 1000-კაციანი გუნდი ლიცენზირებულად სარგებლობს Google-ის მომსახურებით”, – ამბობს თიკო ბერძენიშვილი.
დატოვე კომენტარი